1. სამხედრო მოსამსახურე:
ა) ხელმძღვანელობს პროფესიული ცოდნის, უნარ-ჩვევებისა და გამოცდილების შესაბამისად, საკუთარი და მისთვის გადაცემული (დელეგირებული) უფლებამოსილების ფარგლებში იღებს რაციონალურ გადაწყვეტილებებს სამხედრო სამსახურის ინტერესების გათვალისწინებით შესაბამისი სამართლებრივი რეგულაციების საფუძველზე და უზრუნველყოფს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილებებისა და განხორციელებული ქმედებების დასაბუთებას;
ბ) მზადაა პროფესიული ცოდნა და გამოცდილება გაუზიაროს თანამშრომლებს;
გ) ინარჩუნებს სიმშვიდეს რთულ და სტრესულ ვითარებაში;
დ) იუმჯობესებს სამხედრო, ტექნიკურ, პროფესიულ და ზოგადი ცოდნის დონესა და უნარ-ჩვევებს. მონაწილეობს, მისი საჭიროებების გათვალისწინებით შერჩეულ, პროფესიული განვითარების პროგრამებში;
ე) ავლენს ბრძოლისუნარიანობის მაღალ დონეს და წარმატებით ასრულებს საბრძოლო დავალებებს;
ვ) მოქმედებს სამხედრო სამსახურში არსებული სუბორდინაციის წესების დაცვით;
ზ) სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით პირველ რიგში უკავშირდება უშუალო მეთაურს/უფროსს და მისი გვერდის ავლით არ აწარმოებს ზემდგომ თანამდებობის პირთან სამსახურებრივ საკითხებზე კომუნიკაციას, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა;
თ) იცავს სამსახურში გამოცხადების, სამუშაო დროის დაწყებისა და დამთავრების, სამსახურში დაგვიანების შეტყობინების შინაგანაწესით გათვალისწინებულ წესებს;
ი) უზრუნველყოფს თავისი სამსახურებრივი როგორც მატერიალური, ისე ელექტრონული დოკუმენტაციის შენახვასა და მოწესრიგებას;
კ) მტკიცედ იცავს სამხედრო ფიცისა და სამხედრო წესდებების მოთხოვნებს;
ლ) ერთგულად ასრულებს მხედრულ მოვალეობას;
მ) სამაგალითოა სხვა სამხედრო მოსამსახურეებისა და საზოგადოებისათვის;
ნ) ემორჩილება მეთაურს/უფროსს, ზედმიწევნით და დროულად ასრულებს მეთაურის/უფროსის დავალებებს.
2. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია:
ა) გაუფრთხილდეს თავის სამხედრო წოდებას, პატივსა და ღირსებას, სამხედრო სამსახურის რეპუტაციას, სახელმწიფო და საზოგადოებრივ ქონებას, აანაზღაუროს მისი ბრალეული ქმედებით მიყენებული ზიანი, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
ბ) არ გაახმაუროს მისთვის ცნობილი კონფიდენციალური ინფორმაცია, დოკუმენტი და პერსონალური მონაცემები, რომელთა გამჟღავნებამ შეიძლება გამოიწვიოს მესამე პირის ინტერესის შელახვა, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული შემთხვევებისა. სამხედრო მოსამსახურემ არ უნდა აწარმოოს კონფიდენციალური საუბარი სხვა პირთა თანდასწრებით. სამხედრო მოსამსახურემ ოჯახის წევრებთან და მეგობრებთან სამსახურთან დაკავშირებულ საკითხებზე ყოფით საუბრებში უნდა გამოიჩინოს ზომიერება და სიფრთხილე;
გ) მკაცრად დაიცვას მისთვის განდობილი სახელმწიფო საიდუმლო;
დ) სამხედრო სამსახურში ჩადენილი სამართალდარღვევის შესახებ ინფორმაცია დაუყოვნებლივ აცნობოს მის უშუალო მეთაურს/უფროსს და სამხედრო პოლიციას, თუ ის უშუალოდ შეესწრო აღნიშნულ სამართალდარღვევას;
ე) უარი თქვას ნებისმიერი სახის უკანონო შემოთავაზებაზე, არ გამოიყენოს თანამდებობრივი მდგომარეობა, სამსახურებრივი პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი ან/და საშვი რაიმე სახის უპირატესობის ან სარგებლის მიღების მიზნით;
ვ) სამხედრო ფორმის ტანსაცმლით არ შევიდეს სამორინესა და სათამაშო აპარატების სალონში, ღამის კლუბში ან სხვა გასართობ დაწესებულებაში, რომელიც შეუფერებელია სამხედრო სამსახურისთვის (გარდა ოპერატიულ-სამძებრო ღონისძიებებთან დაკავშირებული სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების შემთხვევებისა);
ზ) თავი შეიკავოს სოციალურ ქსელებში სამსახურებრივი საკითხების არამართლზომიერი განხილვა-გაშუქების, უხამსი/არაეთიკური ტერმინოლოგიის და ვიდეო-ფოტომასალის განთავსებისაგან;
თ) დაიცვას ქცევის წესები სასწავლო პროცესის მიმდინარეობისას (ლექციის მიმდინარეობისას დაუშვებელია ხელის შეშლა და სხვა ტიპის შეუსაბამო ქმედება).
3. სამხედრო მოსამსახურე ვალდებულია შეასრულოს მეთაურის/უფროსის დავალება, რომელიც შეესაბამება საქართველოს კანონმდებლობას იმ შემთხვევაშიც, თუ ასეთი დავალების შესრულება არ განეკუთვნება მის ფუნქციებს და მისი შესრულება აუცილებელია სტიქიური უბედურებისა და უბედური შემთხვევის თავიდან დროულად ასაცილებლად, ქონების დაღუპვისა და გაფუჭებისაგან დასაცავად, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც ამგვარი დავალების შესრულება საზიანოა სამხედრო მოსამსახურის ჯანმრთელობისათვის ან აშკარად აღემატება მის შესაძლებლობებ