1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს:

ა) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფილი იყოს:

ა.ა) სპეციალური საცხოვრებლით, კვებით, პირადი ჰიგიენით, ტანსაცმლით, შრომის უფლებით, შრომისა და პირადი უსაფრთხოებით;

ა.ბ) სამედიცინო მომსახურებით;

ა.გ) პაემნით (ბრალდებული – ხანმოკლე პაემნით, მსჯავრდებული – ხანმოკლე, ხანგრძლივი და ვიდეოპაემნით), სატელეფონო საუბრითა და მიმოწერით;

ა.დ) დამცველთან, დიპლომატიური/საკონსულო წარმომადგენლობის წევრებთან (უცხო ქვეყნის მოქალაქეებისათვის) შეხვედრით;

ა.ე) ამანათის, ფოსტისა და ფულადი გზავნილის მიღება-გაგზავნით;

ა.ვ) უფასო იურიდიული დახმარებით და სამართლებრივი კონსულტაციით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად;

ა.ზ) ზოგადი და პროფესიული განათლებით;

ა.თ) სპორტულ, კულტურულ და სხვა ღონისძიებებში მონაწილეობის უფლებით;

ბ) დადგენილი წესით მიიღოს მონაწილეობა რელიგიურ რიტუალებში და შეხვდეს სასულიერო პირებს, თან იქონიოს და ისარგებლოს რელიგიური ლიტერატურითა და საკულტო საგნებით;

გ) მიიღოს ინფორმაცია პრესისა და მასობრივი ინფორმაციის სხვა საშუალებებით, ისარგებლოს მხატვრული და სხვა ლიტერატურით;

დ) დაწესებულების დირექტორის ბრძანების საფუძველზე, როგორც წესი, სპეციალურად გამოყოფილ ადგილას ეწეოდეს ინდივიდუალურ საქმიანობას, ჰქონდეს ამისათვის საჭირო ინვენტარი და დაწესებულების ხელშეწყობით მოახდინოს ინდივიდუალური საქმიანობის შედეგად დამზადებული ნივთის (ნაკეთობის) რეალიზაცია;

ე) შეიტანოს განცხადება, მოთხოვნა და საჩივარი;

ვ) უზრუნველყოფილი იყოს მსჯავრდებულთა მხრიდან არადისკრიმინაციული მოპყრობით;

ზ) დაცული იყოს მსჯავრდებულების მხრიდან ძალადობისა და შეურაცხყოფისაგან;

თ) უზრუნველყოფილი იყოს პირადი უსაფრთხოების დასაცავად დაწესებულებისაგან შესაბამისი ღონისძიებების განხორციელებით;

ი) შეინახოს და გამოიყენოს ამ დებულების დანართი №2-ით, №3-ით და №4-ით გათვალისწინებული ნივთები და ნივთიერებები;

კ) მისთვის გასაგები ფორმით და გასაგებ ენაზე მიიღოს ინფორმაცია უფლება-მოვალეობების შესახებ;

ლ) განსაკუთრებულ, პირად გარემოებებთან დაკავშირებით დროებით დატოვოს დაწესებულება;

მ) ყოველდღიურად არანაკლებ 1 საათისა იმყოფებოდეს სუფთა ჰაერზე (გასეირნების უფლება);

ნ) საქართველოს სახელმწიფო ენის არცოდნის შემთხვევაში, ისარგებლოს თარჯიმნის მომსახურებით;

ო) ისარგებლოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი სხვა უფლებებით.

2. მსჯავრდებული დამატებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, სარგებლობს:

ა) სარეაბილიტაციო პროგრამებით სარგებლობის უფლებით;

ბ) თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების გარეთ ხანმოკლე გასვლის უფლებით, პატიმრობის კოდექსით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

გ) პროფესიული მომზადებისა და გადამზადების უფლებით.

3. ბრალდებულის/მსჯავრდებულის უფლებების რეალიზება ხდება საქართველოს კანონმდებლობის დაცვითა და სხვა პირთა უფლებებისა და კანონიერი ინტერესების შეულახავად.

4. ბრალდებული/მსჯავრდებული ვალდებულია:

ა) დაიცვას ამ დებულებით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სხვა მოთხოვნები, დღის განრიგი და დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის კანონიერი მოთხოვნები;

ბ) გაუფრთხილდეს და არ დააზიანოს დაწესებულების ან სხვა პირის ქონება;

გ) თავაზიანად მოეპყროს სხვა ბრალდებულებს/მსჯავრდებულებს და დაწესებულების მოსამსახურეებს;

დ) დაიცვას პირადი ჰიგიენა, სუფთად და წესრიგში ჰქონდეს განთავსების ადგილი, ტანსაცმელი, საწოლიდა სამუშაო ადგილი;

ე) შეინახოს საკვები პროდუქტები და ინდივიდუალური მოხმარების საგნები ამისათვის გამოყოფილ ადგილებსა და სათავსებში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ეკრძალება:

ა) მოახდინოს ფიზიკური ზემოქმედება ბრალდებულზე/მსჯავრდებულზე ან სხვა პირზე, შეუქმნას საფრთხე მის სიცოცხლეს ან ჯანმრთელობას;

ბ) შექმნას კონფლიქტური სიტუაცია;

გ) სიტყვიერად შეურაცხყოს ან სხვაგვარად შელახოს დაწესებულების მოსამსახურის ან სხვა პირის ღირსება;

დ) რაიმე სახით ხელი შეუშალოს დაწესებულებაში არსებული დაცვის ან სხვა ტექნიკური საშუალებების მუშაობას;

ე) შეიძინოს, დაამზადოს, შეინახოს ან/და გამოიყენოს აკრძალული ნივთები;

ვ) მატერიალური გამორჩენის მიღების მიზნით ითამაშოს, გაყიდოს ან სხვაგვარად გაასხვისოს საკვები პროდუქტები, პირად სარგებლობაში ან საკუთრებაში არსებული ნივთები ან ნივთიერებები;

ზ) დაარღვიოს ობიექტების დაცვის ხაზი ან დაწესებულების ტერიტორიის საზღვრები;

თ) ავიდეს შენობის სახურავზე, მიუახლოვდეს შიდა აკრძალული ზონის ზღვარს;

ი) დაარღვიოს დაწესებულებაში გადაადგილების წესები;

კ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გავიდეს საცხოვრებელი ან/და საწარმოო ტერიტორიის იზოლირებული მონაკვეთებიდან;

ლ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დატოვოს სამუშაო ადგილი, მასობრივი ღონისძიებების ჩატარების ადგილი;

მ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე იმყოფებოდეს იმ საკანში, სადაც იგი არ ცხოვრობს ან საწარმოო ობიექტზე, სადაც იგი არ მუშაობს;

ნ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე შეიცვალოს საძინებელი ადგილი;

ო) თვითნებურად მოაწყოს საძინებელი ადგილი დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში, კომუნალურ, საყოფაცხოვრებო და სხვა ნაგებობებში;

პ) სხვადასხვა ობიექტზე თვითნებურად მოაწყოს ნებისმიერი ნაგებობა, კარადა, სეიფი და სხვა ;

ჟ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე საერთო სარგებლობის სივრცეებში და ზედაპირებზე გამოფინოს ფოტოები, რეპროდუქციები, ბარათები, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრები და სხვა ნივთები; ნებისმიერ შემთხვევაში, მსგავსი ფოტოების, რეპროდუქციების, ბარათების, გაზეთებიდან და ჟურნალებიდან ამონაჭრების შინაარსი არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ამ დებულებასა და საქართველოს კანონმდებლობას;

რ) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე დაამზადოს რაიმე სახის ელექტრო- ან მექანიკური მოწყობილობა;

ს) დაწესებულების უფლებამოსილი მოსამსახურის ნებართვის გარეშე გამოიყენოს მოწყობილობები, ინსტრუმენტები, არასაწარმოო მიზნით გამოყენებადი მექანიზმები და მასალები;

ტ) მოამზადოს და გამოიყენოს საჭმელი ამისათვის გაუთვალისწინებელ ადგილებში;

უ) გამოიწვიოს ხმაური, რომელიც არღვევს წესრიგს და ხელს უშლის დაწესებულების ნორმალურ ფუნქციონირებას;

ფ) უკანონო ფორმით მიაწოდოს ნებისმიერი სახის ინფორმაცია საკნიდან საკანში ან დაწესებულების გარეთ;

ქ) განახორციელოს ნებისმიერი ქმედება, რაც არღვევს ამ დებულებას, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სხვა მოთხოვნებს ან/და დღის განრიგ