ამ წესში გამოყენებულ ტერმინებს აქვთ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სტაჟიორი − პირი, რომელიც საჯარო დაწესებულებაში საქმიანობას ახორციელებს კვალიფიკაციის ამაღლების, აგრეთვე პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების მიღების, პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავების მიზნით;
ბ) საჯარო დაწესებულება − „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის „კ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული საჯარო დაწესებულება;
გ) სტაჟიორის კონკურსი − საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის გადაწყვეტილების საფუძველზე, ამ წესის შესაბამისად, სტაჟიორის შესარჩევად გამოცხადებული კონკურსი;
დ) სტაჟირების მსურველი პირი − პირი, რომელსაც სურს სტაჟირების გავლა ამ წესის შესაბამისად და წარდგენილი აქვს განცხადება საჯარო დაწესებულებაში, სტაჟირების გავლის მიზნით;
ე) ცნობა − დოკუმენტი, რომელიც გაიცემა საჯარო დაწესებულების მიერ სტაჟირების შეწყვეტის ან დასრულების შემთხვევაში და ასახავს სტაჟიორის მიერ ფაქტობრივად გავლილი სტაჟირების ხანგრძლივობას ან/და ინფორმაციას სტაჟირების გავლის თაობაზე;
ვ) სტაჟიორის მენტორი − საჯარო დაწესებულებაში სტაჟიორისთვის საჯარო დაწესებულების ხელმძღვანელის ან საამისოდ უფლებამოსილი პირის მიერ განსაზღვრული საჯარო მოსამსახურე, რომელიც ხელს უწყობს სტაჟიორს პროფესიული ცოდნისა და გამოცდილების შეძენასა და პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაში.