1. სტრუქტურულ ქვედანაყოფში გამოცხადებისას, პირმა თან უნდა იქონიოს შემდეგი დოკუმენტაცია:
ა) დაბადების მოწმობა და მისი ასლი;
ბ) ოთხი ფოტოსურათი − 3X4;
გ) საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა და მისი ასლი ან საქართველოში სტატუსის მქონე მოქალაქეობის არმქონე პირის დამადასტურებელი დოკუმენტი.
2. მიღებული ინფორმაცია აისახება პირის სამხედრო-სააღრიცხვო ბარათში, ხოლო შესაბამისი დოკუმენტები ინახება საქმეთა ნომენკლატურით გათვალისწინებულ საქმეებში. სამხედრო-სააღრიცხვო ბარათის სრულად შევსების მიზნით, სააგენტოს თანამშრომელი უფლებამოსილია, პირს დაუსვას დამატებითი კითხვები.
3. წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირი ავსებს საკომუნიკაციო ურთიერთობის შესახებ განაცხადის ფორმას (დანართი №6) ორ ეგზემპლარად, რომელთაგან ერთი ეგზემპლარი გადაეცემა პირს, ხოლო მეორე რჩება სააგენტოში. საკომუნიკაციო ფორმის შევსებისას, პირს განემარტება ის უფლებები და მოვალეობები, რომლებიც დაკავშირებულია წვევამდელთა ეროვნული სამხედრო სამსახურის გავლასთან.
4. თუ წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე ასაყვანი პირი, მისი ასაკის გათვალისწინებით, ექვემდებარება წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გაწვევას, სააგენტო იღებს გადაწყვეტილებას, პირის წვევამდელთა სამხედრო აღრიცხვაზე აყვანისა და თავდაცვის კოდექსით განსაზღვრული წესით წვევამდელთა ეროვნულ სამხედრო სამსახურში გასაწვევად გამოძახების შესახებ.
5. სააგენტო, წვევამდელთა სამხედრო-სააღრიცხვო ბარათების მიხედვით, ავსებს სააღრიცხვო ანბანურ წიგნს (დანართი №1).
6. ამ წესის მე-6 მუხლის მე-2 პუნქტით დადგენილი ვადის ამოწურვის შემდეგ, სააგენტოს უფლებამოსილი პირი ამოწმებს საერთო სიაში არსებული პირების გამოცხადებას, რომელთაც დადგენილი წესით ჩაბარდათ უწყება, აგრეთვე აზუსტებს გამოუცხადებელ პირთა რაოდენობასა და მათი გამოუცხადებლობის მიზეზებს.
7. სამხედრო აღრიცხვაზე გამოუცხადებლობის საპატიო მიზეზად ითვლება:
ა) ავადმყოფობა, რაც დადასტურებულია შესაბამისი სამედიცინო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტით;
ბ) პირის (წვევამდელის) ახლო ნათესავის (დედა, მამა, მეუღლე, შვილი, და, ძმა) ან ყოფილი მეურვის/მზრუნველის გარდაცვალება, რაც დადასტურებულია შესაბამისი დოკუმენტით;
გ) სტიქიური მოვლენით გამოწვეული ან სხვა დაუძლეველი გარემოებები.
8. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანის შესახებ გადაწყვეტილებასა და სამხედრო აღრიცხვასთან დაკავშირებულ ვალდებულებებს (მათ შორის, დოკუმენტურად) წვევამდელს აცნობს შესაბამისი უფლებამოსილი პირი.
9. 27 წელს მიღწეული პირი იხსნება წვევამდელის სამხედრო აღრიცხვიდან.
10. წვევამდელის სამხედრო აღრიცხვაზე აყვანა და აღრიცხვიდან მოხსნა ფორმდება სააგენტოს ხელმძღვანელის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი