1. მსჯავრდებულს უფლება აქვს დადგენილი წესითა და ადმინისტრაციის კონტროლით შეუზღუდავი რაოდენობით გააგზავნოს და მიიღოს წერილები, აგრეთვე უფლება აქვს წარადგინოს განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები ზეპირად ან წერილობით.
2. მსჯავრდებულის სახელზე შემოსული წერილების მისთვის ჩაბარებას, აგრეთვეб მსჯავრდებულის წერილების ადრესატისთვის გაგზავნას უზრუნველყოფს დაწესებულება. პირადი ხასიათის კორესპონდენცია ადრესატს ეგზავნება მსჯავრდებულის ხარჯით.
3. დაწესებულება მსჯავრდებულს მოთხოვნის შემთხვევაში უზრუნველყოფს საწერი საშუალებებითა და ქაღალდით.
4. საქართველოს მოქალაქე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ წინადადებები, განცხადებები და საჩივრები საქართველოს სახელმწიფო ენაზე. სხვა ქვეყნების მოქალქე ან მოქალაქეობის არმქონე მსჯავრდებულებს შეუძლიათ წარადგინონ განცხადებები და საჩივრები მშობლიურ ენაზე ან ნებისმიერ სხვა ენაზე, რომელსაც ისინი ფლობენ, ხოლო აუცილებლობის შემთხვევაში ისარგებლონ თარჯიმნის მომსახურებით. მსჯავრდებულს პასუხი გაეცემა მიმართვის ენაზე, ხოლო ასეთი შესაძლებლობის არარსებობისას, სახელმწიფო ენაზე, პასუხის მიმართვის ენაზე გადათარგმნით, რომელსაც უზრუნველყოფს დაწესებულება.
5. თუ წერილები საჭიროებს სახელმწიფო ენაზე თარგმნას, მათი გადაცემის ვადა შეიძლება გაიზარდოს თარგმნისათვის აუცილებელი ვადით.
6. გასაგზავნ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატის ვინაობა და მისამართი, აგრეთვე გამგზავნის ვინაობა და დაწესებულების საფოსტო მისამართი. წერილის გაგზავნისათვის საჭირო თანხის მოხსნას მსჯავრდებულის ანგარიშიდან ახორციელებს სოციალური განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულის თანდასწრებით. გადახდის ქვითრის ერთი ნაწილი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო მეორე ნაწილი დაერთვის მსჯავრდებულის პირად წერილს. ანალოგიური წესი მოქმედებს შეკვეთილი და ფასიანი წერილების, აგრეთვე ფულადი გზავნილების გაგზავნისას.
7. შემოსულ წერილზე მითითებული უნდა იყოს ადრესატი, გამომგზავნი პირის ვინაობა და მისამართი.
8. მსჯავრდებულისგან მიღებული წერილის გაგზავნამდე, აგრეთვე შემოსული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემამდე დაწესებულების ადმინისტრაციულ განყოფილებას და შესაბამის სოციალურ მუშაკს ეკისრება პასუხისმგებლობა მათ შენახვაზე და მიმოწერის საიდუმლოების დაცვაზე.
9. დაწესებულების კანცელარია მიღებული წერილის, მათ შორის მოთხოვნებისა და საჩივრების გაგზავნას ან მიღებული წერილის მსჯავრდებულისათვის გადაცემას უზრუნველყოფს არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა, თუ არ არსებობს დამაბრკოლებელი გარემოებები. წერილის გაცნობა დასტურდება მსჯავრდებულის ხელწერილით. მსჯავრდებული გასაგზავნ კორესპონდენციას, გარდა საჩივრის ყუთის საშუალებით გასაგზავნისა, გადასცემს დაწესებულების სოციალურ განყოფილებას, რომელიც უზრუნველყოფს კორესპონდენციის დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილებისთვის მიწოდებას.
10. დაწესებულების ადმინისტრაციული განყოფილება უზრუნველყოფს წერილობითი ხასიათის განცხადებებისა და მოთხოვნების რეგისტრაციას და არაუგვიანეს მეორე სამუშაო დღისა უგზავნის/აცნობს შესაბამის ადრესატს.
11. მსჯავრდებული საჩივრის ყუთით სარგებლობს დამოუკიდებლად.
12. ცნობები ახლო ნათესავის გარდაცვალების ან მძიმე ავადმყოფობის შესახებ მსჯავრდებულს დაწესებულების სოციალური განყოფილების მოსამსახურის მიერ გადაეცემა დაუყოვნებლივ.
13. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შემდეგ მის სახელზე მოსული წერილები სამი სამუშაო დღის განმავლობაში იგზავნება მისი ყოფნის ახალ ადგილზე. თუ მსჯავრდებულის ყოფნის ახალი ადგილსამყოფელი უცნობია, მაშინ წერილი უბრუნდება გამომგზავნს.
14. ის განცხადებები, მოთხოვნები და საჩივრები, რომლებიც შეეხება გზავნილების, ამანათების მიღების, ფულის ხარჯვის, ხელფასის ჩარიცხვის, შრომასთან დაკავშირებულ, სამედიცინო დახმარების, მატერიალური უზრუნველყოფის, აგრეთვე ამ ხასიათის სხვა საკითხებს, განიხილება და გადაწყდება დაწესებულების დირექტორის მიერ ადგილზე, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც მოცემული საკითხის გადაწყვეტა სხვა ორგანოს/პირის უფლებამოსილებას განეკუთნება. ასეთ შემთხვევაში ადმინისტრაციული განყოფილება კანონმდებლობით დადგენილი წესით აგზავნის კორესპონდენციას შესაბამის ადრესატთან.
15. მსჯავრდებულის კორესპონდენცია ექვემდებარება შემოწმებას, რაც მოიცავს ვიზუალურ დათვალიერებას, კორესპონდენციის შინაარსის გაცნობის გარეშე, ხოლო უკიდურეს შემთხვევაში, დასაბუთებული ვარაუდისას, თუ შესაძლებელია ისეთი ინფორმაციის გავრცელება, რომელიც საფრთხეს შეუქმნის საზოგადოებრივ წესრიგს, საზოგადოებრივ უსაფრთხოებას ან სხვა პირთა უფლებებსა და თავისუფლებებს, უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურე უფლებამოსილია გაეცნოს კორესპონდენციის შინაარსს და საჭიროებისამებრ შეზღუდოს მისი ადრესატისთვის გაგზავნა, რის თაობაზედაც დაუყოვნებლივ ეცნობება კორესპონდენციის გამგზავნს.
16. ადრესატს არ მიეწოდება/არ ეგზავნება და უფლებამოსილ ორგანოს ან თანამდებობის პირს გადაეცემა კორესპონდენცია, რომლის შინაარსის გაცნობის შედეგად დადგინდა, რომ იგი:
ა) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუშალოს სისხლის სამართლის საქმეზე ჭეშმარიტების დადგენას;
ბ) შეიცავს ინფორმაციას, რომელმაც შეიძლება ხელი შეუწყოს ახალი დანაშაულის ჩადენას;
გ) შესრულებულია შიფრით;
დ) შეიცავს სახელმწიფო ან სხვა საიდუმლოს გასაჯაროების საფრთხეს;
ე) შეიცავს ინფორმაციას, რომლის გავრცელებამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას დაწესებულების, მოსამსახურის ან/და მისი ოჯახის წევრის უსაფრთხოებას;
ვ) შეიცავს ინფორმაციას აკრძალული ნივთების მსჯავრდებულისათვის მიწოდების საშუალებების თაობაზე.
17. დახურული კონვერტით მიღებული კორესპონდენცია უნდა გაიხსნას მსჯავრდებულს თანდასწრებით. აღნიშნული კორესპონდენცია ექვემდებარება ვიზუალურ დათვალიერებას, შინაარსის გაცნობის გარეშე.
18. დაწესებულების ნებისმიერ მოსამსახურეს ეკრძალება შეაჩეროს ან/და შეამოწმოს მსჯავრდებულის კორესპონდენცია, რომლის ადრესატი ან ადრესანტი არის საქართველოს პრეზიდენტი, საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, საქართველოს პრემიერ-მინისტრი, საქართველოს პარლამენტის წევრი, სასამართლო, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო, საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც შექმნილია საქართველოს პარლამენტის მიერ რატიფიცირებული ადამიანის უფლებათა დაცვის სფეროს საერთაშორისო ხელშეკრულების საფუძველზე, საქართველოს სამინისტრო, დეპარტამენტი, საქართველოს სახალხო დამცველი, დამცველი, პროკურორ