1. მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, ადმინისტრაცია უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.
2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არაუგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დირექტორი ან დირექტორის მოვალეობის შემსრულებელი პირი.
3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.
4. ხანმოკლე პაემანი ხორციელდება სპეციალურ ოთახებში, უშუალო შეხვედრის ფორმით.
5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა ადმინისტრაციის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს ადმინისტრაციის წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.
6. ამ დებულების მე-40 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირებთან მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.
7. ხანმოკლე პაემნის უფლების განხორციელების ერთთვიანი საანგარიშო პერიოდი აითვლება მსჯავრდებულის მიმართ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის აღსრულების დაწყების დღიდან და გრძელდება მომდევნო თვის იმავე დღემდე. თუ მომდევნო თვეს არ აქვს იგივე დღე, მაშინ საანგარიშო პერიოდი დამთავრდება მომდევნო თვის ბოლო დღეს. საანგარიშო პერიოდში ჩაითვლება დრო, რომლის განმავლობაშიც მსჯავრდებულებს არ ჰქონდათ ხანმოკლე პაემანი მოსაცდელ საკანში ყოფნისას, სტიქიურ უბედურებებთან ან სხვა განსაკუთრებულ გარემოებებთან დაკავშირებით, რომლებიც ხელს უშლიან დაწესებულების ნორმალურ საქმიანობას.
8. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს ადმინისტრაცია, მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.
9. ხანმოკლე პაემანზე მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს ადმინისტრაციის წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.
10. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, მსჯავრდებული ხანმოკლე პაემანის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.
11. შეხვედრაზე მოსულ პირებს ადმინისტრაციის უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ ადმინისტრაციას.
12. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს დადგენილი ფორმის ხანმოკლე პაემნის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება მსჯავრდებულის პირად საქმეშ