1. დაწესებულებაში საკვები უნდა შეიცავდეს ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის აუცილებელ კომპონენტებს. აკრძალულია ბრალდებულის/მსჯავრდებულის დასჯის მიზნით საჭმლის კალორიულობის დაქვეითება.
2. ბრალდებულის/მსჯავრდებულის კვების ნორმები განისაზღვრება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „ბრალდებულთა და მსჯავრდებულთა კვებისა და სანიტარიულ-ჰიგიენური ნორმებით“.
3. კვების რაციონის განსაზღვრისას გაითვალისწინება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, რელიგიური კუთვნილება, კულტურული თავისებურებები და ფიზიკური დატვირთვა.
4. ბრალდებული/მსჯავრდებული ყოველდღიურად უზრუნველყოფილი უნდა იყოს სამჯერადი კვებით.
5. ავადმყოფებს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებსა და ხანდაზმულებს (65 წლიდან) უნდა შეექმნათ მათი მდგომარეობის შესაბამისი კვების პირობები.
6. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ მაღაზიაში შეიძინოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები იმ თანხით, რომელიც მან გამოიმუშავა დაწესებულებაში მუშაობისას ან მის პირად ანგარიშზე ჩარიცხეს ახლო ნათესავებმა ან სხვა პირებმა. დამატებითი კვების პროდუქტებისა და პირველადი მოხმარების საგნების შესაძენად ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ საკუთარი სახსრების გამოყენება დაიშვება მინისტრის ბრძანებით განსაზღვრული ლიმიტის ფარგლებში მხოლოდ უნაღდო ანგარიშსწორებით.
7. საკვები პროდუქტების და პირველადი მოხმარების საგნების და სხვა სამრეწველო საქონლის შეძენის მსურველი ბრალდებული/მსჯავრდებული შესაბამისი განცხადებით მიმართავს დაწესებულების დირექტორს, რომელიც ჩაბარდება დაწესებულების წარმომადგენელს ანგარიშზე თანხის არსებობის დამადასტურებელ ქვითართან ერთად. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებული მაღაზიის თანამშრომელი ამოწმებს თანხის არსებობას ბრალდებულის/მსჯავრდებულის ანგარიშზე. შეძენილი საქონელი განაწილდება საკნების/საერთო საცხოვრებლის მიხედვით და ბრალდებულს/მსჯავრდებულს გადაეცემა ხელწერილით.
8. გენერალური დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, მიიღოს დამატებითი კვების პროდუქტები და პირველადი მოხმარების საგნები ამანათის სახით.
9. ბრალდებულები იკვებებიან საკნებში, დღის განრიგით დადგენილ საათებში.
10. დაწესებულების პატიმრობისა და ნახევრად ღია ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები იკვებებიან დღის განრიგით დადგენილ საათებში სასადილოში, ხოლო ის მსჯავრდებულები, რომელთაც, ექიმის დასკვნის თანახმად, ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შეუძლიათ გადაადგილება, საკვებს იღებენ განთავსების ადგილას.
11. დაწესებულების დახურული ტიპის ნაწილში განთავსებული მსჯავრდებულები დღის განრიგით დადგენილ საათებში საკვებს იღებენ საკნებში.
12. საკვების მიღებისას წესრიგის დაცვის მიზნით სასადილოში იმყოფებიან დაწესებულების წარმომადგენელები.
13. ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუზღუდავი რაოდენობით უნდა ჰქონდეს სუფთა სასმელი წყალ