1. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის სამართლებრივი აქტი (შემდგომში – სამართლებრივი აქტი) არის აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ხელისუფლების უფლებამოსილი ორგანოს (თანამდებობის პირის) მიერ კანონმდებლობით დადგენილი წესით მიღებული (გამოცემული), შესასრულებლად სავალდებულო აქტი.
2. მთავრობის სამართლებრივი აქტებია დადგენილება და განკარგულება.
3. მთავრობის დადგენილება არის კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი, ხოლო განკარგულება ინდივიდუალურ-სამართლებრივი აქტი. მთავრობის ნორმატიული აქტის მომზადების, მიღება-გამოცემისა და ძალაში შესვლის წესი განისაზღვრება „აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ნორმატიული აქტების შესახებ“ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის კანონით.
4. მთავრობის სამართლებრივი აქტების შესრულება სავალდებულოა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთელ ტერიტორიაზე.
5. მთავრობის სამართლებრივი აქტი შეიძლება მიღებულ იქნეს მთავრობის სხდომაზე მათი განხილვის შემდეგ ან მთავრობის წევრთა გამოკითხვის წესით.
6. მთავრობის სამართლებრივ აქტებს ხელს აწერს მთავრობის თავმჯდომარე.