1. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს სამსახურს და იღებს გადაწყვეტილებებს ამ სამსახურის საქმიანობასთან დაკავშირებულ საკითხებზე;

ბ) განსაზღვრავს სამსახურის სტრუქტურას, სტრუქტურული ერთეულებისა და თანამშრომლების უფლებამოსილებებს;

გ) ამტკიცებს სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ნუსხას, შრომის ანაზღაურების წესსა და ოდენობებს, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) თანამდებობაზე ნიშნავს და თანამდებობიდან ათავისუფლებს სამსახურის თანამშრომლებს, დებს და წყვეტს შრომით ხელშეკრულებებს, იყენებს წახალისების ფორმებს და დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომებს სამსახურის თანამშრომლების მიმართ;

ე) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლისთვის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) სახელმწიფო სპეციალური წოდების მინიჭებისა და მისი სპეციალურ წოდებაში დაქვეითების წესს;

ვ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით ატარებს და იყენებს სამსახურებრივ-საშტატო იარაღს;

ზ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის (გარდა სტაჟიორ-გამომძიებლისა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირისა) მიერ ცეცხლსასროლი იარაღისა და სპეციალური საშუალებების შენახვის, ტარებისა და გამოყენების წესს.

თ) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შეიარაღებაში არსებული ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალების ნუსხას;

ი) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის თანამშრომლის საწვავით, ავტომანქანით და სხვა შეღავათით უზრუნველყოფის წესს;

კ) ადგენს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის იმ თანამშრომლის მიერ საცხოვრებელი ფართობით სარგებლობისთვის ხარჯების ანაზღაურების წესს, რომელიც სამსახურებრივ მოვალეობას თავისი მუდმივი საცხოვრებელი ადგილისგან განსხვავებულ ტერიტორიულ ერთეულში ასრულებს;

ლ) სპეციალური საგამოძიებო სამსახურის საქმიანობის ხელშეწყობისთვის ქმნის სათათბირო ორგანოებს და ადგენს მათი საქმიანობის წესს;

მ) იღებს გადაწყვეტილებას რეორგანიზაციის შესახებ;

ნ) წარმოადგენს სამსახურს სახელმწიფო ორგანოებთან, საერთაშორისო და სხვა ორგანიზაციებთან ურთიერთობაში;

ო) უზრუნველყოფს სამსახურისათვის გადაცემული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივ გამოყენებას;

პ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში, საქმის გამოსაძიებლად გადაცემის შესახებ დასაბუთებული წინადადებით, წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს;

ჟ) სამსახურის საგამოძიებო ქვემდებარეობისთვის მიკუთვნებული სისხლის სამართლის საქმეების ფარგლებში, „სპეციალური საგამოძიებო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-19 მუხლის მე-7 პუნქტით დადგენილი წესით, დასაბუთებული წინადადებით, წერილობით მიმართავს საქართველოს გენერალურ პროკურორს, იმავე მუხლის მე-6 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებზე;

რ) უზრუნველყოფს სამსახურის მიერ წინა წელს განხორციელებული საქმიანობის შესახებ ანგარიშის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საქართველოს პარლამენტისათვის წარდგენას;

ს) განსაზღვრავს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის პირველი მოადგილისა და მოადგილის ფუნქციებსა და მოვალეობებს, ასევე, საჭიროების მიხედვით, მათზე და სამსახურის სხვა თანამშრომლებზე ახდენს უფლებამოსილების დელეგირებას;

ტ) საკუთარი უფლებამოსილებების ფარგლებში გამოსცემს კანონქვემდებარე ნორმატიულ აქტს − ბრძანებას;

უ) შესაბამისი ნორმატიული აქტების საფუძველზე და მათ შესასრულებლად გამოსცემს ინდივიდუალურ სამართლებრივ აქტებს, მათ შორის, გადაწყვეტილებას, ბრძანებას, მითითებას;

ფ) სამსახურის ფუნქციების შესრულების პროცესის სრულყოფის, თანამედროვე სტანდარტების დანერგვისა და ერთგვაროვანი პრაქტიკის დამკვიდრების მიზნით, უფლებამოსილია გამოსცეს სამსახურის თანამშრომლებისათვის შესასრულებლად სავალდებულო ხასიათის ინსტრუქციები;

ქ) ახორციელებს ამ დებულებითა და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

2. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის არყოფნის, მის მიერ უფლებამოსილების განუხორციელებლობის, მისი უფლებამოსილების შეჩერების, ვადის გასვლის ან ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის უფლებამოსილებას ახორციელებს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე, ხოლო პირველი მოადგილის არყოფნის შემთხვევაში − სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოადგილე. სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის მოვალეობის შესრულების დროს სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსის პირველი მოადგილე და მოადგილე სარგებლობენ სპეციალური საგამოძიებო სამსახურის უფროსისთვის მინიჭებული უფლებამოსილებებით და სამართლებრივი გარანტიები