1. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების გამოცემა:
ა) მოთხოვნად პროფესიათა ჩამონათვალის დამტკიცება (რეგიონების შესაბამისად), რომლის მიხედვითაც მოხდება სამუშაოს მაძიებელთა პროფესიული მომზადება ან/და პროფესიული გადამზადება დადგენილების ამოქმედებიდან – 15 სამუშაო დღეში და დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის წარდგენა;
ბ) ღონისძიების დაფინანსების წესით განსაზღვრული ვაუჩერებისა და საგზურის ფორმების დამტკიცება, დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
გ) ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიღების მსურველი სამუშაოს მაძიებლის განაცხადისა და მომსახურების მიღების პირობებზე შეთანხმების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
დ) ღონისძიების მიმწოდებლად რეგისტრირების მსურველი პირის დადასტურებისა და სტაჟირების მიმწოდებელი დამსაქმებლის რეგისტრირების დროს წარსადგენი დოკუმენტების ნუსხის შესახებ განაცხადის ფორმის შემუშავება და დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში და მისი დამტკიცებიდან 5 კალენდარულ დღეში საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროსთვის მიწოდება;
ე) მომსახურების მიწოდებაზე, მიმწოდებლად რეგისტრირებულ პირსა და სააგენტოს შორის ხელშეკრულების ფორმის დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 10 სამუშაო დღეში;
ვ) ღონისძიების მიმდინარეობის მეთვალყურეობისა და მონიტორინგის პროცედურებისა და ამ პროცედურების განხორციელებისათვის სპეციალური ფორმების დამტკიცება დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღეში;
ზ) ღონისძიების ეფექტური განხორციელების მიზნით, უწყებათაშორისი კომისიის შექმნა დადგენილების ამოქმედებიდან 15 სამუშაო დღის ვადაში.
2. ღონისძიებით გათვალისწინებული მომსახურების მიწოდების ზოგადი ღონისძიებების განსაზღვრა:
ა) პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების მსურველი სამუშაოს მაძიებლების გამოვლენა;
ბ) სააგენტოს მიერ მოძიებულ ვაკანტურ ან/და პერსპექტიულ სამუშაო ადგილებზე სტაჟირების უზრუნველსაყოფად შესაბამის დამსაქმებლებთან მოლაპარაკებების წარმოება;
გ) მიზნობრივი ჯგუფების ღონისძიებაში ჩართვის მიზნით სხვადასხვა სახელმწიფო უწყებებთან თანამშრომლობის განვითარება;
დ) ღონისძიების შესახებ მოსახლეობის ინფორმირების მიზნით აუცილებელი აქტივობების გატარება.
3. სააგენტო აცნობს სამუშაოს მაძიებელს ღონისძიებების პირობებს, ამ ღონისძიებით სარგებლობის წესებსა და პროცედურებს, ასევე აწვდის მას ზოგად ინფორმაციას სააგენტოს სხვა ღონისძიებების შესახებ.
4. სააგენტო განიხილავს სამუშაოს მაძიებლის ღონისძიებით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან შესაბამისობას, რისი დადგენის მიზნით, შესაძლებელია გამოიყენოს სააგენტოში რეგისტრირებული სამუშაოს მაძიებლების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სოციალური მომსახურების სააგენტოს ხელთ არსებული სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზა და საჯარო სამართლის იურიდიული პირის – შემოსავლების სამსახურის მიერ მოწოდებული მონაცემები და მიიღოს გადაწყვეტილება სამუშაოს მაძიებლის ღონისძიების მოსარგებლედ რეგისტრაციის თაობაზე.
5. მოსარგებლეს ეძლევა საშუალება, შეარჩიოს მიმწოდებელი და იმ შემთხვევაში, თუ წარმოიშვა მიმწოდებელთან მიღების რაოდენობის შეზღუდვა ან/და მინიმალური ჯგუფის შევსების პრობლემა, სააგენტო ეხმარება მოსარგებლეს ალტერნატიული მიმწოდებლის შერჩევაში.
6. შერჩეულ სამუშაოს მაძიებელთან ფორმდება შეთანხმება, რის შემდეგაც სააგენტო გადასცემს მას ქვეპროგრამით გათვალისწინებულ ვაუჩერს, რომელშიც მითითებული იქნება მოსარგებლისა და მიმწოდებლის საიდენტიფიკაციო მონაცემები, მომსახურების ღირებულება, სასწავლო პროგრამის დასახელება და ხანგრძლივობა, ვაუჩერის გაცემის თარიღი და მისი მიმწოდებლისთვის წარდგენის ვადა.
7. მოსარგებლეებს აქვთ საშუალება პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების ღონისძიებაში ჩაერთონ სააგენტოს მიერ დაკომპლექტებულ ჯგუფში.
8. მოსარგებლეთა ჯგუფის რეგისტრაციას განათლების მართვის საინფორმაციო სისტემაში ახორციელებს უშუალოდ მიმწოდებელი, სააგენტოს მხრიდან მიწოდებული ღონისძიებაში ჩართვის მსურველთა სიის საფუძველზე. აღნიშნული სიის ფორმირება ხდება სააგენტოს მიერ, პროფესიული ორიენტაციისა და კარიერის დაგეგმვის კონსულტირების საფუძველზე.
9. სტაჟირების შემთხვევაში მოსარგებლესთან ფორმდება შეთანხმება და მას გადაეცემა საგზური.
10. მომსახურების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს ვაუჩერს მიმწოდებელს, არა უგვიანეს ვაუჩერზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი ვაუჩერი ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ.
11. სააგენტო აწარმოებს მოსარგებლესთან გაფორმებული შეთანხმებების, გაცემული, ან/და გამოყენებული ვაუჩერების (საგზურების), მიმწოდებლებისა და ღონისძიებით გათვალისწინებულ ცალკეულ პროფესიაში ნაწილობრივ ან/და სრულად მიწოდებული მომსახურების (სტაჟირების) შესახებ მონაცემთა აღრიცხვას.
12. ღონისძიების შედეგების მონიტორინგის მიზნით, სააგენტო უზრუნველყოფს მინიმუმ თვეში ერთხელ დამსაქმებლისა და მოსარგებლის გამოკითხვას, გამოკითხვის შედეგების ანალიზს, სისტემატიზაციასა და სამინისტროსთვის მიწოდებას.
13. სტაჟირების მისაღებად მოსარგებლე წარუდგენს საგზურს მიმწოდებელს, არა უგვიანეს საგზურზე მითითებული ვადისა. ამ ვადის გასვლის შემდგომ წარდგენილი საგზური ძალადაკარგულად ჩაითვლება – ის არ მიიღება მიმწოდებლის მიერ.
14. მოსარგებლე, რომელიც მომსახურების მიღების მიზნით ჩაირიცხება კონკრეტულ მიმწოდებელთან, მათ შორის სტაჟირებაზე, შესაბამის მომსახურებას (სტაჟირებას) იღებს მხოლოდ ამ მიმწოდებლისაგან.
15. მოსარგებლეს უფლება აქვს, მომსახურება (სტაჟირება) მიიღოს დამსაქმებლის მიერ მოწოდებულ ერთ ვაკანსიაზე.
16. ღონისძიების მოსარგებლის უფლებები და ვალდებულებები აისახება სააგენტოსა და მოსარგებლეს შორის გაფორმებულ შეთანხმებაშ