1. ამ თავის მიზნებისთვის, უსაფრთხოება გულისხმობს ღონისძიებებს სახიფათო ტვირთის ქურდობის ან არასათანადოდ გამოყენების რისკის შემცირების მიზნით, რამაც შესაძლოა საფრთხე შეუქმნას ადამიანებს, გარემოს ან/და ქონებას.

2. ყველა პირი, რომელიც ჩართულია სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში, ვალდებულია გაითვალისწინოს უსაფრთხოების ამ თავში მითითებული და ასევე „ტექნიკური რეგლამენტის – ბირთვული და რადიოაქტიური ნივთიერებების ტრანსპორტირების წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2018 წლის 7 თებერვლის №72 დადგენილებითა და რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნები, მისი პასუხისმგებლობის ფარგლებში.

3. სახიფათო ტვირთის გადამზიდველი უნდა იყოს სათანადოდ იდენტიფიცირებული.

4. სივრცეები, რომლებიც განთავსებულია დროებითი დასაწყობების ტერმინალების, დროებითი დასაწყობების ადგილების, დეპოების, ნავსადგურების და სატვირთო სადგურების/ეზოების შიგნით, რომლებიც გამოიყენებიან სახიფათო ტვირთის გადაზიდვისას მისი დროებითი დასაწყობებისთვის, უნდა იყოს სათანადოდ დაცული, კარგად განათებული და, აუცილებლობის შემთხვევაში, გარეშე პირებისთვის ხელმიუწვდომელი.

5. იმ მატარებლის ბრიგადის თითოეული წევრი, რომლითაც გადაიზიდება სახიფათო ტვირთი, ვალდებულია გადაზიდვისას თან იქონიოს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტი (ფოტოსურათით).

6. მომეტებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას გადამზიდველებმა, ტვირთგამგზავნებმა და გადაზიდვის სხვა მონაწილეებმა უნდა მიიღონ, სისრულეში მოიყვანონ და იმოქმედონ უსაფრთხოების უზრუნველყოფის გეგმის შესაბამისად, რომელიც უნდა შეიცავდეს, სულ მცირე, შემდეგ საკითხებს:

ა) უსაფრთხოების უზრუნველყოფასთან დაკავშირებული მოვალეობების კონკრეტული განაწილება პირებზე, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი კომპეტენცია, კვალიფიკაცია და უფლებამოსილება;

ბ) შესაბამისი სახიფათო ტვირთებისა თუ სახიფათო ტვირთების ტიპების შესახებ ჩანაწერები;

გ) მიმდინარე ოპერაციების მიმოხილვა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შეფასება, მათ შორის, სატრანსპორტო ოპერაციისთვის აუცილებელი ნებისმიერი გაჩერება, სახიფათო ტვირთების შენახვა ვაგონებში, ცისტერნასა თუ კონტეინერში რეისამდე, რეისის განმავლობაში და მის შემდეგ და სახიფათო ტვირთების შუალედური, დროებითი დასაწყობება ტრანსპორტის სახეობების შეცვლის პროცესსა თუ სატრანსპორტო ერთეულებს შორის გადატვირთვის პროცესში, კონკრეტული სიტუაციიდან გამომდინარე;

დ) იმ ღონისძიებების ჩამონათვალი, რომლებიც მიღებული უნდა იქნეს უსაფრთხოებასთან დაკავშირებული რისკების შესამცირებლად;

ე) დროული და ეფექტიანი პროცედურები საფრთხეების, უსაფრთხოების დარღვევებისა და უსაფრთხოებასთან დაკავშირებული შემთხვევების შესახებ ანგარიშგებისა და მათი აღმოფხვრის ეფექტური და განახლებული პროცედურები;

ვ) უსაფრთხოების გეგმების შეფასებასა და გამოცდასთან დაკავშირებული მეთოდები და გეგმების პერიოდული შემოწმებისა და განახლების პროცედურები.

7. მომეტებული საფრთხის ტვირთების ან რადიოაქტიური ნივთიერებების გადაზიდვისას უნდა მოხდეს იმ მოწყობილობების, დანადგარების ან დაცვის სისტემების გამოყენება, რომლებიც უზრუნველყოფენ სატრანსპორტო საშუალების ან/და მისი ტვირთის მოპარვის პრევენციას და მიღებული უნდა იქნეს სათანადო ზომები, რათა აღნიშნული მოწყობილობები, დანადგარები ან დაცვის სისტემები ყოველთვის იყოს გამართულ მდგომარეობაში. აღნიშნული ზომების მიღებამ საფრთხე არ უნდა შეუქმნას საავარიო სიტუაციის შექმნისას გადაუდებელი ღონისძიებების განხორციელება