1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.
2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის შესაბამისი ორგანოს, სხვა ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 კალენდარული დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი.
4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.
6. დაწესებულების დაბალი რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, უშუალო შეხვედრის ფორმით.
7. დაწესებულების პატიმრობის, ნახევრად ღია ტიპისა და დახურული ტიპის თავისუფლების აღკვეთის ნაწილებში პაემანი ხორციელდება მინის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით, ამისათვის გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.
8. დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, მინის გამყოფი ბარიერის მეშვეობით. უსაფრთხოების ნორმებიდან გამომდინარე შესაძლებელია მინის გამყოფი ბარიერი დამატებით აღიჭურვოს მეტალის ბადით, იმგვარად, რომ მინის გამყოფი ბარიერის ორივე მხარეს მყოფი პირები ხედავდნენ ერთმანეთს.
9. ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
10. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება:
ა) მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან;
ბ) ბრალდებულის მიმართ დაწესებულებაში შემოსახლების დღიდან;
გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მსჯავრდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.
11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.
12. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
13. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.
14. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთის მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
15. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებსა და ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს.
16. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთი, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს რომ, მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ იგი თანხმობას განაცხადებს მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და სამინისტროს გენერალურ ინსპექციას.
17. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია დაუყონებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.
18. ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის შემთხვევაში ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს ელექტრონული მეთვალყურეობის სამმართველოს მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემანის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.
19. სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეშ