1. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს, ისარგებლოს საჭირო სამედიცინო მომსახურებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო მომსახურება ხორციელდება მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებაში სამედიცინო მომსახურების სტანდარტების, სპეციფიკური საჭიროებების მქონე პირთა სამედიცინო მომსახურების დამატებითი სტანდარტების, პენიტენციურ დაწესებულებაში პრევენციული მომსახურების პაკეტისა და პენიტენციური სისტემის ჯანდაცვის ბაზისური მედიკამენტების ნუსხით“ დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად, დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის მეშვეობით.

2. დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის უსაფრთხოებას უზრუნველყოფენ დაწესებულების შესაბამისი უფლებამოსილი მოსამსახურეები.

3. დაწესებულებაში ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიღებისას სავალდებულოა მისი ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმება, რის შესახებაც დგება ცნობა, რომელიც შემდგომ მის პირად საქმეში ინახება.

4. ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობა მოწმდება წელიწადში არანაკლებ ერთხელ.

5. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მიღება საექიმო-სამედიცინო პუნქტებში ხორციელდება ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა საჭიროებიდან გამომდინარე, სამართლებრივი რეჟიმის განყოფილების მოსამსახურის დაუსწრებლად, გამონაკლისია, როდესაც ექიმი უსაფრთხოების მიზნებიდან გამომდინარე, ითხოვს ასეთი პირის დასწრებას კონსულტაციის მიმდინარეობისას.

6. ექიმი ვალდებულია, დადგენილ ვადებში მოახდინოს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამედიცინო შემოწმება და ბრალდებულის/მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობისათვის საშიში პირობების არსებობის შემთხვევაში აცნობოს დაწესებულების მთავარ ექიმსა და დაწესებულების დირექტორს.

7. თუ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით სამედიცინო მომსახურების გაწევისას, ექიმი ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეამჩნევს რაიმე სახის ფიზიკურ დაზიანებას, ემოციური მდგომარეობის ცვლილებას ან/და სხვა ისეთ გარემოებას, რომელიც ობიექტურ პირს აღუძრავდა ეჭვს ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიმართ განხორციელებული შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შესახებ, სექსუალური ძალადობის ჩათვლით, ექიმი ვალდებულია, იხელმძღვანელოს მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „პენიტენციურ დაწესებულებებში შესაძლო წამების და სხვა სასტიკი, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობის შედეგად ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა დაზიანების აღრიცხვის წესით“.

8. საჭიროების შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს უტარდება გადაუდებელი მკურნალობა.

9. ბრალდებულს/მსჯავრდებულს ამბულატორიული დახმარება გაეწევა, როგორც წესი, საექიმო–სამედიცინო პუნქტში, ხოლო განსაკუთრებულ შემთხვევაში – საკანში/საერთო საცხოვრებელში. მედიკამენტების გაცემა ხდება ექიმის დანიშნულებით. ბრალდებულის/მსჯავრდებულის მიერ ფსიქოტროპული მედიკამენტის პერორალური მიღება ხორციელდება უსაფრთხოების განყოფილების მოსამსახურის თანდასწრებით, სპეციალურად გამოყოფილ ადგილზე საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

10. თუ ბრალდებულის/მსჯავრდებულის მკურნალობა არ შეიძლება განხორციელდეს დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტში, იგი შეიძლება გადაყვანილ იქნეს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამკურნალო დაწესებულებაში ან სამოქალაქო სექტორის საავადმყოფოში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

11. ბრალდებულისათვის/მსჯავრდებულისათვის, საჭიროების შემთხვევაში, ხელმისაწვდომი უნდა იყოს დაწესებულებაში ნებადართული სამკურნალო საშუალებები. მოთხოვნის შემთხვევაში ბრალდებულს/მსჯავრდებულს აქვს დაწესებულების მიერ შეძენილზე მეტი ღირებულების ან ანალოგიური თვისებების მქონე სამკურნალო საშუალების საკუთარი სახსრებით შეძენის უფლება.

12. დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, გენერალური დირექტორის ნებართვით ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღების მიზნით საკუთარი სახსრებით მოიწვიოს პირადი ექიმი. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების მიღება განხორციელდება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის პირობებში.

13. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისათვის ბრალდებული/მსჯავრდებული შესაბამისი დასაბუთებული მოთხოვნით მიმართავს გენერალურ დირექტორს. განცხადებაში აღინიშნება შესაბამისი ექიმი-სპეციალისტის ვინაობა და დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა. საკითხის გადაწყვეტისას გაითვალისწინება დაწესებულების საექიმო-სამედიცინო პუნქტის ექიმის აზრი.

14. განცხადების განხილვის შემდეგ განისაზღვრება ექიმ-სპეციალისტის მოწვევის დრო.

15. ექიმ-სპეციალისტის მოწვევისას მოწმდება, აქვს თუ არა მას შესაბამისი სამედიცინო საქმიანობის უფლება.

16. დამატებითი სამკურნალო-პროფილაქტიკური დახმარების სახეობა და მისი მოცულობა ფიქსირდება ბრალდებულის/მსჯავრდებულის სამედიცინო ბარათშ