1. ვეტერინარისა და ვეტერინარი ტექნიკოსის სახელმწიფო სერტიფიკატს გასცემს სააგენტო, ვეტერინართა და ვეტერინარ ტექნიკოსთა პროფესიული განვითარებისა და სასერტიფიკაციო საბჭოს (შემდგომში – საბჭო) დასკვნის საფუძველზე.
2. საბჭო იქმნება საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის (შემდგომში − მინისტრი) ბრძანებით, სააგენტოსთან. სააგენტო უზრუნველყოფს საბჭოს ადმინისტრაციულ, ლოჯისტიკურ და საფინანსო მომსახურებას.
3. საბჭო შედგება თავმჯდომარის, ორი მოადგილისა და არაუმეტეს 9 წევრისგან. საბჭოს წევრები ინიშნებიან 5 წლის ვადით, საბჭოს თავმჯდომარესა და მოადგილეებს ირჩევს საბჭო ხმათა უმრავლესობით და ამტკიცებს მინისტრი.
4. საბჭოს შემადგენლობაში შედიან: საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს 2 წარმომადგენელი, სააგენტოს 3 წარმომადგენელი, სსიპ − სოფლის მეურნეობის სამეცნიერო-კვლევითი ცენტრის 1 წარმომადგენელი, სსიპ − გარემოსდაცვითი ინფორმაცისა და განათლების ცენტრის 1 წარმომადგენელი, საქართველოს უნივერსიტეტების ვეტერინარიის პროგრამის განმახორციელებელი ძირითადი საგანმანათლებლო ერთეულების 2 წარმომადგენელი და ვეტერინარიის სფეროში პროფესიული გაერთიანების/ასოციაციის 3 წარმომადგენელი, საიდანაც ერთი წარმომადგენელი უნდა იყოს კერძო პრაქტიკით დაკავებული ვეტერინარი, ერთი − ვეტერინარი ტექნიკოსი და ერთი ასოციაციის მმართველობითი ორგანოდან.
5. საბჭოს მუშაობაში მონაწილეობის მისაღებად შეიძლება, მიწვეულ იქნენ აგრეთვე ადგილობრივი ან/და საერთაშორისო ვეტერინარულ ორგანიზაციათა წარმომადგენლები.
6. საბჭოს შემადგენლობა და საქმიანობის წესი განისაზღვრება ამ წესითა და საბჭოს დებულებით, რომელსაც ამტკიცებს მინისტრი.
7. საბჭო:
ა) შეიმუშავებს და სააგენტოს უფროსს წარუდგენს სასერტიფიკატო გამოცდის პროგრამას, კრედიტქულების განსაზღვრის მექანიზმებს, მაძიებელის ცოდნის შეფასების მექანიზმებს და კრიტერიუმებს, გამოცდის გრაფიკსა და ადგილს;
ბ) წევრებიდან ქმნის საგამოცდო კომისიას;
გ) განიხილავს სახელმწიფო სერტიფიკატის მისაღებად წარდგენილ საბუთებს;
დ) განიხილავს და სააგენტოს უფროსს დასამტკიცებლად წარუდგენს სასერტიფიკაციო გამოცდის შედეგებს;
ე) ამზადებს დასკვნას სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემის, შეჩერების, გაუქმების ან სახელმწიფო სერტიფიკატის გაცემაზე უარის თქმის შესახებ და წარუდგენს სააგენტოს უფროსს;
ვ) პასუხისმგებელია რეესტრის შექმნასა და განახლებაზე;
ზ) ამზადებს ვეტერინარული ქცევის კოდექსის პროექტს, როგორც სტანდარტს, რომელიც განსაზღვრავს ვეტერინარული პროფესიული ეთიკის პრინციპებს და დასამტკიცებლად წარუდგენს სააგენტოს უფროსს;
თ) ამზადებს საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი დაწესებულების შერჩევის წესის პროექტს და წარუდგენს სააგენტოს უფროსს;
ი) განიხილავს და ითანხმებს პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს, რომელიც მომზადებულია მის მიერ ან წარმოდგენილია საგანმანათლებლო დაწესებულების ან/და პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორცეიელებლი იურიდიული პირის მიერ;
კ) იმ შემთხვევაში, თუ პროფესიული მომზადების/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამებს შეითანხმებს საბჭო, პროფესიული მომზადებისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განმახორციელებელი იურიდიული პირის მიერ პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვება მოხდება „პროფესიული მომზადების პროგრამისა და პროფესიული გადამზადების პროგრამის განხორციელების უფლების მოპოვებისა და სახელმწიფოს მიერ აღიარებულად ჩათვლის წესისა და პირობების დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2019 წლის 15 მარტის №131 დადგენილების შესაბამისად;
ლ) მის მიერ მომზადებული პროგრამის განხორციელებისათვის არჩევს დაწესებულებას (სამეცნიერო-კვლევითი ცენტრი, უნივერსიტეტი და ა. შ.), რომელიც უზრუნველყოფს საბჭოს მიერ წარდგენილი პროფესიული მომზადება/გადამზადების საგანმანათლებლო პროგრამის შესაბამისად მომზადების/სწავლების ჩატარებას;
მ) აზუსტებს და განაახლებს პროფესიული განვითარების პროგრამებს;
ნ) მონაწილეობას იღებს ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის სავალდებულო განათლებისა და მომზადების მინიმალური სტანდარტების შემუშავებაში, უმაღლეს და პროფესიულ განათლებაზე პასუხისმგებელ შესაბამის ორგანოებთან თანამშრომლობით;
ო) ატარებს მოკვლევას ვეტერინარის/ვეტერინარი ტექნიკოსის საქმიანობის კანონმდებლობასთან და ვეტერინარის საქმიანობის სტანდარტებთან შესაბამისობის დადგენის მიზნით და, საჭიროების შემთხვევაში, ამზადებს დასკვნას პასუხისმგებლობის ზომის თაობაზე, მათ შორის, ადგენს ამ წესის მე-15 მუხლით განსაზღვრული პირისთვის პროფესიული განვითარების დამატებით მოთხოვნებს;
პ) ადგენს ვეტერინარულ პრაქტიკაზე ზედამხედველობის განხორციელების წესს და აწესებს ვეტერინარულ პრაქტიკაზე სათანადო ზედამხედველობას;
ჟ) აძლევს სააგენტოს უფროსს რჩევას საბჭოს საქმიანობიდან გამომდინარე ნებისმიერ საკითხთან დაკავშირებით, რომელსაც საბჭო მიზანშეწონილად მიიჩნევს;
რ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობას განვითარებას;
ს) საჭიროების შემთხვევაში, წარადგენს რეკომენდაციებს სხვა ქვეყანაში მიღებული, ან მათ მიერ აღიარებული ვეტერინარული კვალიფიკაციების ურთიერთაღიარების მიზნებისათვის, ასევე დიპლომების, ხარისხებისა და ფორმალური კვალიფიკაციის სხვა მტკიცებულებების რეგისტრაციის მიზნებისათვის;
ტ) ხელს უწყობს ვეტერინარული საქმიანობის განმახორციელებელ და ვეტერინარული მომსახურების მიმღებ პირებს შორის ინფორმაციის გაცვლას;
უ) ყოველწლიურად წარუდგენს ანგარიშს სააგენტოს უფროსს;
ფ) ახორციელებს ამ წესით, სხვა ნორმატიული აქტებითა და საბჭოს დებულებით განსაზღვრულ სხვა უფლებამოსილებებ