1. ანგარიშგების ფორმების ძირითადი ველები ივსება საბროკერო კომპანიების მიერ, ხოლო ცალკეული მათგანი არის დაცული და ივსება საბროკერო კომპანიების მიერ შევსებული ინფორმაციის საფუძველზე ავტომატურად.

2. ანგარიშგება უტყუარად და სრულად უნდა ასახავდეს მოთხოვნილ ინფორმაციას, ამ წესის 22-ე მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საანგარიშო პერიოდის მიხედვით.

3. ანგარიშგება უნდა მოიცავდეს კლიენტების სასარგებლოდ და კლიენტების დავალებით ნებისმიერ ვალუტაში განხორციელებულ ოპერაციებს. ამასთან, ანგარიშგებაში არ უნდა აისახოს საბროკერო კომპანიაში ერთი კლიენტის ანგარიშებს/ქვეანგარიშებს შორის აქტივების მოძრაობა. უცხოურ ვალუტაში განხორციელებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში, ოპერაციის შესრულების თარიღისთვის ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი ოფიციალური გაცვლითი კურსის შესაბამისად. ფასიანი ქაღალდების ღირებულება ასევე აღირიცხება ეროვნულ ვალუტაში.

4. ანგარიშგების არცერთ ველში არ აისახება კლიენტების მიერ/მათ სასარგებლოდ იმ კონვერტირებად ვირტუალურ აქტივებთან დაკავშირებული ოპერაციების შესახებ ინფორმაცია, სადაც საბროკერო კომპანია მოქმედებს როგორც ვირტუალური აქტივის მომსახურების განმახორციელებელი პირი, გარდა ამ წესის მე-14 მუხლით განსაზღვრული ფორმისა.

5. ოპერაციის შესრულების თარიღად ითვლება საბროკერო კომპანიაში ოპერაციასთან დაკავშირებული ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე გადაცემის/მიღების თარიღი. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების შემთხვევაში, საბროკერო კომპანიაში კლიენტის ანგარიშიდან/ანგარიშზე ფასიანი ქაღალდების გადაცემის/მიღების თარიღი, ხოლო თუ ოპერაცია არ არის დაკავშირებული საბროკერო კომპანიაში არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან, ოპერაციის დოკუმენტის გაფორმების თარიღი.

6. ოპერაციის მოცულობის შესახებ ინფორმაციის ასახვისას მიეთითება: (ა) კლიენტის საბროკერო ანგარიშზე ოპერაციის შესრულების თარიღში განხორციელებული შესაბამისი აქტივების (თანხების ან ფასიანი ქაღალდების) ბრუნვა (საკრედიტო და სადებეტო ოპერაციების აბსოლუტური სიდიდეების დაჯამებით) ან (ბ) იმ ოპერაციების დოკუმენტებით გათვალისწინებული თანხა (ღირებულება), რომელიც არ არის დაკავშირებული ფულადი სახსრების ან/და ფასიანი ქაღალდების მოძრაობასთან საბროკერო კომპანიაში. ფულადი ანგარიშსწორების გარეშე ფასიან ქაღალდებთან დაკავშირებული ოპერაციების (მათ შორის, ფასიანი ქაღალდების გაცვლის, ჩარიცხვა-გადარიცხვის) შემთხვევაში, ინფორმაცია აისახება თანხობრივ გამოხატულებაში ოპერაციით დაფიქსირებული ფასით (თუ ეს დადასტურებულია ოპერაციის დოკუმენტებით) ან ამგვარის არარსებობის შემთხვევაში, ბირჟაზე დაშვებული ფასიანი ქაღალდებისთვის – ბირჟის მიერ გამოქვეყნებული უკანასკნელი დახურვის ფასით, ყველა სხვა შემთხვევაში კი ნომინალური ღირებულებით.

7. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება ფულადი სახსრების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფულადი სახსრების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში ხდება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება მხოლოდ ფასიანი ქაღალდების კლიენტის ანგარიშზე ფაქტობრივი ბრუნვის შესახებ. თუ ოპერაციის საფუძველზე კლიენტის ანგარიშზე საბროკერო კომპანიაში არ ხდება არც ფულადი სახსრების და არც ფასიანი ქაღალდების მოძრაობა, მაშინ ანგარიშგებაში ინფორმაცია ოპერაციის მოცულობის შესახებ აისახება ოპერაციის დოკუმენტის მიხედვით.

8. ოპერაციების მოცულობაში აისახება  ინფორმაცია ოპერაციების ღირებულების მიხედვით, გარდა ისეთი პროდუქტებისა, რომლებიც ივაჭრება საკრედიტო მხარის მეშვეობით (ე.წ. „margin products“), რომელთა ოპერაციების მოცულობაში აისახება საანგარიშგებო პერიოდში კლიენტის მიერ პოზიციის დახურვის შედეგად მიღებული მოგების ოდენობა.

9. ანგარიშგებაში არ აისახება ინფორმაცია საბიუჯეტო გადახდების, ფასიანი ქაღალდების „სპლიტის“, „რევერს-სპლიტის“, კონვერტაციის, დივიდენდებისა და კუპონების შესახებ, აგრეთვე საბროკერო კომპანიის მიერ გაწეული მომსახურების სანაცვლოდ კლიენტისგან მიღებული საკომისიოს შესახებ, გარდა საკონსულტაციო მომსახურების გაწევის საფასურისა.

10. ანგარიშგების ფორმებში დაუშვებელია ქვეფაქტორებში მონაცემების განმეორება, გარდა ამ წესის მე-13 მუხლის 39-ე და მე-40 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

11. ანგარიშგების ფორმებში არ აისახება ინფორმაცია კლიენტების საბროკერო ანგარიშებზე აქტივების ბლოკირების/დაგირავების შესახებ.

12. საბროკერო კომპანიის კლიენტებს შორის ოპერაციების განხორციელებისას, ინფორმაცია აისახება ორივე მათგანის ჭრილში.

13. თუ კლიენტს საანგარიშო პერიოდში რამდენჯერმე შეეცვალა რისკის დონე, ანგარიშგებაში ფიქსირდება საანგარიშო პერიოდის ბოლოსთვის მინიჭებული რისკის დონის შესაბამისად.

14. იმ შემთხვევაში, თუ კლიენტს საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად აქვს სხვა ქვეყნის მოქალაქეობა, ანგარიშგებაში ფიქსირდება სხვა ქვეყნის მოქალაქედ, ხოლო თუ ორივე შემთხვევაში არის უცხო ქვეყნის მოქალაქე – იმ ქვეყნის მოქალაქედ, რომელიც მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრებისა და ტერორიზმის დაფინანსების აღკვეთის ხელშეწყობის კუთხით.

15. ანგარიშგებაში მინდობილი პირის მიერ განხორციელებული ოპერაციები აისახება მხოლოდ მარწმუნებლის (ანგარიშის მფლობელის) ოპერაციების ჭრილში.

16. თუ ანგარიშს განკარგავს ერთზე მეტი პირი (ერთობლივი ანგარიში), ანგარიშგებაში ინფორმაცია აისახება ორივე კლიენტის შესახებ, ხოლო ოპერაციების შესახებ ინფორმაცია იმ კლიენტის ოპერაციების მოცულობაში, რომელიც უფრო მეტი რისკის მატარებელია ფულის გათეთრების და ტერორიზმის დაფინანსების კუთხით.

17. ანგარიშგების მიზნებისთვის, კლიენტის დეფინიცია არ მოიაზრებს ისეთ პირებს, რომლებთანაც საბროკერო კომპანიას დამყარებული აქვს საშუამავლო/საკორესპონდენტო ურთიერთობებ