1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ 5 დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს.

2. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (სახელმწიფოს/მუნიციპალიტეტის ორგანოს მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია, განცხადება მიიღოს 5-დღიანი ვადის დაუცველად.

3. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზეც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დაწესებულების დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირი.

4. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.

5. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება შუშის გამყოფი ბარიერის მიღმა. უშუალო შეხვედრის ფორმით ხანმოკლე პაემანი დაიშვება მხოლოდ დაწესებულების დირექტორის წერილობითი თანხმობით საამისოდ გამოყოფილ სპეციალურ ოთახებში, დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმისა და უსაფრთხოების ნორმების გათვალისწინებით.

6. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობით, მაგრამ მოსმენის გარეშე. ამის თაობაზე ბრალდებულის/მსჯავრდებულის და მასთან ხანმოკლე პაემნის მსურველი პირის წინასწარ გაფრთხილება სავალდებულოა, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევისა.

7. ამ დებულების 39-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

8. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება:

ა) მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან;

ბ) ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის შეფარდების შესახებ სასამართლო გადაწყვეტილების აღკვეთის აღსრულების დაწყების დღიდან;

გ) პატიმრობის კოდექსის 551 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ბრალდებულის დაწესებულებაში განთავსების დღიდან.

9. ამ მუხლის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი შიდა კლასიფიკაციის საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.

10. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომლებსაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

11. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია, დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მითითებები.

12. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთებისა და ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემნის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.

13. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებსა და ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეებს.

14. თუ არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ ხანმოკლე პაემანზე მოსულ პირს განზრახული აქვს, შეიტანოს დაწესებულებაში აკრძალული ნივთები, ნივთიერებები და საკვები პროდუქტები ან გაიტანოს დაწესებულებიდან არაკანონიერად შეძენილი მატერიალური ფასეულობები, დაწესებულების წარმომადგენელი ამ პირს განუცხადებს, რომ მას შესვლის/გამოსვლის უფლება მიეცემა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დათანხმდება მისი კუთვნილი ნივთებისა და ტანსაცმლის შემოწმებაზე. შემოწმების შედეგად გადამალული საგნების, ნაკეთობების ან ნივთიერებების აღმოჩენისას დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ პირი იქნება დროებით შეჩერებული, რაზეც დაუყოვნებლივ ეცნობება სამსახურს და შესაბამის საგამოძიებო ორგანოს საგამოძიებო მოქმედების ჩასატარებლად.

15. შესაბამისი მოსამსახურე, რომელიც ვიზუალური ან/და ელექტრონული საშუალებით აკვირდება ხანმოკლე პაემანს, უფლებამოსილია, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ხანმოკლე პაემნის შეწყვეტა გამოძიებისა და უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე.

16. ხანმოკლე პაემნის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ვიზუალური მეთვალყურეობისას დაწესებულების მოსამსახურე წერილობით მოახსენებს დაწესებულების დირექტორს, ხოლო ელექტრონული საშუალებით მეთვალყურეობისას სამსახურის მოსამსახურე – დაწესებულების დირექტორსა და სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის დირექტორს. მოხსენებით ბარათში მიეთითება ხანმოკლე პაემნის შეწყვეტის მიზეზის თაობაზე.

17. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის აღრიცხვის ბარათს (დანართი №12), რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეშ