მხარეები არ გამოიყენებენ, გასცემენ ან შეინახავენ ამ შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციას, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად აღნიშნული ემსახურება პირთა დაბრუნებისა და რეადმისიის მიზანს, მოცემული შეთანხმების შესაბამისად.

მხარეებმა, პირთა უკან დაბრუნებისა და რეადმისიის განხორციელების მიზნით, შესაძლოა განახორციელონ მოცემული შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის იმ კომპეტენტური შიდა უწყებებისთვის გადაცემა, რომლებიც საკუთარი უფლებამოსილების ფარგლებში ახორციელებენ შესაბამის საქმიანობას ეროვნული კანონმდებლობისა და მე-16 მუხლში მოცემული გარანტიების შესაბამისად.

მხარეებმა უნდა უზრუნველყონ მოცემული შეთანხმების საფუძველზე გაცემული ინფორმაციის შესაბამისობა, რელევანტურობა და წარდგენა იმ რაოდენობით, რაც საჭიროა აღნიშნული შეთანხმების მიზნის მისაღწევად და შეიძლება მოიცავდეს:

პირთა ბიოგრაფიული მონაცემები (სახელები, დაბადების თარიღი, დაბადების ადგილი, ეროვნება, შერქმეული სახელები, ინფორმაცია გენდერისა და ოჯახის შემადგენლობის შესახებ);

ინფორმაცია დოკუმენტის შესახებ (დოკუმენტის ტიპი (პასპორტი, პირადობის დამადასტურებელი ან მართვის მოწმობა), დოკუმენტის ნომერი, მოქმედების ვადა, გაცემის თარიღი, გამცემი უწყება, გაცემის ადგილი);

მოგზაურობის მარშრუტი;

სხვა ინფორმაცია, რომელიც საჭიროა გადასაცემი პირის ვინაობის დასადგენად ან მოცემული შეთანხმებით გათვალისწინებული რეადმისიის მოთხოვნების შემოწმებისათვის.

მხარეები, საჭიროების შემთხვევაში, გაცვლიან ინფორმაციას წერილობითი ფორმით და უზრუნველყოფენ, რომ ნებისმიერი შეზღუდვა, პირობა ან სპეციალური ინსტრუქცია სათანადოდ იქნება მოწოდებული წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციასთან ერთად. მოცემული შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე არაავტორიზებული წვდომის, გამჟღავნების, ასლების დამზადების, გამოყენების, მოდიფიცირების ან განკარგვის თავიდან ასაცილებლად, მხარეები შეზღუდავენ ინფორმაციაზე წვდომას გარდა იმ პირებისა, რომლებსაც აღნიშნულ ინფორმაციაზე წვდომა ესაჭიროება პირთა უკან დაბრუნებისა და რეადმისიის განხორციელების მიზნით საკუთარი ოფიციალური მოვალეობების შესრულებისთვის და საჭიროების შემთხვევაში გამოიყენებენ უსაფრთხოების აღიარებულ მექანიზმებს, როგორებიცაა პაროლები, დაშიფრვა და სხვა გონივრული ღონისძიებები. მხარეები უზრუნველყოფენ, რომ ყველა პირს, რომელსაც ხელი მიუწვდება წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე, მოცემული ინფორმაციის დამუშავებისა და გამოყენების თაობაზე არსებული შეზღუდვების შესახებ მიღებული აქვს სათანადო ინსტრუქტაჟი და მიზნად ისახავს ინფორმაციის დაცვას წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად.

თითოეული მხარე მეორე მხარეს, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა უსაფრთხოების ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ, შესაძლო მოკლე ვადაში, აცნობებს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებულ ინფორმაციაზე ნებისმიერი შემთხვევითი ან არაავტორიზებული წვდომის, ინფორმაციის გამოყენების, გამჟღავნების, მოდიფიცირების ან განკარგვის ფაქტის შესახებ, მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდა უსაფრთხოების ან კონფიდენციალურობის დარღვევის შესახებ და სათანადო შესაძლებლობის არსებობის შემთხვევაში, შესაძლებლობის ფარგლებში მიაწვდის ინფორმაციას ყველა საჭირო დეტალის შესახებ, რომელიც ეხება ინფორმაციაზე შემთხვევითი ან არაავტორიზებული წვდომის, მისი გამოყენების, გამჟღავნების, მოდიფიცირების ან განკარგვის ფაქტს.

მხარეები ერთმანეთს მიაწვდიან მათთვის ხელმისაწვდომ ყველაზე აქტუალურ და ზუსტ ინფორმაციას. იმ შემთხვევაში, როდესაც მხარისათვის ცნობილი გახდება, რომ ინფორმაცია რომელსაც იგი ეყრდნობა არაზუსტია, იგი დაუყოვნებლივ აცნობებს აღნიშნულის თაობაზე მეორე მხარეს და შესაძლებლობის ფარგლებში, მიაწვდის შემასწორებელ ინფორმაციას. მას შემდეგ, რაც მხარე მიიღებს შემასწორებელ ინფორმაციას, მხარე უზრუნველყოფს არაზუსტი ინფორმაციისა და მისგან გამომდინარე ნებისმიერი ინფორმაციის შესწორებას, ანოტაციასა და განკარგვას, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

თითოეული მხარე ადასტურებს, რომ აქვს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პირებს შეუძლიათ მოითხოვონ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მათ შესახებ მხარეთა შორის გაცვლილი ინფორმაცია და იმ შემთხვევაში, როდესაც არსებობს ინფორმაციის პირზე გაცემის შესაძლებლობა, პირს შეუძლია მოითხოვოს აღნიშნული ინფორმაციის გასწორება. თითოეული მხარე ადასტურებს, რომ აქვს ისეთი სისტემა, რომლის ფარგლებშიც პირებს შეუძლიათ მოითხოვონ გამოსწორება ან გაასაჩივრონ გადაწყვეტილება მათთვის მათი პირადი ინფორმაციის გაცემაზე უარის თქმის შესახებ.

თითოეული მხარე შეაფასებს წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე მიღებული ინფორმაციის რელევანტურობას მუდმივ რეჟიმში და იმ შემთხვევაში, როდესაც ინფორმაცია აღარ არის რელევანტური, უზრუნველყოფს ინფორმაციის უსაფრთხოდ განკარგვას, მისი ეროვნული კანონმდებლობის შესაბამისად.

თითოეულ მხარეს მეორე მხარისაგან შეუძლია მოითხოვოს გარანტია, რომ წინამდებარე შეთანხმების საფუძველზე გაზიარებულ ინფორმაციასთან მიმართებით დაცული იქნება შესაბამისი პოლიტიკა, სამართლებრივი ან ტექნიკური გარანტიები და მოითხოვოს აღნიშნული გარანტიების გადახედვა. აღნიშნული შესაძლოა მოიცავდეს დასკვნის მოთხოვნას იმის თაობაზე, თუ როგორ იქნა გამოყენებული მიღებული ინფორმაცია. თითოეულ მხარეს, თუ ის არ არის კმაყოფილი წარმოდგენილი გარანტიებით, გამოვლენილი ხარვეზის აღმოფხვრამდე შეუძლია უარი განაცხადოს წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ინფორმაციის მიწოდებაზე.

მხარეებმა უნდა განიხილონ წინამდებარე შეთანხმების შესაბამისად ინფორმაციის გაცვლის ღონისძიებები. პირველი განხილვა უნდა განხორციელდეს წინამდებარე შეთანხმების ძალაში შესვლიდან არაუადრეს ერთი წლის და არაუგვიანეს ხუთი წლის განმავლობაში, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ერთ-ერთი მხარის შიდა კანონმდებლობაში შეტანილი ცვლილება საჭიროებს დაუყოვნებელ გადახედვას, და შედგომში, მხარეების ერთობლივი გადაწყვეტილების შესაბამისა