1. თუ სახიფათო ტვირთის დატვირთვის, შევსების, გადაზიდვის ან გადმოტვირთვის დროს საქართველოს ტერიტორიაზე მოხდა სერიოზული სარკინიგზო შემთხვევა, სარკინიგზო შემთხვევა ან ინციდენტი, მტვირთავი, შემვსები, გადამზიდველი, გადმომტვირთავი, ტვირთმიმღები ან ინფრასტრუქტურის მენეჯერი, ვალდებულია აღნიშნულის თაობაზე სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია შემთხვევის დადგომიდან არაუგვიანეს ერთი თვის ვადაში, XI დანართით გათვალისწინებული ფორმით.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ანგარიშგებას ექვემდებარება:

ა) სახიფათო ტვირთის გამოთავისუფლების შემთხვევა, რომელიც გულისხმობს პროდუქტის დანაკარგს (მაგალითად: გაჟონვას, დაფანტვას ან დაყრას) შემდეგი პირობებით:

ა.ა) „0“ ან „1“ სატრანსპორტო კატეგორიისას 50 კგ/50 ლ ან მეტი ოდენობით;

ა.ბ) „2“ სატრანსპორტო კატეგორიისას 333 კგ/333 ლ ან მეტი ოდენობით;

ა.გ) „3“ ან „4“ სატრანსპორტო კატეგორიისას 1 000 კგ/1 000 ლ ან მეტი ოდენობით.

ბ) შემთხვევა, როდესაც არსებობს პროდუქტის გარდაუვალი დაკარგვის რისკი „ა“ ქვეპუნქტში მითითებული ოდენობებით;

გ) შემთხვევა, როდესაც გამოვლინდა მატერიალური ან გარემოსადმი მიყენებული ზიანი, რომელიც გულისხმობს სახიფათო ტვირთის გამოთავისუფლებას, მიუხედავად მისი რაოდენობისა, სადაც ზიანის ოდენობა აღემატება 50 000 ევროს (ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში);

დ) შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის ჯანმრთელობის დაზიანება (დაშავება ან ექსპოზირება) რომელიც:

დ.ა) მოითხოვს ინტენსიურ სამედიცინო მკურნალობას (მაგალითად: ჯანმრთელობაზე მუდმივი ინტენსიური მეთვალყურეობა, ფარმაკოლოგიური მხარდაჭერა, ქირურგიული ჩარევა და სხვა);

დ.ბ) მოითხოვს, სულ მცირე, 24 საათით საავადმყოფოში განთავსებას (ჰოსპიტალიზაცია);

დ.გ) იწვევს შრომისუუნარობას მინიმუმ სამი თანმიმდევრული დღით;

ე) შემთხვევა, რომელმაც გამოიწვია ადამიანის გარდაცვალება;

ვ) შემთხვევა, როდესაც უწყებების ჩართულობა გახდა აუცილებელი.

3. მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული პროდუქტის დაკარგვის რისკი არსებობს მაშინ, თუ ივარაუდება, რომ კონსტრუქციის დაზიანების გამო ტვირთის შემაკავებელი საშუალება აღარ არის ვარგისი შემდგომი გადაზიდვისთვის ან თუ სხვა მიზეზის გამო უსაფრთხოების დამაკმაყოფილებელი დონე არ არის უზრუნველყოფილი (მაგალითად, დაზიანებულია ცისტერნები ან კონტეინერები, გადაბრუნებულია ცისტერნა ან ხანძარია მის მახლობლად).

4. მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზიანის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში არ მიიღება სახიფათო ტვირთის გადამზიდველი სატრანსპორტო საშუალების ან სარკინიგზო ინფრასტრუქტურის დაზიანება.

5. მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უწყებების ჩართულობა ნიშნავს უწყებების ან საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის პირდაპირ ჩართულობას სახიფათო ტვირთთან დაკავშირებული შემთხვევისგან გამოწვეული საფრთხის გამო, ადამიანების ევაკუაციისას ან საზოგადოებრივი მოძრაობის მარშრუტის (რკინიგზა/რკინიგზასთან ტვირთის მისატანად განკუთვნილი გზა, მათ შორის, საავტომობილო და საქვეითო გზა) დაკეტვისას, სულ მცირე, სამი საათის ხანგრძლივობით.

6. 6.2 კლასის (ინფექციური ნივთიერებები) სახიფათო ტვირთის შემთხვევაში ამ თავით გათვალისწინებული ანგარიშის წარდგენის ვალდებულება ვრცელდება გამოთავისუფლებული პროდუქტის რაოდენობრივი შეზღუდვის გარეშე.

7. მე-7 კლასის (რადიოაქტიური მასალა) სახიფათო ტვირთის შემთხვევაში უნდა შესრულდეს რადიაციული დაცვის, ბირთვული უსაფრთხოებისა და დაცულობის სფეროში მოქმედი ეროვნული კანონმდებლობის მოთხოვნები და შესაბამისი სალიცენზიო პირობებ