1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს, წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვე ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხარჯით.
3. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება ბრალდებულს/მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. საქართველოს მოქალაქე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. უცხო ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა სახელმწიფო ენაზე, მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება.
5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურე ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა ბრალდებულს/მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს შეკვეთილი და ფასიანი წერილების, აგრეთვე ფულადი გზავნილების გაგზავნისას.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. ბრალდებულისგან/მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის კონფიდენციალურობის დაცვაზე.
9. დაწესებულების კანცელარია მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის ხელწერილით. ბრალდებული/მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურეს, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისათვის მიწოდებას.
10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. ბრალდებული/მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
12. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ ბრალდებულს/მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
13. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
14. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
15. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, დაწესებულების უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
16. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
17. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას ბრალდებულის/ მსჯავრდებულის თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
18. დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს ბრალდებულის/მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორ