სხ-ის მეთაური ვალდებულია განხორციელებული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შესახებ დაუყოვნებლივ მიაწოდოს წერილობითი შეტყობინება სსიპ „სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს“ და იმ სახელმწიფოს შესაბამის უფლებამოსილ ორგანოს, რომლის ტერიტორიაზეც განხორციელდა მართლსაწინააღმდეგო ქმედება.

დანართი  1

ფრენის შესრულების სახელმძღვანელო

1. ექსპლუატანტმა უნდა შეიმუშაოს ფრენის შესრულების სახელმძღვანელო და შესათანხმებლად წარუდგინოს სააგენტოს.

2. ექსპლუატანტი მუდმივად უნდა ახორციელებდეს ფშს-ს, როგორც SMS-ს დოკუმენტაციის შემადგენელი ნაწილის  განახლებას  შესაბამის კანონმდებლობის მოთხოვნების გათვალისწინებით. ფშს-ს ცვლილებების პროექტი განსახილველად წარდგენილი უნდა იყოს სააგენტოში მინიმუმ 30 კალენდარული დღით ადრე  მისი სავარაუდო ძალაში შესვლამდე. ფრენის უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ექსპლუატანტს შეუძლია გამოსცეს ფშს-ში საგანგებო ცვლილებები, ასეთ შემთხვევაში ექსპლუატანტი დაუყოვნებლივ წარუდგენს სააგენტოს ცვლილებებს განსახილველად. სხვა შემთხვევაში, ექსპლუატანტი ვალდებულია  ფშს-ს ცვლილებები, წინასწარ წარუდგინოს სააგენტოს.

3. ექსპლუატანტის პერსონალისათვის ხელმისაწვდომი უნდა იყოს ფშს-ს ის ნაწილები, რომლებიც ეხება მათ საქმიანობას.

4. ექსპლუატანტის პერსონალი უნდა იყოს ინფორმირებული ფშს-ში შეტანილი ცვლილებების შესახებ, რომლებიც ეხება მათ საქმიანობას.

5. ეკიპაჟის ყოველ წევრს უნდა ჰქონდეს პერსონალურად ფშს-ს იმ ნაწილის ასლი, რომელიც ეხება მის საქმიანობას.

6. ფშს-ს მფლობელი იღებს პასუხისმგებლობას ამ სახელმძღვანელოში ცვლილებების შეტანაზე.

7. ექსპლუატანტმა უნდა უზრუნველყოს, რომ  ფშს-ს შინაარსი წარმოდგენილი იყოს პერსონალისათვის გასაგებ  ენაზე, იმ ნაწილში, რომელიც ეხება მათ მოვალეობას და პასუხისმგებლობას.

8. ფრენის შესრულების სახელმძღვანელო შესაძლებელია გამოიცეს ცალკეულ ნაწილებად და უნდა მოიცავდეს სულ მცირე შემდეგ ინფორმაციას:

ა) საერთო დებულებები;

ბ) ფშს მართვა და კონტროლი;

ბ.ა) გამოცემაზე და ცვლილებების შეტანაზე პასუხისმგებელ პირებს;

ბ.ბ) ცვლილებების და დამატებების აღრიცხვა, შეტანის და მოქმედების ვადის მითითებით;

ბ.გ) ხელით ჩანაწერების აკრძალვას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სასწრაფო შეტანა დაკავშირებულია ფრენის უსაფრთხოებასთან;

ბ.დ) გვერდების ან პარაგრაფების  მარკირების სისტემას, მოქმედების ვადის ჩათვლით;

ბ.ე) მოქმედი გვერდების ჩამონათვალს;

ბ.ვ) ცვლილებების მარკირებას (მაგ. ტექსტის გამუქება, ვერტიკალური ხაზი);

ბ.ზ) დროებითი ცვლილებების შეტანის წესებს;

ბ.თ) ფშს-ს, ცვლილებების და დამატებების გავრცელების სისტემას.

გ) ექსპლუატანტის ორგანიზაციულ სტრუქტურას, რომელიც მკაფიოდ აღწერს პერსონალის მოვალეობებს, პასუხისმგებლობებს და უფლებებს, ასევე მკაფიოდ განსაზღვრავს პერსონალის ფუნქციონალურ ამოცანებს და ურთიერთდაქვემდებარებას. (ინსტრუქციები რომლებშიც აღწერილია ფრენების შესრულებასთან დაკავშირებული პერსონალის მოვალეობები და პასუხისმგებლობები. საექსპლუატაციო კონტროლზე პასუხისმგებელი პირები. საექსპლუატაციო პოლიტიკა, პროცესები, სტანდარტები და პროცედურები.)

დ) ექსპლუატანტის ფრენის უსაფრთხოების უზრუნველყოფის სისტემა (SMS) იკაოს მე-19 დანართის მე-3 და მე-4 თავების შესაბამისად;

ე) საექსპლუატაციო მართვის სისტემა;

ვ) ექსპლუატირებული სხ-ების მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის (MEL) და კონფიგურაციიდან გადაცდომის ჩამონათვალის (CDL) გამოყენების პროცედურებს(ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ზ) ფრენების შესრულება ნორმალურ პირობებში;

თ) ფრენის ყველა ეტაპის სტანდარტული ექსპლუატაციის პროცედურები (SOP);

ი) მეტეოროლოგიური შეზღუდვები;

კ) საფრენოსნო და სამსახურეობრივი დროის შეზღუდვები;

ლ) ავარიული სიტუაციები ფრენის დროს;

მ) პროცედურები საავიაციო შემთხვევების და ინციდენტებისას;

ნ) პერსონალის კვალიფიკაცია და მომზადება;

ო) დოკუმენტების წარმოება და შენახვის წესები;

პ) სხ-ის ტექნიკური მომსახურების სისტემის აღწერა;

ჟ) საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის პროცედურები (როდესაც გამოიყენება);

რ) სტმ-ის შეზღუდვები;

ს) საბორტო თვითმწერების გამოყენება და შენახვა (ასეთის არსებობის შემთხვევაში);

ტ) სახიფათო ტვირთების გადაზიდვა;

უ) კოლიმატორული ინდიკატორების (HUD) გამოყენების და ვიზუალიზაციის გაფართოებული შესაძლებლობის ტექნიკური ხედვის სისტემის (EVS) გამოყენება (იმ შემთხვევაში თუ გამოიყენება).

დანართი 2

მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალი (MEL)

1. ფრენა არ უნდა შესრულდეს იმ დრომდე, სანამ ყველა სისტემა და აღჭურვილობა არ იმუშავებს სტანდარტულ რეჟიმში. დროის მოკლე მონაკვეთში შესაძლებელია ზოგიერთი გაუმართაობის დაშვება, თუ დანარჩენი სტანდარტულ რეჟიმში მომუშავე სისტემები და აღჭურვილობა შესაძლებლობას იძლევა უსაფრთხოდ გაგრძელდეს ფრენები.

2. MEL დამტკიცებული უნდა იყოს სააგენტოს მიერ. MEL-ში მითითებული უნდა იყოს იმ სისტემების და აღჭურვილობის შემადგენელი ნაწილების ჩამონათვალი, რომლის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, ფრენა არ არის აკრძალული, თუ დანარჩენი სისტემები და აღჭურვილობები არის გამართული.

3. ექსპლუატანტი ვალდებულია ყოველი თვითმფრინავისთვის შეიმუშაოს MEL, რომელიც დგება MMEL პირობებისა და შეზღუდვების შესაბამისად, და არ შეიძლება იმაზე მეტ მტყუნებასა და დაზიანებას შეიცავდეს, ვიდრე MMEL-ით არის გათვალისწინებული. MMEL-ს შეიმუშავებს სხ-ის მწარმოებელი.

4. ექსპლუატანტი ვალდებულია წარმოადგინოს სააგენტოში MEL, რომლის საფუძველზეც, სისტემების ან აღჭურვილობის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, თვითმფრინავის ექსპლუატაცია არ არის აკრძალული და ფრენის უსაფრთხოების დონე შენარჩუნებულია.

5. MEL- ის  არსებობა არ ნიშნავს იმას, რომ თვითმფრინავის ექსპლუატაცია, მწყობრიდან გამოსული სისტემებით ან აღჭურვილობით დაშვებულია განუსაზღვრელი პერიოდით. MEL-ის ძირითადი დანიშნულება არის თვითმფრინავის უსაფრთხო ექსპლუატაცია დროის გარკვეულ ვადებში, რომელიც დაფუძნებულია სარემონტო სამუშაოების და აღჭურვილობის შეცვლის პროგრამის მოთხოვნებზე.

6. ექსპლუატანტი ვალდებულია არ დაუშვას სხ საექსპლუატაციოდ MEL-ში მითითებული აღჭურვილობის მრავალი კომპონენტის მწყობრიდან გამოსვლის შემთხვევაში, სანამ არ დადგინდება, რომ ამ სისტემების გაუმართაობა არ დააქვეითებს ფრენის უსაფრთხოებას ან გადაჭარბებულად გაზრდის ეკიპაჟის დატვირთვას.

7. ფრენის უსაფრთხოების დონის განსაზღვრისას გათვალისწინებული უნდა იყოს დამატებით მტყუნების ალბათობა, როდესაც მწყობრიდან გამოსულია სისტემები ან აღჭურვილობა. მინიმალური აღჭურვილობის ჩამონათვალის შედგენის დროს არ შეიძლება ფრენის სახელმძღვანელოს ნაწილში გათვალისწინებული მოთხოვნებიდან გადახრა, რომლებიც ეხება თვითმფრინავის შეზღუდვებს და ავარიულ სიტუაციებში მოქმედებებს ან საფრენად ვარგისობის სხვა მოთხოვნებს.

8. მოცემული ფრენისათვის მწყობრიდან გამოსულად მიჩნეული სისტემები ან აღჭურვილობა, აუცილებლობის შემთხვევაში მარკირებული უნდა იყოს შესაბამისი წარწერებით და შეტანილი ტექნიკურ ჟურნალში, საფრენოსნო ეკიპაჟის და ტექნიკური პერსონალის გაფრთხილების მიზნით.

9. მწყობრიდან გამოსულ კონკრეტულ სისტემას ან აღჭურვილობას, ფრენის წინ შეიძლება დასჭირდეს ტექნიკური მომსახურების თანამიმდევრობა ამ სისტემის გათიშვის ან იზოლირების მიზნით. შესაძლებელია შემუშავდეს საფრენოსნო ეკიპაჟის ქმედების წესები.

10. ხომალდის მეთაურის პასუხისმგებლობები MEL-ით გათვალისწინებული ხარვეზებით თვითმფრინავის გასაფრენად მიღებისას მითითებულია ამ წესების 32-ე მუხლის პირველ პუნქტში.

დანართი 3

სპეციალური ნებართვის გაცემ