მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის დამტკიცების შესახებ
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10
ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.
დოკუმენტის ტექსტი
|
საქართველოს მთავრობის დადგენილება №249 |
|
2024 წლის 1 აგვისტო ქ. თბილისი |
|
1. „მეფუტკრეობის მხარდაჭერის პროგრამის“ (შემდგომში – პროგრამა) მიზანია სოფლად ეკონომიკის განვითარება, კონკურენტუნარიანი და მდგრადი მეფუტკრეობის დარგის ჩამოყალიბების ხელშეწყობის გზით.
2. პროგრამის ამოცანას წარმოადგენს საფუტკრე მეურნეობების მატერიალურ-ტექნიკური ბაზის გაუმჯობესება, ფუტკრის მოვლა-შენახვის მდგომარეობის ნორმალიზაცია და წარმოებული თაფლისა და მეფუტკრეობის სხვა პროდუქტების ხარისხისა და რაოდენობის ზრდა, ასევე თაფლის მწარმოებლებისთვის მდგრადობის ხელშეწყობა და წარმოების მართვის პროცესების გაუმჯობესება.
1. პროგრამის განმახორციელებელია ა(ა)იპ – სოფლის განვითარების სააგენტო (შემდგომში − სააგენტო).
2. პროგრამის განხორციელებას კოორდინაციას უწევს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
ა) პოტენციური ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას, რომელიც პროგრამაში მონაწილეობის მიზნით წარადგენს განაცხადს და ვისთანაც შესაძლებელია გაფორმდეს თანადაფინანსების ხელშეკრულება;
ბ) ბენეფიციარი – საქართველოს მოქალაქე ფიზიკური პირი ან საქართველოში რეგისტრირებული მეწარმე იურიდიული/ფიზიკური პირი, სადაც სახელმწიფო არ ფლობს წილს/პაის/აქციას და რომელთანაც გაფორმებულია ხელშეკრულება;
გ) ხელშეკრულება – სააგენტოსა და ბენეფიციარს შორის გაფორმებული თანადაფინანსების ხელშეკრულება, რომელიც განსაზღვრავს პროგრამის ფარგლებში მხარეთა მიერ შესასრულებელ ვალდებულებებს;
დ) თანადაფინანსება – პროგრამის ფარგლებში სააგენტოს მიერ ბენეფიციარზე გაცემული ფულადი სახსრები, მათ შორის, ანაზღაურების გზით;
ე) განაცხადი – პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარდგენილი განაცხადი თანადაფინანსების მიღების მიზნით;
ვ) სკა (ჩარჩოების გარეშე) – ლანგსტროტ რუტის სკა, 3 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის) ან/და დადან ბლატის სკა, 2 ძირითადი კორპუსით (10-ჩარჩოიანი ზომის), რომელზეც მითითებულია მაიდენტიფიცირებელი მონაცემები.
1. პროგრამის პოტენციურ ბენეფიციარს უნდა ჰყავდეს არანაკლებ 10 ფუტკრის ოჯახისა (არანაკლებ 10 სკისა).
2. პროგრამის ფარგლებში მოთხოვნილი სკების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს განაცხადის გაკეთების მომენტისთვის პოტენციური ბენეფიციარის საფუტკრე მეურნეობაში, ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) რეგისტრირებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობის 150%-ს.
3. პროგრამაში მონაწილეობის მიზნით:
ა) პოტენციური ბენეფიციარი სააგენტოში განაცხადის წარდგენის დროს რეგისტრირებული უნდა იყოს საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად ბიზნესოპერატორად;
ბ) პოტენციურ ბენეფიციარს საფუტკრე დარეგისტრირებული უნდა ჰქონდეს ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS).
4. პროგრამის ფარგლებში განხორციელებული შესყიდვა უნდა განხორციელდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით რეგისტრირებული მეწარმე ფიზიკური/იურიდიული პირისაგან ან იმპორტის გზით.
1. პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარი მიიღებს თანადაფინანსებას – ერთი სკის ღირებულების არაუმეტეს 50%-ს, მაგრამ არაუმეტეს 70 ლარის ოდენობით.
2. პროგრამის ფარგლებში ერთ ბენეფიციარზე თანადაფინანსება არ უნდა აღემატებოდეს 5 000 ლარს.
3. პროგრამის ფარგლებში არ დაფინანსდება კოოპერატივები.
ბენეფიციარი ვალდებულია, თანადაფინანსების გაცემამდე დაადასტუროს პროგრამის ფარგლებში შეძენილი სკების რაოდენობა, აგრეთვე პროგრამის პირობების შესაბამისად პროგრამაში მონაწილეობამდე ცხოველთა იდენტიფიკაციისა და მიკვლევადობის ეროვნულ სისტემაში (NAITS) არსებული ფუტკრის ოჯახების რაოდენობა.
1. პროგრამის ფარგლებში განაცხადები მიიღება ელექტრონული ფორმით.
2. პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარის მიერ წარსადგენი განაცხადისა და თანმდევი დოკუმენტების მიღების, თანადაფინანსების დამტკიცებისა და გაცემის დეტალურ პროცედურას შეიმუშავებს სააგენტო.
პროგრამა განხორციელდება საქართველოს მთელ ტერიტორიაზე.
პროგრამის ფარგლებში ბენეფიციარების მიერ მიზნობრიობის შესრულების მონიტორინგის პირობები განისაზღვრება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის ბრძანებით.