1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს ან გაუგზავნოს ამანათი და ფულადი გზავნილი ახლო ნათესავებს, ხოლო დაწესებულების დირექტორის ნებართვით – სხვა პირებს. ფულადი გზავნილი ირიცხება ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად ანგარიშზე.

2. ბრალდებული/მსჯავრდებული უფლებამოსილია, მიიღოს ამანათი/გზავნილი ამ დებულების დანართი №5-ის მოთხოვნათა დაცვით.

3. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს მიიღოს ამანათი/გზავნილი დაწესებულებაში მოთავსებისთანავე.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ მისაღები ამანათისა და საფოსტო გზავნილის ზღვრული წონა ერთობლიობაში არ უნდა აღემატებოდეს თვეში 40 კგ-ს.

5. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის მიღება ხდება საამისოდ გამოყოფილ შენობაში.

6. იმ საკვები პროდუქტების, პირველადი მოხმარების საგნების, ფეხსაცმლის, ტანსაცმლისა და სხვა სამრეწველო საქონლის ჩამონათვალი, რომელთა ქონის, შენახვის, ამანათით/გზავნილით მიღებისა და უნაღდო ანგარიშსწორებით შეძენის უფლება აქვს ბრალდებულს/მსჯავრდებულს გამოიკვრება შენობაში, სადაც ხდება ამანათის/გზავნილის მიღება.

7. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის გადასაცემ ამანათს/გზავნილს დაწესებულება იღებს მხოლოდ სრულწლოვანი ფიზიკური პირისაგან ან ფოსტით.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს შეინახოს და კანონიერად გამოიყენოს იმ რაოდენობის ნივთები/საგნები, რაც განსაზღვრულია დებულების დანართი №2 და №3-ით.

9. ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი ავსებს და ხელს აწერს განცხადებას ორ ეგზემპლარად. ორივე ეგზემპლარი, ამანათი/გზავნილი და ამანათის/გზავნილის მომტანი პირის პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი გადაეცემა დაწესებულების უფლებამოსილ მოსამსახურეს.

10. ამანათის/გზავნილის წონისა და შიგთავსის შემოწმება ხდება მისი მომტანი პირის თანდასწრებით.

11. ამანათის/გზავნილის მიღების შემდეგ დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურე უბრუნებს ამანათის/გზავნილის მიმტანს პირს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს და განცხადების პირველ ეგზემპლარს, ხოლო მეორე ეგზემპლარს ურთავს ბრალდებულის/მსჯავრდებულის პირად საქმეს, ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ამანათის/გზავნილის ხელწერილით მიღების შემდეგ. თუ ბრალდებული/მსჯავრდებული უარს იტყვის ხელის მოწერაზე, განცხადებაზე კეთდება შესაბამისი აღნიშვნა.

12. ამანათი/გზავნილი არ მიიღება და გადაეცემა მიმტან პირს შემდეგ შემთხვევებში:

ა) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გათავისუფლების ან დაწესებულებიდან მისი სამ დღეზე მეტი ვადით გაყვანის შემთხვევაში;

ბ) ბრალდებულის/მსჯავრდებულის გარდაცვალებისას;

გ) თუ ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს შესაძლებლობა პირადად მიიღოს ამანათი/გზავნილი ან გამოიყენოს მისი შემცველობა დანიშნულებისამებრ;

დ) თუ ამანათის/გზავნილის წონა არ შეესაბამება დადგენილ ნორმებს;

ე) თუ ამანათის/გზავნილის მიმტანი პირი არ წარმოადგენს პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტს;

ვ) თუ არასწორადაა შევსებული განცხადება ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე;

ზ) თუ არსებობს ბრალდებულის/მსჯავრდებულის წერილობითი უარი ამანათის/გზავნილის მიღების თაობაზე.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული გარემოებების არსებობისას ამანათები/გზავნილები უბრუნდება გამომგზავნ პირს (გამომგზავნის ხარჯზე) დაბრუნების მიზეზის მითითებით.

14. ამანათი/გზავნილი, რომელიც მოსულია სხვა პენიტენციურ დაწესებულებაში გადაყვანილი ბრალდებულის/მსჯავრდებულის სახელზე, იგზავნება მისი ახალი ყოფნის ადგილზე, დაწესებულების ხარჯით.

15. ამანათის/გზავნილის გახსნა წარმოებს დაწესებულების საამისოდ უფლებამოსილ მოსამსახურეთა მიერ, ადრესატების სავალდებულო დასწრებით. აღმოჩენილი ფული, ფასეულობები, აკრძალული ნივთები ამოიღება, აისახება შესაბამის ოქმში და მათთან დაკავშირებით მიიღება შესაბამისი გადაწყვეტილება. ამანათში/გზავნილში არსებული აკრძალული ნივთები, ნივთიერებები, რომელთა შენახვა/გამოყენება არ იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას,  შესაბამისი მიზეზის მითითებით უბრუნდება მის გამომგზავნს (გამომგზავნის ხარჯზე) ან ამ დებულებით დადგენილი წესით შეინახება დაწესებულების საწყობში ან ნადგურდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის თანდასწრებით.

16. დაწესებულება უზრუნველყოფს ამანათის/გზავნილის შემცველობის შენახვას, მაგრამ ხანგრძლივი შენახვის გამო მისი ბუნებრივი გაფუჭების ან შემოწმების შედეგად სასაქონლო სახის დაკარგვის თაობაზე პასუხისმგებლობა არ ეკისრება.

17. ამანათი/გზავნილი უნდა გადაეცეს ბრალდებულს/მსჯავრდებულს არაუგვიანეს ერთი დღისა მათი მიღების დღიდან.

18. ამანათის/ზავნილის შემცველობის ჩამონათვალი რეგისტრირდება სპეციალურ ჟურნალში, რის შემდეგაც იგი ხელწერილით გადაეცემა ადრესატს.

19. ამანათიდან/გზავნილიდან იმ ნივთების ან/და ნივთიერებების აღმოჩენის შემთხვევაში, რომელთა ქონა/გამოყენება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად იწვევს სისხლის სამართლის პასუხისმგებლობას, დაწესებულების უსაფრთხოების მოსამსახურის მიერ დგება შესაბამისი ოქმი და დაუყოვნებლივ ეცნობება შესაბამის საგამოძიებო ორგანოებ