1. წესის მიზნებისთვის, წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:

ა) სარკინიგზო უსაფრთხოების წესი –  „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესი;

ბ) სარკინიგზო საწარმო/გადამზიდველი – იურიდიული პირი, რომლის საქმიანობაა რკინიგზით ტვირთის გადაზიდვა ან/და მგზავრთა გადაყვანა, იმ დაშვებით, რომ იგი უზრუნველყოფს მატარებლების წევის განხორციელებას. სარკინიგზო საწარმოდ მიიჩნევა აგრეთვე ის იურიდიული პირი, რომელიც მხოლოდ მატარებლების წევას ახორციელებს;

გ) ინფრასტრუქტურის მენეჯერი – იურიდიული პირი, რომელიც პასუხისმგებელია სარკინიგზო ინფრასტრუქტურის მოწყობისთვის, მართვისა და მოვლა-შენახვისთვის, მათ შორის, მოძრაობის მართვისთვის, აგრეთვე სიგნალიზაციის, მემანქანის მართვისა და კონტროლის სისტემებზე, სარკინიგზო ქსელზე ან მის ნაწილზე. აღნიშნული ტერმინი ასევე მოიცავს მისასვლელი ლიანდაგის მფლობელს;

დ) ზედამხედველობა – სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს სარკინიგზო საწარმოებისა და ინფრასტრუქტურის მენეჯერების მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულების და უსაფრთხოების მართვის სისტემის ეფექტურობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით;

ე) მონიტორინგი – სარკინიგზო საწარმოს და ინფრასტრუქტურის მენეჯერის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მათ მიერ დანერგილი უსაფრთხოების მართვის სიტემის ყველა ელემენტის, მათ შორის, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ორგანიზაციული რისკების კონტროლის ზომების სწორად გამოყენებისა და ეფექტურობის შემოწმება;

ვ) ინსპექტირება – ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ინფრასტრუქტურის მენეჯერის და სარკინიგზო საწარმოს საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება;

ზ) ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას;

თ) ზედამხედველობის ობიექტი – სარკინიგზო საწარმო, რომელიც ფლობს უსაფრთხოების სერტიფიკატს  და ინფრასტრუქტურის მენეჯერი, რომელსაც მინიჭებული აქვს უსაფრთხოების ავტორიზაცია;

ი) მნიშვნელოვანი შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან პასუხისმგებლობის დაკისრებას;

კ) შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას;

ლ) მაკორექტირებელი ღონისძიება – ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება;

მ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, მათ შორის სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით;

ნ) უსაფრთხოების საერთო მეთოდები ((Common Safety Methods) CSM) – მეთოდები, რომლებიც აღწერენ, თუ როგორ ფასდება უსაფრთხოების დონეები, უსაფრთხოების მიზნების მიღწევა და უსაფრთხოების სხვა მოთხოვნებთან შესაბამისობა;

ო) უსაფრთხოების საერთო ინდიკატორები ((Common Safety Indicators) CSI) – სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ინდიკატორების ერთობლიობა, რომლებსაც აგროვებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სარკინიგზო ტრანსპორტის სააგენტო, წლიური ანგარიშების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევების შეფასება და სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და  საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლე