1. ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი საქმიანობა (გარდა დაწესებულების განსაკუთრებული რისკის თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებული მსჯავრდებულისა) ხორციელდება პატიმრობის კოდექსით, ამ დებულებით, საქართველოს შრომის კანონმდებლობითა და შრომის მარეგულირებელი საერთაშორისო სტანდარტებით დადგენილი წესით. აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა შრომითი იძულება, აგრეთვე ისეთი პირობების შექმნა, რომელიც ლახავს მათ პატივსა და ღირსებას.

2. ბრალდებული და მსჯავრდებული შეიძლება დასაქმდეს დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

3. დაწესებულების ტერიტორიაზე არსებულ საწარმოში, როგორც წესი, დასაქმებული უნდა იყოს მხოლოდ ბრალდებული/მსჯავრდებული. გამონაკლის შემთხვევაში, როდესაც საწარმოს საქმიანობის სპეციფიკიდან გამომდინარე, საჭიროა ისეთი სამუშაოს შესრულება, რომლის შესაბამისი კვალიფიკაცია ბრალდებულს/მსჯავრდებულს არ აქვს, ან როდესაც ასეთი კვალიფიკაციის ბრალდებულის/მსჯავრდებულის მოკლე დროში მომზადება შეუძლებელია, აგრეთვე როდესაც სამუშაოს შესასრულებლად საჭიროა დაწესებულების ტერიტორიიდან სისტემატური გასვლა, შესაძლებელია საწარმოში შრომითი ხელშეკრულებით მოწვეულ იქნეს გარეშე პირი, რომელიც არ არის ბრალდებული ან მსჯავრდებული.

4. საწარმოსა და სამსახურს შორის ფორმდება ხელშეკრულება, რომლითაც დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილი საწარმო კისრულობს ვალდებულებას საქმიანობის განხორციელებისას ამ დებულებით განსაზღვრული მოთხოვნების დაცვაზე. ასეთივე ვალდებულება ეკისრება დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოებში დასაქმებულ ბრალდებულს/მსჯავრდებულს, რაც აისახება ბრალდებულს/მსჯავრდებულს და საწარმოს შორის გაფორმებულ შრომით ხელშეკრულებაში.

5. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს ამოარჩიოს დაწესებულების დირექტორის მიერ მისთვის შეთავაზებული სამუშაოებიდან შესაფერისი სამუშაო.

6. დაწესებულება და დამსაქმებელი ვალდებულები არიან ბრალდებულს/მსჯავრდებულს შეუქმნან სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის უსაფრთხო შრომის პირობები. სამუშაო დროის ხანგრძლივობა, შრომის დაცვის, უსაფრთხოებისა და საწარმოს სანიტარიული წესები განისაზღვრება პატიმრობის კოდექსისა და საქართველოს შრომის კანონმდებლობის შესაბამისად.

7. საქართველოს შრომის კანონმდებლობით განსაზღვრული ანაზღაურების წესისა და პირობების შესაბამისად, ბრალდებული/მსჯავრდებული შესრულებული სამუშაოსათვის იღებს ხელფასს.

8. ბრალდებულს/მსჯავრდებულს პირად საბანკო ანგარიშზე ერიცხება ხელფასი, რომლის სრული განკარგვის უფლება მიეცემა გათავისუფლებისას. ბრალდებულს/მსჯავრდებულს უფლება აქვს თავისი შეხედულებისამებრ თანხა გადაუგზავნოს ახლო ნათესავებსა ან/და სხვა პირებს.

9. შრომის პირობების გათვალისწინებით დაწესებულების დირექტორი ადგენს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა ქცევის წესებს დაწესებულების ტერიტორიაზე შექმნილ საწარმოო ობიექტებზე. ეს წესები არეგულირებს ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა სამუშაოზე მისვლას, საამქროთა უფროსების, შესაბამისი ცოდნის მქონე პირების ან ოსტატების მიერ ინსტრუქტაჟის ჩატარებას, მუშაობის შედეგების შეჯამებას, სამუშაო ადგილების ჩაბარებას და სხვა.

10. იმ სამუშაოებისა და თანამდებობების ჩამონათვალი, რომლებზედაც აკრძალულია ბრალდებულთა/მსჯავრდებულთა მუშაობა, განისაზღვრება ამ დებულების დანართი №6-ის შესაბამისად.

11. მსჯავრდებული დაწესებულების დირექტორის ბრძანებით შეიძლება ჩაირიცხოს სამეურნეო სამუშაოების შესასრულებლად მინისტრის ბრძანებით დამტკიცებული „მსჯავრდებულის მიერ სამეურნეო სამუშაოების შესრულების და მისთვის ანაზღაურების მიცემის წესის“ შესაბამისად.

თავი V

მსჯავრდებულთა რესოციალიზაცია და რეაბილიტაც