პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2024 2024 წლის 12 დეკემბერი ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამ კონვენციით ელექტრონული ფორმით გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№№1/2024
სარეგისტრაციო კოდი
480610000.03.030.016805
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 31/12/2024
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 
 
 

 

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2024

2024 წლის 12 დეკემბერი

ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანის თაობაზე ამ კონვენციით ელექტრონული ფორმით გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენებასთან დაკავშირებით, რომელიც ამოქმედდება 2025 წლის 1 იანვრიდან

ერთობლივი კომიტეტი,

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის[1] და კერძოდ, 4(3)(ა) მუხლის გათვალისწინებით,                               

ვინაიდან:           

(1) 2020 წლის დასაწყისში კომისიამ აცნობა პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონალური კონვენციის ხელშემკვრელ მხარეებს (შემდგომში “კონვენცია”), რომ კოვიდ-19-ის პანდემიისა და შემდგომში, მთელ რიგ ხელშემკვრელ მხარეებში საბაჟო ორგანოებსა და ეკონომიკურ ოპერატორებს შორის კონტაქტების შეჩერების გამო, ხელშემკვრელი მხარეების უმეტესობა ვერ ახერხებდა პრეფერენციული წარმოშობის სერტიფიკატების მიწოდებას საჭირო ფორმით, კერძოდ ხელმოწერით, საბაჟოს დამოწმებით ან ქაღალდის სწორი ფორმატით.

(2) ხელშემკვრელი მხარეების აბსოლუტურმა უმრავლესობამ მიზანშეწონილად მიიჩნია განსაკუთრებული ზომების მიღება კონვენციით გათვალისწინებული პრეფერენციული სავაჭრო შეთანხმებების სრულად განხორციელების უზრუნველსაყოფად. ეს განსაკუთრებული ზომები ხელშემკვრელმა მხარეებმა გაატარეს ორმხრივი სარგებლიანობის საფუძველზე, გამოიყენეს რა წარმოშობის წესების შესაბამისი დებულებები.

(3) კოვიდ-19-ის პანდემიის დროს, ზოგიერთმა ხელშემკვრელმა მხარემ შეიმუშავა ან გადააკეთა სერტიფიკატების ელექტრონულად გაცემის არსებული ელექტრონული სისტემები, რათა დაბალანსებულიყო მოქნილობის საჭიროება კონვენციის I დანართში გადაზიდვის სერტიფიკატების მოცემული ფორმატის მოთხოვნების დაცვის საჭიროებასთან.

(4) ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო ორგანოებს შეეთავაზათ გადაზიდვის სერთიფიკატების აღაირება პრეფერენციული წარმოშობის მიზნებისათვის, გაცემული ელექტრონული ფორმით და დადასტურებული კომპეტენტური ორგანოების ციფრული ხელმოწერით, შტამპით ან ბეჭდით, ან ქაღალდის ასლით ან ელექტრონული ფორმით (სკანირებული ან ხელმისაწვდომი ონლაინურად) კონვენციის I დანართის 24-ე მუხლით გათვალისწინებული მოქნილობის საფუძველზე.

(5) 2022 წლის 16 ივნისს გამართულ შეხვედრაზე ერთობლივ კომიტეტს მიეწოდა ინფორმაცია ხელშემკვრელი მხარის მოთხოვნის შესახებ, შენარჩუნდეს განსაკუთრებული ზომების შემოღებით დანერგილი სათანადო პრაქტიკა, რომელიც კოვიდ-19-ის პანდემიის დროს იქნა მიღებული, რათა ეკონომიკურ ოპერატორებს ესარგებლათ გადაზიდვის სერთიფიკატების დიგიტალიზაციით.

(6) ხელშემკვრელმა მხარეებმა აღიარეს, რომ კოვიდ-19-ის პანდემიის გამო გატარებული განსაკუთრებული ზომების ფარგლებში პრეფერენციული ვაჭრობისთვის ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერთიფიკატების გამოყენების შედეგად მიღებული გამოცდილება დადებითი იყო და გადაწყვიტეს შეინარჩუნონ განსაკუთრებული ზომების ფარგლებში დანერგილი კარგი პრაქტიკა, ერთობლივი მუშაობით საერთო სისტემის შემოღების მიზნით, რომელიც დაფუძნებულია წარმოშობის ელექტრონულ მტკიცებულებებსა და ელექტრონულ ადმინისტრაციულ თანამშრომლობაზე პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის ზონის ფარგლებში.

(7) ხელშემკვრელი მხარეები მიიჩნევენ, რომ გადასვლა სისტემაზე, რომლის ფარგლებში ელექტრონული ფორმით გაიცემა გადაზიდვის სერთიფიკატები და უზრუნველყოფილია ელექტრონულ-ადმინისტრაციული თანამშრომლობა კონვენციის ფარგლებში, არის პირველი ნაბიჯი პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის რეგიონში წარმოშობის მტკიცებულებების სრული დიგიტალიზაციისკენ, განსაკუთრებით კონვენციაში შეტანილი ცვლილების ძალაში შესვლის გათვალისწინებით, რომელიც დამტკიცებულია ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებით[2].

(8) გადაზიდვის სერტიფიკატების ელექტრონულად გაცემისთვის შექმნილმა სისტემებმა ხელშემკვრელი მხარეების საბაჟო ორგანოები უნდა უზრუნველყონ შესაძლებლობით, მყისიერად გადაამოწმონ მათი ნამდვილობა.                                                                                                                                                                             

(9) 2023 წლის 7 დეკემბერს ერთობლივმა კომიტეტმა მიიღო გადაწყვეტილება №1/2023[3] კონვენციის ფარგლებში ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენების შესახებ. შესაბამისად, ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენების მკაფიო სამართლებრივი ჩარჩოს და თანმიმდევრულობის უზრუნველსაყოფად, კონვენციის მოქმედი წესებიდან კონვენციის განახლებულ წესებზე გადასვლის კონტექსტში, რომელიც ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს, გადაწყვეტილება №1/2023 უნდა შეიცვალოს, რათა კონვენციის შესწორებულ წესებს დაემატოს ელექტრონულად გაცემული წარმოშობის მტკიცებულებების ზოგადი მოთხოვნები,

იღებს შემდეგ გადაწყვეტილებას:

  

მუხლი 1

1. გადაწყვეტილება №1/2023 შესწორებულია, როგორც მითითებულია ამ გადაწყვეტილების დანართში.                                                                                                                                                                            

2. გადაწყვეტილებაში №1/2023 შეტანილი ცვლილებები ძალაში შევა 2025 წლის 1 იანვარს.                                                                                                                                                                               

მუხლი 2        

ეს გადაწყვეტილება ძალაში შედის მისი მიღების დღიდან.

 

შესრულებულია ბრიუსელში, 2024 წლის 12 დეკემბერს.                                                                                                                                                                                            

ერთობლივი კომიტეტის სახელით

 

თავმჯდომარე

 

მარია იზაბელ გარსია კატალანი                       (ხელმოწერილია)

                                                                                                                                                                                                                                                             

დანართი

 

ერთადერთი მუხლი

პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის №1/2023 გადაწყვეტილებაში ცვლილების შეტანა                                                                                                                                                                          

გადაწყვეტილების №1/2023 დანართის ერთადერთი მუხლის მე-5 პუნქტი, პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის მე-17 მუხლის მე-4 პუნქტი შეიცვალა შემდეგნაირად:

“4. პირველი პუნქტის მიზნებისათვის, ორი ან მეტი ხელშემკვრელი მხარის თანხმობით შესაძლებელია სისტემის შექმნა, რომლის დახმარებით მოხერხდება 1-ელ პუნქტში ჩამოთვლილი წარმოშობის მტკიცებულებების ელექტრონულად გაცემა ან/და ელექტრონულად წარდგენა.

სანამ ასეთი სისტემა არ შეიქმნება, ხელშემკვრელი მხარეებისთვის მისაღები იქნება იმპორტისას წარდგენილი ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერთიფიკატები, იმ პირობით, რომ:

(ა) გადაზიდვის სერტიფიკატები ელექტრონულად გაცემულია IV დანართში მოცემული მოდელის მიხედვით;

(ბ) ექსპორტიორი ხელშემკვრელი მხარის საბაჟო ორგანოები უზრუნველყოფენ ინტერნეტზე დაფუძნებულ უსაფრთხო ონლაინსისტემას ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების ნამდვილობის შესამოწმებლად;

(გ) ელექტრონულად გაცემულ გადაზიდვის სერთიფიკატებზე დატანებულია უნიკალური სერიული ნომერი და უსაფრთხოების მახასიათებლები, ასეთის არსებობის შემთხვევაში, რომლითაც მათი იდენტიფიცირება შესაძლებელია; და

(დ) თარიღი, როდესაც ხელშემკვრელი მხარე იწყებს გადაზიდვის სერტიფიკატების ელექტრონულ გაცემას, მითითებულია შეტყობინებებში, რომლებიც გამოქვეყნებულია ევროკავშირის ოფიციალურ ჟურნალში (სერია C) და ხელშემკვრელ მხარეებში მოქმედი პროცედურების შესაბამისად.                                                                                                                                                                                      

ხელშემკვრელ მხარეს შეუძლია შეაჩეროს ელექტრონული ფორმით გაცემული გადაზიდვის სერთიფიკატების მიღება, თუ ზემოაღნიშნული პირობები არ არის დაკმაყოფილებული და ამ შემთხვევაში წინასწარ უნდა აცნობოს სხვა ხელშემკვრელ მხარეებს ამის თაობაზე ერთობლივი კომიტეტის სამდივნოს მეშვეობით. შეჩერების შემთხვევაში, (დ) პუნქტში მითითებულ შეტყობინებებში უნდა აღინიშნოს შეჩერების დაწყების თარიღი.”.

 


[1] OJ EU L 54, 26.2.2013, გვ. 4.

[2] პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის გადაწყვეტილება №1/2024 პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონულ კონვენციაში შესატანი ცვლილების თაობაზე (OJ EU L 2024/390, 19.2.2024, ELI: http://data.europa.eu/eli/dec/2024/390/oj).

[3] 2023 წლის 7 დეკემბრის პან-ევრო-ხმელთაშუა ზღვის პრეფერენციული წარმოშობის წესების შესახებ რეგიონული კონვენციის ერთობლივი კომიტეტის რეკომენდაცია №1/2023 ელექტრონულად გაცემული გადაზიდვის სერტიფიკატების გამოყენების შესახებ (OJ EU L 2024/243, 15.1.2024, ELI:    http://data.europa.eu/eli/reco/2024/243/oj).