1. ტესტირებაში მონაწილეობის მიღების მიზნით გამოსაცდელი ვალდებულია:

ა) დროულად გამოცხადდეს საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის პროცედურაზე, რომელიც მიმდინარეობს ცენტრის დირექტორის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ დროს;

ბ) თან იქონიოს:

ბ.ა) საგამოცდო ბარათი;

ბ.ბ) პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს  მიერ სათანადო წესით დამოწმებული განაცხადი/განცხადება-ანკეტა, რომელშიც მოცემულია პირის ფოტოსურათი, სახელი, გვარი და პირადი ნომერი;

ბ.გ) თუ დოკუმენტი/დოკუმენტები უცხოურ ენაზეა შედგენილი, ასევე სანოტარო წესით დამოწმებული ქართული თარგმანი.

2. საგამოცდო ცენტრში რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე არ დაიშვება.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტების გარეშე გამოცხადებული გამოსაცდელი ტესტირებაზე დაიშვება მხოლოდ ცენტრში ინფორმაციის გადამოწმების შემდგომ. საგამოცდო ცენტრში გამოცხადებული პირი არ დაიშვება ტესტირებაზე, თუ აღმოჩნდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება საგამოცდო ცენტრში გამოცხადებულ პიროვნებას.

4. თუ ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული ინფორმაციის გადამოწმება მოითხოვს გარკვეულ დროს, გამოსაცდელი დაშვებული იქნება ტესტირებაზე. თუ ტესტირების მიმდინარეობისას ან მისი დასრულების შემდგომ გამოვლინდება, რომ მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არ არსებობს გამოსაცდელის შესახებ ინფორმაცია, ან მონაცემთა ელექტრონულ ბაზაში არსებული ფოტოსურათი არ შეესაბამება ტესტირებაზე გასულ პირს, პირის ნაშრომი არ გასწორდება.

5. ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოსაცდელს ართმევს უფლებას, მოითხოვოს დამატებითი ტესტირების ჩატარება, მიუხედავად იმისა, ტესტირებაზე გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო თუ არა საპატიო მიზეზი