1. ბრალდებულმა/მსჯავრდებულმა ხანმოკლე პაემნის განხორციელების თაობაზე არანაკლებ ხუთი დღით ადრე წერილობითი განცხადებით უნდა მიმართოს დაწესებულების დირექტორს. ხანმოკლე პაემნის განხორციელების უზრუნველყოფის მიზნით, ამ დებულების 54-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს ახლო ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი (პასპორტი, მოქალაქის პირადობის, მართვის, ქორწინების, დაბადების მოწმობები ან მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოთა საბუთები) ან სამინისტროს პენიტენციურ დაწესებულებაში მოხვედრამდე 1 წლის განმავლობაში ურთიერთთანაცხოვრების და საერთო მეურნეობის განხორციელების დამადასტურებელი დოკუმენტი (ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს, სხვა სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული ან/და სანოტარო წესით დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტი). კონკრეტული გარემოებების გათვალისწინებით, დაწესებულება უფლებამოსილია განცხადება მიიღოს ხუთდღიანი ვადის დაუცველად.

2. დაწესებულება ხანმოკლე პაემნის მოთხოვნის თაობაზე განცხადების მიღებიდან არა უგვიანეს 5 დღისა უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემნის ორგანიზებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც არსებობს უარის თქმის მოტივირებული საფუძველი, რის თაობაზედაც განმცხადებელი იმავე დღეს უნდა იქნეს ინფორმირებული. ხანმოკლე პაემნის განხორციელების ნებართვას განცხადების საფუძველზე გასცემს დაწესებულების დირექტორი ან დაწესებულების დირექტორის მიერ უფლებამოსილი  პირი.

3. განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში, ბრალდებული/მსჯავრდებული უზრუნველყოფს ხანმოკლე პაემანზე მოსასვლელი პირის მოწვევას.

4. დაწესებულებაში ხანმოკლე პაემანი ხორციელდება მინის გამყოფი ბარიერის მიღმა.

5. ხანმოკლე პაემანი ეწყობა ერთიდან ორ საათამდე ვადით. ხანმოკლე პაემნის ხანგრძლივობა დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის მიერ შეიძლება შემცირდეს შეხვედრებზე მყოფი პირების მოთხოვნით. ხანმოკლე პაემანი მიმდინარეობს დაწესებულების წარმომადგენლის მხოლოდ ვიზუალური კონტროლით, გარდა საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

6. ამ დებულების 54-ე მუხლის მე-2, მე-3 და მე-7 პუნქტებით გათვალისწინებულ პირებთან ბრალდებულის/მსჯავრდებულის ურთიერთობის კონტროლი ხორციელდება მისი პატივისა და ღირსების შეულახავად.

7. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული შეიძლება ერთდროულად შეხვდეს არაუმეტეს 2 სრულწლოვან პირს, რომელთაც შეიძლება ახლდნენ ხანმოკლე პაემნის უფლების მქონე არასრულწლოვნებიც. ხანმოკლე პაემანზე მიმსვლელ პირთა ზღვრულ ოდენობას, არსებული პირობების გათვალისწინებით, განსაზღვრავს დაწესებულების დირექტორი, ბრალდებულის/მსჯავრდებულის უსაფრთხოების, დაწესებულების რეჟიმისა და უსაფრთხოების დაცვის მიზნებიდან გამომდინარე.

8. ხანმოკლე პაემანზე ბრალდებული/მსჯავრდებული უნდა გამოცხადდეს მოწესრიგებული. იგი ვალდებულია დაიცვას სამართლებრივი რეჟიმის მოთხოვნები და შეასრულოს დაწესებულების წარმომადგენლის კანონიერი მითითებები.

9. დაწესებულებაში აკრძალული და არანებადართული ნივთების, ნივთიერებების მოხვედრის თავიდან ასაცილებლად, ბრალდებული/მსჯავრდებული ხანმოკლე პაემანის დაწყებამდე და დასრულების შემდეგ გადის შესაბამის შემოწმებას.

10. შეხვედრაზე მოსულ პირებს დაწესებულების უფლებამოსილი წარმომადგენელი განუმარტავს ხანმოკლე პაემნის ჩატარების წესს. შეხვედრაზე მოსული პირები დაწესებულებაში აკრძალულ და არანებადართულ ნივთებს, ნივთიერებებს შესანახად ხელწერილით აბარებენ დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

11. დაწესებულების სამართლებრივი რეჟიმის განყოფილება აწარმოებს ხანმოკლე პაემნის დადგენილი ფორმის ბარათს, რომელიც დახურვის შემდგომ ინახება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეშ