1. მთავრობისა და მთავრობის თავმჯდომარის მიერ მისი კომპეტენციის ფარგლებში გაცემული დავალებები ფორმდება შესაბამისი სამართლებრივი აქტის, ოქმის ან რეზოლუციის სახით, რომელთა შესრულება სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის. გაცემული დავალებების შესრულების კონტროლს ახორციელებს მთავრობის აპარატი შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მეშვეობით.
2. მთავრობის აპარატი უზრუნველყოფს შესაბამისი დაწესებულებებისა და თანამდებობის პირებისათვის მთავრობის ან მთავრობის თავმჯდომარის მიერ გაცემული დავალებებისა და მითითებების დროულ მიწოდებას.
3. თუ დავალების შესრულების ვადა არ არის მითითებული, იგი ექვემდებარება ერთ თვეში შესრულებას დავალების (გადაწყვეტილების) ხელმოწერის თარიღიდან. განსაკუთრებულ შემთხვევებში, როდესაც დავალების შესრულება დადგენილ ვადაში შეუძლებელია ობიექტური მიზეზების გამო, აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულებების ხელმძღვანელები წარუდგენენ მთავრობას/მთავრობის თავმჯდომარეს მოტივირებულ წინადადებას ვადის გაგრძელების თაობაზე, შესრულების დაგეგმილი თარიღის მითითებით.
4. შემსრულებელმა უნდა წარადგინოს ინფორმაცია დავალების შესრულების თაობაზე მთავრობის აპარატში.
5. იმ შემთხვევაში, როდესაც დავალების შემსრულებლად მითითებულია ერთზე მეტი თანამდებობის პირი ან დაწესებულება, დავალებაში მითითებული პირველი პირი ითვლება დავალების მთავარ შემსრულებლად, დანარჩენი – თანაშემსრულებლად.
6. მთავარი შემსრულებელი პასუხისმგებელია დავალების შესრულების კოორდინაციისათვის. იგი ორგანიზებას უწევს დავალების შესრულებისათვის საჭირო ღონისძიებათა განხორციელებას. აუცილებლობის შემთხვევაში ამ დავალების დროულად შესრულების მიზნით მთავარი შემსრულებელი უფლებამოსილია შექმნას სამუშაო ჯგუფი.
7. მთავრობის აპარატი თავისი სტრუქტურული ერთეულების მეშვეობით კოორდინაციას უწევს დავალებათა შესრულების მიმდინარეობას.