2. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს ძირითადი სამეცნიერო ბიბლიოთეკა, რომელშიც დაცულია საქართველოს ბეჭდვითი გამოცემები, სხვა სახელმწიფოების სამეცნიერო და უნივერსალური ხასიათის უმნიშვნელოვანესი ბეჭდვითი გამოცემები და სხვა დოკუმენტები. ეროვნული ბიბლიოთეკა არის აგრეთვე ეროვნული ბიბლიოგრაფიის, ინფორმაციის, სამეცნიერო-კვლევითი სამუშაოების, ბიბლიოთეკების მეთოდური საქმიანობისა და კულტურის ცენტრი და ამ სამუშაოების კოორდინატორი სამინისტროსთან ერთად.

3. ეროვნული ბიბლიოთეკა საქართველოს საბიბლიოთეკო სისტემის მთავარი ბიბლიოთეკაა, რომელიც ორგანიზაციას უწევს საბიბლიოთეკო, ბიბლიოგრაფიულ და სამეცნიერო-ინფორმაციულ საქმიანობას, ასევე ხელს უწყობს ეროვნული და მსოფლიო კულტურის, მეცნიერებისა და განათლების განვითარებას. ეროვნული ბიბლიოთეკა არის საქართველოს მთავარი სახელმწიფო წიგნსაცავი, ქართული ნაბეჭდი ერთეულის დეპოზიტარიუმი, განსაკუთრებული მნიშვნელობის კულტურულ-საგანმანათლებლო, სამეცნიერო, საინფორმაციო და საბიბლიოთეკო-მეთოდური ცენტრი.

4. ეროვნული ბიბლიოთეკა თავის საქმიანობაში ხელმძღვანელობს საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – ილია ჭავჭავაძის სახელობის საქართველოს ეროვნული ბიბლიოთეკის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საბიბლიოთეკო საქმის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონით, „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ“ საქართველოს კანონით, „დოკუმენტის სავალდებულო ეგზემპლარის შესახებ“ საქართველოს კანონით, საქართველოს სხვა საკანონმდებლო და კანონქვემდებარე აქტებით და ამ დებულებით.

5. ეროვნულ ბიბლიოთეკას აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, ბეჭედი და შტამპი საკუთარი დასახელებით, ბლანკი, ანგარიში სახელმწიფო ხაზინაში, საანგარიშსწორებო და სხვა ანგარიშები საბანკო დაწესებულებებში, ასევე იურიდიული პირისათვის დამახასიათებელი სხვა ატრიბუტები და რეკვიზიტები.

6. ეროვნული ბიბლიოთეკის ადგილსამყოფელია ქ. თბილისი, ლადო გუდიაშვილის ქ. №5/7; სულხან ცინცაძის ქ. №63; კასპის ქ. №7 და ქ. ქუთაისი, ნიკეას ქ. №10.

თავი II

ეროვნული ბიბლიოთეკის ძირითადი ამოცანა და ფუნქციე