თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ

ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№2-352
სარეგისტრაციო კოდი
340170000.22.023.016904
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 23/06/2025
🕸️ გრაფი — კავშირების ვიზუალიზაცია
← უკუმითითება ცვლილება → 🧬 სემანტიკური ეს აქტი
🧬 სემანტიკურად მსგავსი დოკუმენტები — 10

ეს დოკუმენტები ნაპოვნია ვექტორული ემბედინგების (AI) საშუალებით — მათი შინაარსი ყველაზე ახლოსაა ამ აქტის ტექსტთან.

დოკუმენტის ტექსტი

 

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის

ბრძანება №2-352

2025 წლის 19 ივნისი

ქ. თბილისი

 

თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმის დამტკიცების შესახებ

„ცხოველთა გადამდები დაავადებების საწინააღმდეგო პროფილაქტიკურ-საკარანტინო ღონისძიებათა განხორციელების წესების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 ივლისის №348 დადგენილების პირველი მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით დამტკიცებული „თურქულის დაავადებასთან ბრძოლის პროფილაქტიკურ და საკარანტინო ღონისძიებათა წესის (დანართი №1)“ მე-60 მუხლის მე-5 პუნქტის საფუძველზე, ვბრძანებ :


მუხლი 1

დამტკიცდეს თანდართული „თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“.

მუხლი 2
ეს ბრძანება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიდავით სონღულაშვილი
📎 დანართები (1)
2-352_დანართი.docx

თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა

მუხლი 1. ზოგადი დებულებები

1. „თურქულის დაავადების აფეთქების შემთხვევაში განსახორციელებელი საგანგებო გეგმა“ (შემდგომ-გეგმა) მიზნად ისახავს თურქულის წინააღმდეგ ეფექტური რეაგირების უზრუნველყოფას საქართველოში.

2. ეს გეგმა ფოკუსირებულია რისკების იდენტიფიცირებაზე, ვირუსის ცირკულაციის შემცირებასა და შემდეგ აღმოფხვრაზე.

3. ხელმისაწვდომი რესურსების გამოყენება ოპტიმიზებულია საკონტროლო ზომების განხორციელებით ჯაჭვის კრიტიკულ საკონტროლო წერტილებზე, სადაც ამ ზომების გავლენა არის ყველაზე მიშვნელოვანი. კრიტიკული საკონტროლო წერტილები შეიძლება იყოს საწარმოები ან/და ფერმები და/ან კონკრეტული სადგომები, სადაც თურქულის გავრცელების ან/და ზემოქმედების რისკი ყველაზე მაღალია.

4. გეგმის წარმატებული განხორციელება მოითხოვს თანამშრომლობას სხვადასხვა უწყებების წარმომადგენლებსა და ამ სფეროში დასაქმებულ ბიზნესოპერატორებს შორის. ეს გეგმა განმარტავს ყველა მხარის როლს დაავადების გავრცელების პრევენციასა და მისი კონტროლის პროცესებში.

5. გეგმის განახლება უნდა მოხდეს ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.

მუხლი 2. სსიპ - სურსათის ეროვნული სააგენტოს ფუნქციები და ვალდებულებები

1. თურქულზე ეპიდემიოლოგიური კეთილსაიმედოობის უზრუნველყოფის სახელმწიფო კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში - სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ-სურსათის ეროვნული სააგენტო (შემდგომ - სააგენტო).

2. სააგენტო უზრუნველყოფს:

ა) ამთვისებელი სამიზნე ცხოველების კამპანიური ხასიათის პროფილაქტიკური ვაქცინაციის გეგმის შემუშავებას (რისკების გათვალისწინებით), საჭირო ოდენობის ვაქცინებისა და დამხმარე აღჭურვილობების გაანგარიშებას, შესყიდვას;

ბ) დაავადების საეჭვო ან/და სავარაუდო შემთხვევის დროს ნიმუშების აღებას და სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებულ სსიპ - სოფლის მეურნეობის სახელმწიფო ლაბორატორიაში (შემდგომში - სახელმწიფო ლაბორატორია) გადაგზავნას;

გ) ნიმუშის სახელმწიფო ლაბორატორიაში გადაგზავნის შემდგომ ინფორმაციის შეყვანას დაავადებებზე ზედამხედველობის ელექტრონულ ინტეგრირებულ სისტემაში (დზეის), რომელშიც ჩართულია სახელმწიფო ლაბორატორია;

დ) კვლევის შედეგის შესახებ დაინტერესებული მხარის ინფორმირებას;

ე) საკარანტინო ღონისძიებების გეგმის პროექტის შემუშავებას და გადაგზავნას ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოში;

ვ) დაავადების კერაში საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებას (დაავადების ამთვისებელი ცხოველების ვაქცინაცია, დეზინფექცია, დეზინფექციის შემდგომი ხარისხის შემოწმება დაავადების აღმძვრელის არსებობაზე);

ზ) ვაქცინაციის შემდგომ საფრთხის ქვეშ მყოფი ტერიტორიის მონიტორინგს.

მუხლი 3. დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრი

1. დაავადების აფეთქების შემთხვევაში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დაავადების კონტროლის ეროვნული ცენტრის (შემდგომ - ცენტრი) შექმნა, რომლის მიერ მოხდება ქვეყნის მასშტაბით დაავადების კონტროლთან დაკავშირებული გადაწყვეტილებების მიღება.

2. ცენტრის შემადგენლობაში შედიან:

ა) საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის მოადგილე (სააგენტოს კურატორი) - ცენტრის თავმჯდომარე;

ბ) სააგენტოს უფროსი;

გ) სააგენტოს უფროსის მოადგილე (მთავარი ვეტერინარი (CVO));

დ) სამინისტროს შესაბამისი პირველადი სტრუქტურული ერთეულის წარმომადგენელი;

ე) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსი;

ვ) სააგენტოს ვეტერინარიის დეპარტამენტის უფროსის მოადგილე (კურატორი მოადგილე);

ზ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი;

თ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსის მოადგილე;

ი) სააგენტოს იურიდიული დეპარტამენტის წარმომადგენელი;

კ) სააგენტოს ცხოველთა განსაკუთრებით საშიში ინფექციური დაავადებების ზედამხედველობის სამმართველოს უფროსი სპეციალისტი;

ლ) სააგენტოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსი;

მ) დარგის ექსპერტები.

3. ცენტრი პასუხისმგებელია:

ა) დაავადებაზე აუცილებელი კონტროლის ზომების განსაზღვრაზე;

ბ) თურქულის კონტროლის რეგიონული ცენტრების მიერ ამ ზომების მყისიერად და ეფექტურად განხორცილების უზრუნველყოფაზე;

გ) თურქულის კონტროლის რეგიონული ცენტრების პერსონალის და სხვა რესურსების ამოქმედებაზე;

დ) სხვა ქვეყნების და ეროვნული კომპეტენტური ორგანოებისთვის, მათ შორის, გარემოს დამცველი ორგანოების, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებისთვის, ინფორმაციის მიწოდებაზე;

ე) გადაუდებელი ვაქცინაციის კამპანიის ორგანიზებაზე და ვაქცინაციის ზონების დადგენაზე;

ვ) დიაგნოსტიკურ ლაბორატორიებთან ურთიერთთანამშრომლობაზე;

ზ) გარემოს დამცველ შესაბამის უწყებებთან კომუნიკაციაზე, ვეტერინარული და გარემოს დაცვის უსაფრთხოების ზომების კოორდინაციაზე;

თ) მედიასთან კომუნიკაციაზე;

ი) სამართალდამცავ ორგანოებთან ურთიერთთანამშრომლობაზე, რათა გარანტირებული იყოს სპეციალური სამართლებრივი ღონისძიებების ადეკვატურად განხორციელება.

მუხლი 4. შესაბამისი ღონისძიებების განხორციელების პროცესში ჩართული მხარეები

სააგენტო ცხოველების ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრევენციულ და საკონტროლო/სალიკვიდაციო ღონისძიებებს ახორციელებს სახელმწიფო ლაბორატორიასთან თანამშრომლობით. თუმცა, ეპიზოოტიასთან დაკავშირებით სწრაფი და ეფექტური ღონისძიებების კოორდინირებულად განხორციელებაში ჩართულია:

ა) სსდ გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი;

ბ) მოწვეული ადგილობრივი და საერთაშორისო ექსპერტები;

გ) სახელმწიფო რწმუნებული ტერიტორიულ ერთეულში;

დ) ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მერია;

ე) ცხოველზე პასუხისმგებელი პირი.

მუხლი 5. სახელმწიფო ლაბორატორია

1. სახელმწიფო ლაბორატორია ახორციელებს ცხოველთა დაავადებების დიაგნოსტიკას, გასცემს დასკვნებს (გამოცდის ოქმი) ჩატარებული ლაბორატორიული გამოკვლევების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ახორციელებს ვაქცინების ტესტირების ჩატარებას, დროულად აწვდის სააგენტოს ინფორმაციას ლაბორატორიული გამოკვლევების შედეგების შესახებ, საჭიროების შემთხვევაში, ატარებს პოსტვაქცინალურ კვლევებს.

2. სახელმწიფო ლაბორატორია უზრუნველყოფს:

ა) თურქულზე საეჭვო ან/და სავარაუდო ცხოველების პათოლოგიური მასალის ნიმუშების ლაბორატორიულ დიაგნოსტიკას;

ბ) კვლევის შედეგის შეტყობინებას დაინტერესებული მხარეებისათვის.

3. სახელმწიფო ლაბორატორიაში დაავადებაზე გამოსაკვლევად ნიმუშები აღებული და შეტანილი უნდა იქნას ბიოუსაფრთხოების წესების დაცვით და ნიმუშების აღების სტანდარტული ოპერაციული პროცედურების გათვალისწინებით.

მუხლი 6. ექსპერტთა ჯგუფი

სააგენტოს მიერ იქმნება ექსპერტთა ჯგუფი შემდეგი შემადგენლობით: ვეტერინარი ეპიდემიოლოგი, ვეტერინარი ვირუსოლოგი და მეცნიერი ვერტერინარი, რომელიც დაეხმარება სააგენტოს:

ა) თურქულის აფეთქებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში:

ა.ა) კლინიკური სურათისა და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის შეფასებაში;

ა.ბ) განსახორციელებელ დამატებით ზომებთან ერთად, ნიმუშის აღებასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით, თურქულის დიაგნოსტიკისათვის;

ბ) თურქულის ეპიდემიის შემთხევაში სულ მცირე:

ბ.ა) კლინიკური სურათის ადგილზე შეფასებასა და ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ჩატარებაში, რათა შეაგროვოს საჭირო ინფორმაცია შემდეგის დასადგენად:

ბ.ა.ა) ინფექციის წარმოშობა;

ბ.ა.ბ) ინფექციური აგენტების შეტანის თარიღი;

ბ.ა.გ) დაავადების შესაძლო გავრცელება;

გ) სკრინინგის, ნიმუშის აღებასა და გამოკვლევებთან დაკავშირებით;

დ) თურქულის კონტროლის ზომებისა და სტრატეგიის განსაზღვრაში, მათ შორის კონსულტაციის გაწევაში სადგომებსა ან შენობებში ბიოუსაფრხოების ღონისძიებებისა და გადაუდებელი ვაქცინაციის თაობაზე;

ე) გეოგრაფიული, მეტეოროლოგიური და სხვა აუცილებელი ეპიდემიოლოგიური მონაცემების შეგროვებაში;

ვ) ეპიდემიოლოგიური მონაცემების გაანალიზებასა და რისკის შეფასების განახორციელებაში, რეგულარული ინტერვალებით;

ზ) ცხოველების ტანხორცისა და ნარჩენების გადამუშავების პროცესში, გარემოზე ზიანის შემცირებასთან დაკავშირებით.

მუხლი 7. პასუხისმგებელი პირის ვალდებულებები

პასუხისმგებელი პირი, რომელიც ფლობს ცხოველს ან/და პასუხისმგებელია ცხოველის მოვლა შენახვაზე, ვალდებულია:

ა) ითანამშრომლოს სააგენტოსთან და შეასრულოს სააგენტოს მითითებები ცხოველების დიაგნოსტიკური გამოკვლევის, დაავადების საწინააღმდეგო ვაქცინაციის, დეზინფექციის/დეზინსექციის/დერატიზაციისა და საკარანტინო ღონისძიებების განხორციელებისას;

ბ) სააგენტოს მიაწოდოს ინფორმაცია საფრთხის შემცველ ტერიტორიაზე არსებულ სადგომში ახალი ცხოველების შეყვანის შესახებ.

მუხლი 8. ზომები თურქულზე ეჭვის არსებობის დროს

1. თურქულზე ეჭვის არსებობის შემთხვევაში, დაუყონებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს.

2. თურქულზე ეჭვის არსებობად ჩაითვლება, თუ დაავადების დამახასიათებელი კლინიკური სიმპტომები გამოვლინდება ერთ ან მეტ ცხოველში, ან გაკვეთის დასკვნების ან ლაბორატორიული გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, ან ინფიცირებულ ნახირთან ან ცხოველიდან პირდაპირი ან არაპირდაპირი კონტაქტის შემთხვევაში.

3. დაავადებაზე ეჭვის მიტანის შესახებ ინფორმაციის მიღებისთანავე, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა უზრუნველყოს დაავადების არსებობის დადასტურება ან გამორიცხვა ლაბორატორიული გამოკვლევებით და დააწესოს ზედამხედველობა სადგომზე, რა დროსაც უნდა:

ა) განხორციელდეს სადგომში მყოფი ყველა კატეგორიის ცხოველის აღწერა, ამთვისებელი ცხოველის თითოეულ კატეგორიასთან დაკავშირებით მოხდეს მკვდარი ცხოველების, დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე საეჭვო ცხოველების რაოდენობის დადგენა;

ბ) განახლდეს ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული აღწერის შედეგები იმ ამთვისებელი ცხოველების გათვალისწინებით, რომლებიც დაიბადნენ ან დაიხოცნენ საეჭვო პერიოდში. ასეთი ინფორმაცია წარდგენილი უნდა იყოს მფლობელის მიერ სააგენტოს მოთხოვნისთანავე და ექვემდებარება სააგენტოს მიერ შემოწმებას თითოეული ვიზიტის დროს;

გ) განხორციელდეს ცხოველური პროდუქტების, მათ შორის, რძის, რძის ნაწარმის, ხორცის, ასევე, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის ყველა მარაგის, ასევე ცხოველის საკვების მარაგის დადგენა/აღწერა და მონაცემების შენახვა;

დ) აიკრძალოს ნებისმიერი ცხოველის გადაადგილება (შეყვანა ან გამოყვანა) სადგომიდან, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სადგომს აქვს სხვადასხვა ეპიდემიოლოგიური წარმოების ერთეული და როცა სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი იმყოფება ერთსა და იმავე ან სხვა შენობაში იზოლირებულად;

ე) გამოყენებული იქნეს შესაბამისი სადეზინფექციო საშუალებები შენობებში ან ადგილებში, სადაც ამთვისებელი ცხოველები იმყოფებიან ან სადგომში შესვლისას ან გამოსვლისას;

ვ) განხორციელდეს ეპიდემიოლოგიური მოკვლევა;

ზ) ეპიდემიოლოგიური მოკვლევის ხელშესაწყობად, ლაბორატორიული

გამოკვლევებისათვის მოხდეს საჭირო ნიმუშების აღება;

თ) აიკრძალოს სადგომიდან:

თ.ა) ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ცხოველური პროდუქტების, მათ შორის, ხორცის, რძის ან რძის ნაწარმის, ასევე, სპერმის, კვერცხუჯრედის ან ემბრიონის ან ცხოველის საკვების, მატყლის, ტყავის და კანის, ცხოველური ნარჩენების, ნაკელის გატანა, რამაც შეიძლება გამოიწვიოს თურქულის ვირუსის გავრცელება;

თ.ბ) თურქულის არაამთვისებელი ცხოველების გადაადგილება;

თ.გ) სადგომში ადამიანების შესვლა-გასვლა;

თ.დ) სადგომში ტრანსპორტის შესვლა-გასვლა.

4. ეპიდემიოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე, სააგენტო ქმნის დროებითი კონტროლის ზონას, თუ არის ამთვისებელი ცხოველების მაღალი სიმჭიდროვე, ამთვისებელ ცხოველებთან შეხებაში მყოფი ცხოველებისა და პირების ინტენსიური მოძრაობა, იგვიანებს სავარაუდო სტატუსის შესახებ შეტყობინება, ან არასაკმარისია ინფორმაცია თურქულის ვირუსის შესაძლო წარმოშობისა და სადგომში შეტანის გზების შესახებ.

მუხლი 9. თურქულზე ეჭვის არსებობისას ამთვისებელი ცხოველებიდან ნიმუშების აღება

1. თუ ეს შესაძლებელია, კლინიკური კვლევები უნდა მოიცავდეს ნიმუშის აღებას:

ა) ცხოველებისგან, რომლებიც ავლენენ თურქულის კლინიკურ ნიშნებს;

ბ) ცხოველებისგან, რომლებიც სავარაუდოდ მოკვდნენ საეჭვო/დადასტურებული დაავადებისგან;

გ) ცხოველებისგან, რომლებსაც აქვთ ეპიდემიოლოგიური კავშირი საეჭვო ან დადასტურებულ შემთხვევასთან;

დ) ცხოველებისაგან, რომლებმაც მიიღეს დადებითი ან არასაბოლოო შედეგები წინა ლაბორატორიულ გამოკვლევებში.

2. იმ სადგომში, სადაც არსებობს ეჭვი თურქულის შესახებ, მაგრამ არ არის გამოხატული კლინიკური ნიშნები, ამთვისებელი ცხოველებიდან აღებულ უნდა იქნეს ნიმუშები ისე, რომ გამოვლინდეს 5% პრევალენტობა, მინიმუმ 95%-იანი სანდოობით.

3. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა შეირჩეს სააგენტოს მითითებების შესაბამისად. შესამოწმებელი ცხოველები და ნიმუშის აღების მეთოდი უნდა ითვალისწინებდეს დაავადების პროფილს და:

ა) ნიმუშის აღების მიზანს;

ბ) სადგომში განთავსებულ ცხოველთა სახეობებს;

გ) სადგომში განთავსებული ცხოველების რაოდენობას;

დ) განთავსებული ცხოველების კატეგორიას;

ე) იმ განთავსებულ ცხოველებზე ხელმისაწვდომ ჩანაწერებს ჯანმრთელობასა და

მიკვლევადობაზე, რომლებიც რელევანტურია გამოსაკვლევად;

ვ) სხვა საჭირო ეპიდემიოლოგიურ ფაქტორებს.

მუხლი 10. ზომები თურქულის დადასტურების შემთხვევაში

1. თურქულის დადასტურების შემთხვევაში, სააგენტოსა და მუნიციპალიტეტის შესაბამის ორგანოს შორის, კომპეტენციის ფარგლებში, ხორციელდება თანამშრომლობა ურთიერთდახმარებისა და პრობლემები ერთობლივად გადაჭრის პრინციპზე დაყრდნობით. აღნიშნული მოიცავს შემდეგ ღონისძიებებს:

ა) ვეტერინარული კარანტინის დროს თურქულის აღმძვრელის გავრცელების, ლოკალიზაცია-ლიკვიდაციის მიზნით კარანტინის დაწესებას, მოხსნასა და მის გატარებაში ხელშეწყობას;

ბ) ადმინისტრაციულ ტერიტორიაზე თურქულის საწინააღმდეგო ზომების გატარებაში ხელშეწყობას.

2. კარანტინი წესდება და იხსნება სააგენტოს მოთხოვნის საფუძველზე:

ა) მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის მიერ;

ბ) ერთზე მეტი მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში − ამ მუნიციპალიტეტების ადმინისტრაციულ საზღვრებში მოქმედი სახელმწიფო რწმუნებულის − გუბერნატორის ან საქართველოს მთავრობის მიერ.

3. თურქულის აფეთქების დადასტურებისთანავე, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ამ გეგმის მე-8 მუხლში მითითებული ზომების გარდა, სადგომში დაუყოვნებლივ გატარდეს შემდეგი ზომები:

ა) ყველა ამთვისებელი ცხოველი მოიკლას ადგილზე. გამონაკლის შემთხვევებში, ამთვისებელი ცხოველები შეიძლება მოიკლას შესაბამის უახლოეს ადგილას სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ და იმგვარად, რომ ტრანსპორტირებისა და დაკვლის დროს თავიდან იქნეს აცილებული თურქულის ვირუსის გავრცელების რისკი;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა უზრუნველყოს, რომ ამთვისებელი ცხოველების მოკვლამდე ან მოკვლის დროს ეპიდემიოლოგიური მოკვლევისათვის აღებულ იქნას ყველა საჭირო ნიმუში სათანადო რაოდენობით;

გ) სადგომში მკვდარი ამთვისებელი ცხოველების ტანხორცი და ამ პუნქტის ,,ა“ ქვეპუნქტის შესაბამისად მოკლული ცხოველების ტანხორცი უნდა გადამუშავდეს დაუყოვნებლივ, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნას აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;

დ) უნდა მოხდეს ცხოველური პროდუქტის, მათ შორის, რძის, რძის ნაწარმის, ხორცის, ასევე, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის იზოლირება, ვიდრე დაბინძურება არ აღმოიფხვრება, ან გადამუშავდეს ან დამუშავდეს სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინტრუქციების შესაბამისად ისე, რომ გარანტირებული იყოს თურქულის გამომწვევი ვირუსის განადგურება;

ე) შენობებს, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები, ამ შენობების გარშემო ტერიტორიას და ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებისთვის გამოყენებულ სატრანსპორტო საშუალებებს, ისევე როგორც მოწყობილობებს, უნდა ჩაუტარდეს დეზინფექცია კანონმდებლობით დადგენილი მოთხოვნების შესაბამისად;

ვ) საფუძვლინი ეჭვის არსებობისას, თუ სადგომში ადამიანების საცხოვრებელი ან საოფისე ტერიტორია დაბინძურებულია თურქულის გამომწვევი ვირუსით, ასეთი ტერიტორიები ასევე ექვემდებარება დეზინფექციას შესაბამისი საშუალებებით.

მუხლი 11. დასუფთავება და დეზინფექცია

1. დასუფთავებისა და დეზინფექციის სამუშაოები უნდა მოიცავდეს სათანადო მავნებლების კონტროლს, ამავე დროს, რამდენადაც შესაძლებელია, უნდა შემცირდეს ასეთი სამუშაოების შედეგად წარმოქნილი ნებისმიერი უარყოფითი ზემოქმედება გარემოზე და საზოგადოებრივ ჯანმრთელობაზე.

2. დასუფთავების და დეზინფექციის საერთო პრინციპები და პროცედურებია:

ა) დასუფთავების და დეზინფექციის სამუშაოები უნდა განხორციელდეს სააგენტოს ზედამხედველობის ქვეშ,სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული ინსტრუქციების თანახმად;

ბ) თურქულის ვირუსის განადგურების მიზნით, გამოსაყენებელი სადეზინფექციო საშუალებებისა და მათი კონცენტრაციების გამოყენება უნდა მოხდეს სააგენტოს ნებართვით;

გ) სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შემოწმება უნდა მოხდეს გამოყენებამდე, რათა თავიდან იქნეს აცილებული კონკრეტული სადეზინფექციო საშუალებების მოქმედების შესუსტება ხანგრძლივი შენახვის შედეგად;

დ) სადეზინფექციო საშუალებების და დეზინფექციის პროცედურების შერჩევა უნდა განხორციელდეს შენობა-ნაგებობების, სატრანსპორტო საშუალებების და იმ ობიექტების ტიპის გათვალისწინებით, რომელებიც უნდა დამუშავდეს;

ე) ცხიმის გამცლელი ნივთიერებების და სადეზინფექციო საშუალებების გამოყენება უნდა მოხდეს ისეთ პირობებში, რომ ზიანი არ მიადგეს ან არ შემცირდეს აღნიშნული ნივთიერებების ეფექტურობა;

ვ) გამოსაყენებელი საშუალების, თანმხლებ ინსტრუქციაში მითითებული პირობების გათვალისწინებით, აუცილებელია შემდეგი წესების დაცვა:

ვ.ა) სადენზიფექციო საშუალებებით ქვეშსაფენის და ფეკალური მასის სრული გაჟღენთვა;

ვ.ბ) სადგომების დემონტაჟის შემდეგ მიწის, იატაკის, ჭერისა და კედლების, ასევე მოწყობილობებისა და ინსტალაციების დასუფთავება და ჯაგრისით გახეხვა, რათა არ შემცირდეს დასუფთავებისა და დეზინფექციის პროცედურების ეფექტურობა;

ვ.გ) გაწმენდითი სამუშაოების დროს გამოყენებული წყლის გაუვნებელყოფა ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გავრცელების რისკი, სახელმწიფო ვეტერინარის მიერ გაცემული რეკომენდაციის შესაბამისად;

ვ.დ) წნევით სითხეებით წმენდისას, უკვე დასუფთავებული ან დეზინფიცირებული ნაწილის ხელახალი დაბინძურებისთავიდან აცილება;

ვ.ე) სავარაუდოდ დაბინძურებული მოწყობილობის, დანადგარების და საგნების დასუფთავება, დეზინფექცია ან განადგურება;

ვ.ვ) დეზინფექციის დამთავრების შემდეგ, განმეორებითი დაბინძურების თავიდან აცილება;

ვ.ზ) დასუფთავებისა და დეზინფექციების პროცედურებთან დაკავშირებული ყველა ღონისძიების შესახებ შესაბამისი ჩანაწერების გაკეთება დამოწმებული სახელმწიფო ვეტერინარის მიერ, რომელიც უნდა ინახებოდეს შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირთან;

ვ.თ) დეზინფექციის საშუალებების გამოყენების ხანგრძლივობა მწარმოებლის რეკომენდაციის მიხედვით.

3. დაინფიცირებული სადგომების დასუფთავების და დეზინფექციის დროს გათვალისწინებული უნდა იქნეს შემდეგი სპეციფიკური მოთხოვნები:

ა) წინასწარი დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ა.ა) ცხოველების მოკვლისას მიღებულ უნდა იქნეს ყველა აუცილებელი ზომა, რათა თავიდან იქნეს აცილებული ან მინიმუმამდე დაყვანილი თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელება. აღნიშნული ღონისძიება მოიცავს დროებითი სადეზინფექციო მოწყობილობის დამონტაჟებას, დამცავი ტანსაცმლის, შხაპების უზრუნველყოფას, გამოყენებული მოწყობილობის, ინსტრუმენტების და შენობა-ნაგებობების დასუფთავებას, ვენტილაციისთვის ენერგომომარაგების შეწყვეტას;

ა.ბ) მოკლული ცხოველების სხეულები უნდა გაიჟღინთოს სადეზინფექციო საშუალებებით;

ა.გ) სადგომიდან მათი გატანის აუცილებლობისას გადამუშავებისა და განადგურების მიზნით, გამოყენებულ უნდა იქნეს დახურული და წყალშეუღწევადი კონტეინერები;

ა.დ) დამუშავების მიზნით, ამთვისებელი ცხოველების ტანხორცის გატანისთანავე, სადგომის ის ნაწილები, რომელშიც განთავსებული იყვნენ ეს ცხოველები და სხვა ადგილები, რომლებიც დაბინძურდა მათი მოკვლის, დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების დროს უნდა დამუშავდეს შესაბამისად;

ა.ე) ნებისმიერი ქსოვილი ან სისხლი, რომელმაც შეიძლება გამოჟონოს დაკვლის ან დაკვლისშემდგომი შემოწმების ან შენობების, ეზოების, ჭურჭლის ან სხვა მასობრივი დაბინძურების დროს, ფრთხილად უნდა შეგროვდეს და დამუშავდეს;

ა.ვ) გამოყენებული სადეზინფექციო საშუალებები დამუშავებულ ზედაპირზე უნდა დარჩეს არანაკლებ 24 საათის განმავლობაში;

ბ) საბოლოო დასუფთავება და დეზინფექცია, რომლის დროსაც:

ბ.ა) ნაკელი და ქვეშსაგები გატანილი და დამუშავებული უნდა იქნეს ამ მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად;

ბ.ბ) ცხიმი და ჭუჭყი მოცილებულ უნდა იქნეს ყველა ზედაპირიდან ცხიმის მომცილებელი ნივთიერებების გამოყენებით დაზედაპირები უნდა დამუშავდეს წყლით;

გ) ცივი წყლით გარეცხვის შემდეგ, დამატებითი სადეზინფექციო საშუალებების შესხურება.

4. დაბინძურებული ქვეშსაგების, ნაკელისა და წუნწუხის დეზინფექციისას:

ა) ნაკელი და გამოყენებული ქვეშსაგები უნდა შეგროვდეს, უმჯობესია 1 კგ. ნაკელზე 100 კგ. გრანულირებული ჩაუმქრალი კირის დამატებით, და მთელ გროვაზე შენარჩუნდეს არანაკლებ 70 C ტემპერატურა, შესხურდეს სადეზინფექციო საშუალებები და დაყოვნდეს არანაკლებ 42 დღის განმავლობაში. ამ ხნის მანძილზე გროვები უნდა დაიფაროს ან განმეორებით დაშტაბელდეს ყველა შრის თერმული დამუშავების უზრუნველყოფის მიზნით;

ბ) ნაკელის თხევადი ფაზა და წუნწუხი დაყოვნებულ უნდა იქნეს არანაკლებ 42 დღე დაინფიცირებული მასალის ბოლო დამატებიდან, ეს ვადა შეიძლება გაგრძელდეს იმ შემთხვევაში, თუ წუნწუხი ძლიერ დაბინძურდება ან არახელსაყრელი მეტეოროლოგიური პირობებია. მოცემული ვადა შეიძლება შემოკლდეს იმ შემთხვევაში, თუ სადეზინფექციო საშუალების დამატების შედეგად pH მაჩვენებელი მთელ ნივთიერებაში შეიცვლება იმგვარად, რომ გაანადგურებს თურქულის გამომწვევ ვირუსს.

მუხლი 12. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა

1. თურქულის აფეთქებასთან დაკავშირებით ეპიდემიოლოგიური მოკვლევა ხორციელდება ვეტერინარების მიერ.

2. ეპიდემიოლოგიური მოკვლევა უნდა ითვალისწინებდეს:

ა) დროის ინტერვალს, ვირუსის სადგომში შესაძლო არსებობაზე ეჭვის გაჩენიდან თურქულის დაავადების შეტყობინებამდე;

ბ) სადგომში თურქულის შესაძლო წარმოშობასა და სხვა სადგომის იდენტიფიკაციას, სადაც ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ იმავე წყაროდან;

გ) შესაძლო მასშტაბს, რომლითაც მსხვილფეხა საქონლისა და ღორისებრი ცხოველების გარდა სხვა ამთვისებელი ცხოველები შეიძლება დაინფიცირდნენ ან მოხდა კონტამინაცია;

დ) პირების, სატრანსპორტო საშუალებების, ცხოველების და რძის, რძის ნაწარმის, ხორცის, ხორცის პროდუქტების, ტანხორცის, ტყავისა და კანის, მატყლის, სპერმის, ემბრიონის, კვერცხუჯრედის, ნაკელის გადაადგილებისას შესაძლებელია ვირუსის გადატანა დაინფიცირებული სადგომიდან სხვა სადგომში.

მუხლი 13. სასაკლაოზე, სასაზღვრო გამშვებ პუნქტსა და სატრანსპორტო საშუალებებში გასატარებელი ზომები

თუ თურქულის დადასტურდება სასაკალაოზე ან სასაზღვრო გამშვებ პუნქტში ან სატრანსპოტო საშუალებებში, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ დაინფიცირებული საწარმოს ან სატრანსპორტო საშუალების მიმართ გამოყენებული იყოს შემდეგი ზომები:

ა) ყველა ამთვისებელი ცხოველი დაუყონებლივ უნდა მოიკლას;

ბ) ამ მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტში მითითებული ცხოველების ტანხორცი უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის დაავადების გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;

გ) დაინფიცირებული ან დაინფიცირებასა და კონტამინაციაზე საეჭვო ამთვისებელი ცხოველები, სხვა ცხოველური ნარჩენები, მათ შორის, სუბპროდუქტები უნდა გადამუშავდეს სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ ისე, რომ თავიდან იქნეს აცილებული თურქულის გამომწვევი ვირუსის გავრცელების რისკი;

დ) ნაკელი და ნარჩენები დაექვემდებაროს დეზინფექციას;

ე) შენობებისა და მოწყობილობების, მათ შორის, მანქანების ან სატრანსპორტო საშუალებების დასუფთავება და დეზინფექცია, განხორციელდეს სახელმწიფო ვეტერინარის ზედამხედველობის ქვეშ.

მუხლი 14. ზომები დამცავ ზონაში მდებარე სადგომში

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს დამცავ ზონაში ამთვისებელი ცხოველების სადგომებისა და ამ სადგომებში არსებული ყველა ცხოველის აღწერა შესაძლო მოკლე ვადაში, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა) ამთვისებელი ცხოველების კლინიკური მდგომარეობა და ამთვისებელი ცხოველებიდან ნიმუშების აღება;

ბ) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გაყვანის (გადაადგილების) აკრძალვა.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის ,,გ“ ქვეპუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება, თუ ამთვისებელი ცხოველები პირდაპირ ტრანსპორტირებულია სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ გადაუდებელი დაკვლის მიზნით იმავე დამცავ ზონაში არსებულ სასაკლაოზე ან, თუ ზონას არ აქვს სასაკლაო სააგენტოს მიერ განსაზღვრულ ზონის მიღმა არსებულ სასაკლაოზე სახელმწიფო კონტროლის ქვეშ დასუფთავებული და დეზინფიცირებული სატრანსპორტო საშუალების გამოყენებით.

3. გადაადგილება ნებადართულია, თუ სააგენტოს დააკმაყოფილებს სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველის სახელმწიფო ვეტერინარის მიერ ჩატარებული კლინიკური შემოწმებები და ეპიდემიოლოგიური გარემოებების შეფასების შემდეგ არ არსებობს მიზეზი ვივარაუდოთ, რომ აღნიშნულ სადგომში არის დაინფიცირებული ან კონტამინირებული ცხოველები.

მუხლი 15. ცხოველებისა და მათი პროდუქტების გადაადგილება და ტრანსპორტირება დამცავ ზონაში

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ აკრძალული იქნეს დამცავ ზონაში:

ა) სადგომებს შორის ამთვისებელი ცხოველების გადაადგილება და ტრანსპორტირება;

ბ) ბაზრების, ბაზრობების, გამოფენების და ცხოველების თავშეყრის სხვა ადგილების მოწყობა;

გ) ამთვისებელი ცხოველების გამრავლების მიზნით რეგულარული ვიზიტები;

დ) ხელოვნური განაყოფიერება, კვერცხუჯრედის და ემბრიონების მოგროვება ამთვისებელი ცხოველებისგან.

2. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავი ზონის ამთვისებელი ცხოველებისგან მიღებული ტყავისა და კანის ბაზარზე განთავსება.

3. ამ მუხლის მე-2 პუნქტში მითითებული აკრძალვა არ გამოიყენება იმ ტყავისა და კანის მიმართ, როდესაც დამუშავებულ ტყავს არ ჰქონია შეხება სხვა ცხოველებთან ან ცხოველურ პროდუქტთან, რომელიც შეიძლება წარმოადგენდეს რისკს დაავადების გავრცელებისათვის და სააგენტოს მიერ გაცემულია ავტორიზაცია, სადაც მითითებული იქნება, რომ გატარებულია ყველა ზომა კონტამინაციის თავიდან აცილების მიზნით.

4. სააგენტომ უნდა აკრძალოს დამცავ ზონაში არსებული ცხვრის მატყლის, მცოხნავი ცხოველების ბეწვისა და ღორის ჯაგრის ბაზარზე განთავსება, გარდა კანონმდებლობით გათვალისწინებული გამონაკლისებისა.

მუხლი 16. ზომები საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომის მიმართ

1. სააგენტომ უნდა უზრუნველყოს ამთვისებელი ცხოველების სადგომებისა და ამ სადგომებში არსებული ყველა ცხოველის აღწერა შესაძლო მოკლე ვადაში, რომელთა დათვალიერებისას სახელმწიფო ვეტერინარმა უნდა შეამოწმოს:

ა) ამთვისებელი ცხოველების კლინიკური მდგომარეობა ან ამთვისებელი ცხოველებისგან ნიმუშების აღება;

ბ) იდენტიფიკაცია-რეგისტრაცია საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

გ) ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გაყვანის (გადაადგილების) აკრძალვა.

2. სააგენტოს შეუძლია, არ გაითვალისწინოს, ამთვისებელი ცხოველების სადგომიდან გაყვანის (გადაადგილების) აკრძალვა, თუ საკონტროლო ზონაში არ არის საკმარისი სასაკლაო და დაუშვას საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომიდან ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირება საკონტროლო ზონის მიღმა მდებარე სასაკლაოზე დაკვლის მიზნით, სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ, შემდეგი პირობების დაკმაყოფილების შემთხვევაში:

ა) თუ ჩანაწერების წარმოება ხორციელდება სახელმწიფო კონტროლის ქვეშ და სადგომის ეპიდემიოლოგიური მდგომარეობა არ მიუთითებს თურქულის ვირუსით დაინფიცირებაზე ან კონტამინაციაზე;

ბ) სახელმწიფო ვეტერინარის მიერ განხორციელებული შემოწმების შედეგად სადგომში არსებული ყველა ამთვისებელი ცხოველი აჩვენებს უარყოფით შედეგს;

გ) ცხოველების რეპრეზენტაციული რაოდენობა, არსებული სტატისტიკური პარამეტრების გათვალისწინებით დაექვემდებარა შემდგომ კლინიკურ შემოწმებას, რათა გამოირიცხოს კლინიკურად ინფიცირებული ცხოველების არსებობა ან ეჭვი;

დ) სასაკლაო შერჩეულია სააგენტოს მიერ და მდებარეობს საკონტროლო ზონასთან რაც შეიძლება ახლოს;

ე) ასეთი ცხოველებისგან მიღებული ხორცი უნდა დაექვემდებაროს საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრულ დამუშავებას.

3. სააგენტომ უნდა აკრძალოს ამთვისებელი ცხოველების გაყვანა საკონტროლო ზონაში მდებარე სადგომიდან.

4. დასაშვებია ამ მუხლის მე-3 პუნქქტით განსაზღვრული აკრძალვის გაუთვალისწინებლობა ერთ-ერთი ქვემოთ ჩამოთვლილი მოთხოვნის შესრულებისას:

ა) საკონტროლო ზონაში მდებარე საძოვრებზე სხვადასხვა სადგომიდან ამთვისებელ ცხოველებთან კონტაქტის გარეშე გადაყვანა დამცავ ზონაში ბოლოს დაფიქსირებული თურქულის აფეთქებიდან არანაკლებ 15 დღის შემდეგ;

ბ) ამთვისებელი ცხოველების პირდაპირი ტრანსპორტირება საკონტროლო ზონაში მდებარე სასაკლაოში დაკვლის მიზნით სახელმწიფო ზედამხედველობის ქვეშ;

გ) კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევებში.

მუხლი 17. რეგიონალიზაცია

1. თუ განხორციელებული ზომების მიუხედავად, თურქულის გამომწვევი ვირუსი მაინც ვრცელდება და ეპიზოოტია ინტენსიური ხდება, სააგენტომ უნდა უზრუნველყოს, რომ ტერიტორია დაექვემდებაროს რეგიონალიზაციას ერთი ან მეტი შეზღუდული და თავისუფალი ზონებით.

2. რეგიონალიზაციის შემთხვევაში, სააგენტომ უნდა განახორციელოს სულ მცირე შემდეგი ზომები:

ა) შეზღუდულ ზონაში ამთვისებელი ცხოველების, ცხოველური პროდუქტებისა და საქონლის ტრანსპორტირებისა და გადაადგილების და სატრანსპორტო საშუალებების, როგორც თურქულის გამომწვევი ვირუსის პოტენციური გადამტანების კონტროლი;

ბ) ახალი ხორცის, ნედლი რძის და მარაგში არსებული სხვა პროდუქტების, რომლებიც არ ექვემდებარება შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ გატანას, მიკვლევადობა და ნიშანდება;

გ) გასცეს ავტორიზაცია ვეტერინარის ზედამხედველობით ამთვისებელი ცხოველების და ასეთი ცხოველებისგან მიღებული პროდუქტების, სურსათის, რომელიც გამიზნულია ადამიანის მიერ მოხმარებისთვის, შეზღუდული ზონის ფარგლებს გარეთ გატანაზე.

3. თურქულის აფეთქების შემთხვევაში, შესაბამისად შექმნილ შეზღუდულ ზონაში უნდა განხორციელდეს ამთვისებელი ცხოველების გადაადგილების კონტროლზე შემდეგი ზომები:

ა) მოთხოვნის შემთხვევაში მფლობელებმა უნდა მიაწოდოს სააგენტოს სადგომში შემავალ და გამომავალ ცხოველებთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით მოიცავს არანაკლებ იდენტიფიკაციარეგისტრაციის წესით დადგენილ მოთხოვნებს;

ბ) ამთვისებელი ცხოველების ტრანსპორტირებაში ან მარკეტინგში ჩართულმა პირებმა მოთხოვნისთანავე უნდა მიაწოდონ სააგენტოს მათ მიერ ტრანსპორტირებული ან ბაზარზე განთავსებული ასეთი ცხოველების გადაადგილებასთან დაკავშირებული სათანადო ინფორმაცია. ეს ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით ტრანსპორტიორებისათვის (გადამყვანებისათვის) მოიცავს სულ მცირე შემდეგს:

ბ.ა) სადგომის ან შემკრები ცენტრის მისამართი, თარიღი და დრო ცხოველების აყვანისა;

ბ.ბ) ცხოველთა სახეობა და რაოდენობა;

ბ.გ) დეზინფექციის თარიღი და ადგილი;

ბ.დ) თანმხლები დოკუმენტების დეტალები: მათ შორის, ცხოველების რაოდენობა, მგზავრობის მოსალოდნელი ხანგრძლივობა;

გ) ინფორმაცია ყველა ამთვისებელ ცხოველთან დაკავშირებით, დილერებისათვის მოიცავს სულ მცირე:

გ.ა) მფლობელის დასახელებას, შესყიდვის თარიღს, ცხოველების კატეგორიას, რაოდენობას და საიდენტიფიკაცო ნომერს ან წარმოშობის სადგომის სარეგისტრაციო ნომერს;

გ.ბ) ტრანსპორტიორის (გადამყვანის) მართვის მოწმობის ნომერს;

გ.გ) შემსყიდველის დასახელებას, მისამართსა და ცხოველის საბოლოო დანიშნულების ადილს;

გ.დ) ჯანმრთელობის სერტიფიკატის ნომერს.

4. სააგენტოს შეუძლია, ამ მუხლის პირველ პუნქტში მითითებული ზოგიერთი ან ყველა ზომა გაავრცელოს ნაწილობრივ ან მთლიანად თავისუფალ ზონაზე.

მუხლი 18. ზომები გარეულ ცხოველებში თურქულის დადასტურების შემთხვევაში

1. გარეულ ამთვისებელ ცხოველებში თურქულის პირველადი შემთხვევის დადასტურებისთანავე, დაავადების გავრცელების თავიდან აცილების მიზნით, სააგენტომ დაუყოვნებლივ უნდა:

ა) განაცხადოს პირველადი შემთხვევის გამოვლენის შესახებ საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად;

ბ) მოიწვიოს ეპიდემიოლოგები (ექსპერტთა ჯგუფი), რომელიც სააგენტოს დაეხმარება:

ბ.ა) ეპიდემიოლოგიური სიტუაციის შესწავლაში და დაინფიცირებული ზონის განსაზღვრაში;

ბ.ბ) სათანადო ზომების განსაზღვრაში, რომელიც გამოყენებულ უნდა იქნეს დაინფიცირებულ ზონაში; აღნიშნული ზომები შესაძლოა მოიცავდეს ნადირობის შეჩერებას და გარეული ცხოველების მისატყუებლად გამოკვების აკრძალვას;

ბ.გ) აღმოფხვრის გეგმის შედგენაში;

ბ.დ) აუდიტების ჩატარებაში, დაინფიცირებული ზონიდან თურქულის აღმოფხვრისათვის გატარებული ზომების ეფექტიანობის დასადგენად;

გ) განახორციელოს სახელმწიფო ზედამხედველობა დაინფიცირებულ ზონაში მდებარე ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომებზე, რომლის დროსაც:

გ.ა) უნდა განხორციელდეს ყველა სახეობისა და კატეგორიის ამთვისებელი ცხოველების ოფიციალური აღწერა ყველა სადგომში;

გ.ბ) დაინფიცირებულ ზონაში მდებარე სადგომებში მყოფი ყველა ამთვისებელი ცხოველი რჩება თავის სადგომში ან სხვა ადგილას, სადაც შესაძლებელია მათი იზოლირება გარეული ცხოველებისგან. გარეულ ცხოველებს არ უნდა ჰქონდეთ წვდომა ისეთ მასალაზე, რომელიც შესაძლოა კონტაქტში მოხვდეს სადგომში მყოფ ამთვისებელ ცხოველებთან;

გ.გ) არცერთი ამთვისებელი ცხოველი არ უდა იქნეს შეყვანილი ან გაყვანილი სადგომიდან, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ეპიდემიოლოგიური სიტუაციიდან გამომდინარე, ავტორიზაცია გაცემული იქნება სააგენტოს მიერ;

გ.დ) გამოყენებული იქნება დეზინფექციის სათანადო საშუალებები იმ შენობების შესასვლელებში, გამოსასვლელებსა და სადგომებში, სადაც განთავსებულია ამთვისებელი ცხოველები;

გ.ე) გარეულ ცხოველებთან კონტაქტში მყოფი ყველა პირის მიერ გამოყენებული იქნება შესაბამისი ჰიგიენური ზომები, ვირუსის გავრელების რისკის შემცირების მიზნით; დასაშვებია ამ პირებისთვის ამთვისებელი ცხოველების შემცველ სადგომში შესვლაზე დროებითი აკრძალვის დაწესება;

გ.ვ) სადგომში თურქულის სიმპტომების მქონე ყველა ამთვისებელი დაავადებული და მკვდარი ცხოველი მოწმდება თურქულის არსებობაზე;

გ.ზ) მოკლული ან მკვდარი გარეული ცხოველის არცერთი ნაწილი, ასევე არცერთი მასალა ან მოწყობილობა, რომელიც სავარაუდოდ დაბინძურებული იყო თურქულის გამომწვევი ვირუსით, არ უნდა იქნეს შეტანილი სადგომში, სადაც იმყოფებიან ამთვისებელი ცხოველები.

2. თუ თურქული გარეულ ცხოველებში დაფიქსირდა სხვა ქვეყნის ტერიტორიასთან ახლოს, სააგენტომ უნდა ითანამშრომლოს შესაბამის უწყებებთან თურქულის კონტროლის ზომების დადგენის პროცესში.

მუხლი 19. განსაკუთრებული ეპიდემიოლოგიური ზომების გატარება

თუ ამ გეგმაში მითითებული ზომების განხორციელებისას სააგენტო ჩათვლის, რომ რომელიმე ზომა არ შეესაბამება ეპიდემიოლოგიურ მდგომარეობას, ან თუ ამ გეგმის შესაბამისად გატარებული ზომების მიუხედავად თურქულის ვირუსის გავრცელების საფრთხე მაინც არსებობს, სააგენტოს უფლება აქვს, დაუყოვნებლივ, დროის განსაზღვრულ მონაკვეთში, განახორციელოს ეპიდემიოლოგიური გარემოების შესაბამისი ეკვივალენტური ეპიდემიოლოგიური ეფექტის მქონე ალტერნატიული ზომები.

მუხლი 20. თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინაცია

1. საჭიროების შემთხვევაში, თურქულის ეფექტური კონტროლისთვის, სააგენტოს შეუძლია:

ა) შეიმუშაოს ვაქცინაციის გეგმა;

ბ) დააწესოს ვაქცინაციის ზონები.

2. თურქულის გავრცელების თავიდან აცილებისა და დაავადების ზედამხედველობის მიზნით ვაქცინაციის ზონები უნდა აკმაყოფილებდეს რისკის შემამსუბუქებელი ზომების მოთხოვნებს.

3. ინაქტივირებული ვაქცინები:

ა) ტრადიციული თურქულის საწინააღმდეგო ვაქცინები, შეიცავენ ერთი ან მეტი ქიმიურად ინაქტივირებული უჯრედოვანი კულტურისგან მიღებული ვირუსის შტამის პრეპარატების განსაზღვრულ რაოდენობას, რომელიც შერეულია შესაბამის დამხმარე ადიუვანტთან და დამხმარე ნივთიერებებთან.

ბ) თურქულის ვაქცინები შეიძლება კლასიფიცირდეს, როგორც „სტანდარტული“, ან როგორც „უფრო მაღალი“ პოტენციის ვაქცინები.

4. სტანდარტული ვაქცინები (კომერციული ვაქცინები):

ა) ფორმულირებულია საკმარისი ანტიგენითა და შესაბამისი ადიუვანტით, რათა ჰქონდეს მინიმუმ 3 PD50 [50% დამცავი დოზა] პოტენციის დონე;

ბ) უზრუნველყოფს 6 თვის იმუნიტეტს ორი თავდაპირველი ვაქცინაციის შემდეგ, 1 თვიანი ინტერვალით.

5. სტანდარტული ვაქცინების (კომერციული ვაქცინების) შტამების შერჩევა ხდება ცირკულირებად შტამებთან ანტიგენური ურთიერთობის საფუძველზე.

6. გავრცელებული ცირკულაციური შტამების წინააღმდეგ ფართო ანტიგენური დაფარვის უზრუნველსაყოფად ბევრი მათგანი მრავალვალენტურია.

7. მაღალი პოტენციის ვაქცინები (გადაუდებელი ვაქცინები): ფორმულირებულია საკმარისი ანტიგენითა და შესაბამისი ადიუვანტით, რათა ჰქონდეს მინიმუმ 6 PD50 [50% დამცავი დოზა] პოტენციის დონე.

8. უფრო მაღალი ეფექტურობის მქონე ვაქცინები რეკომენდებულია მოწყვლადი პოპულაციების ვაქცინაციისთვის, მათი იმუნიტეტის გაცილებით ფართო სპექტრისა და დაცვის სწრაფად დადგომის გამო.

9. კონვენციური ცოცხალი თურქულის ვაქცინები მიუღებელია ვირულენტობის შებრუნებითი საფრთხისა და იმ გარემოების გამო, რომ მათი გამოყენება ხელს შეუშლის ინფექციის გამოვლენას ვაქცინირებულ ცხოველებში.

მუხლი 21. პერსონალის ცნობიერების დონის ამაღლება, რეგულარული სწავლება და მოსახლეობის ინფორმირებულობა

1. დაავადების საეჭვო, სავარაუდო და დადასტურებული შემთხვევის შესახებ ინფორმირებულობის უზრუნველსაყოფად:

ა) სააგენტომ მოსახლეობას და დაინტერესებულ მხარეებს უნდა მიაწოდოს ინფორმაცია დაავადების აღმოსაფხვრელად საჭირო ღონისძიებების შესახებ და მათი ჩართულობის აუცილებლობაზე;

ბ) ღონისძიების ჩატარების პროცესში მოსახლეობაში უნდა დარიგდეს შესაბამისი ინფორმაციის შემცველი ბუკლეტები, ბროშურები და პლაკატები;

გ) ურთიერთინფორმირებულობის მიზნით, სააგენტოს წარმომადგენლებმა უნდა იხელმძღვანელონ „ცხოველთა დაავადებების შემთხვევების შესახებ შეტყობინების გაგზავნის სტანდარტული ოპერაციული პროცედურით“;

დ) სწრაფი კომუნიკაციის მიზნით, ასევე, გამოყენებული უნდა იქნეს სატელეფონო კომუნიკაცია და ელექტრონული ფოსტა;

ე) სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს - რეგიონული სამმართველოს მიერ უნდა განხორციელდეს ადგილობრივ თვითმართველობასთან კომუნიკაცია;

ვ) კომუნიკაციის პროცესში ადგილობრივ თვითმართველობასთან ერთად ჩართული უნდა იყო სააგენტოს ყველა პასუხისმგებელი პირი კომპეტენციიდან გამომდინარე.

2. სააგენტომ რეგულარულად უნდა უზრუნველყოს პერსონალის სწავლება:

ა) დაავადების აღმოფხვრაში ჩართული ბიოუსაფრთხოების საკითხებზე, დაავდების არსზე;

ბ) კლინიკურ ნიშნებზე, ეპიდემიოლოგიურ მოკვლევაზე და დაავადებების კონტროლთან დაკავშირებულ საკითხებზე;

გ) რეალურ დროში სიმულაციურ სწავლებებზე, რომლებიც ტარდება პერიოდულად კანონმდებლობის შესაბამისად;

დ) კომუნიკაციის უნარ-ჩვევებზე, რათა უზრუნველყოფილი იქნას დაავადების შესახებ ცნობიერების ამაღლება ფერმერების, ვეტერინარებისათვის და სხვადასხვა ორგანოებისათვის.

მუხლი 22. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისთვის, ფინანსური და მატერიალური რესურსები

1. ეპიზოოტიის სწრაფი და ეფექტური ლიკვიდაციისათვის, ყველა სახის რესურსსა და ფინანსურ საჭიროებებზე ხელმისაწვდომობა უზრუნველყოფილია „ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა“ სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში.

2. თურქულის საწინააღმდეგოდ პროფილაქტიკური და იძულებითი ვაქცინაციების განსახორციელებლად, ასევე საჭირო ვაქცინის რეზერვებისა და შესაბამისი ინვენტარის შესასყიდად, ცხოველის დაავადებაზე პასიური ზედამხედველობის დროს აღებული ნიმუშების ლაბორატორიული კვლევა ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან გამოყოფილი ასიგნებებით.

3. ვაქცინები, შესაბამისი ნემსები და შპრიცები, სადეზინფექციო საშუალებები, ინვენტარი და პირადი დაცვის მატერიალური აღჭურვილობა დასაწყობებულია სააგენტოს ცენტრალურ ოფისში და მოთხოვნის საფუძველზე ხელმისაწვდომია ტერიტორიული ორგანოებისთვის - რეგიონული სამმართველოებისათვის.

4. ტერიტორიული ორგანოების - რეგიონული სამმართველოების შესაბამის ტერიტორიებზე, საჭიროების შემთხვევაში, ყოველწლიურად საორიენტაციო გეგმებით განსაზღვრული და ადგილზე საჭიროებიდან/რეზერვების არსებობის აუცილებლობიდან გამომდინარე, ხდება სხვადასხვა სახის მატერიალური ფასეულობების გადაცემა - დასაწყობება.

5. სააგენტოს ტერიტორიული 64 ოფისი აღჭურვილია შესაბამისი ტექნიკით და აღჭურვილობით (კომპიუტერი, პრინტერი, GPS-ს აპარატი, მაცივარი ნიმუშებისა და ვაქცინების შესანახად, საველე სამუშაოების განხორციელებისთვის და პერსონალისთვის საჭირო ინვენტარი).

6. უზრუნველყოფილია ცხოველის ლეშის ინსენერაციისთვის სააგენტოს ბალანსზე არსებული 2 ცალი მობილური ინსენერატორის ხელმისაწვდომობა, რომლებიც უნდა განთავსდეს აღმოსავლეთ და დასავლეთ საქართველოში.

7. სადეზინფექციო სამუშაოების ჩასატარებლად, ქალაქ თბილისის საქალაქო სამსახური და რეგიონული სამმართველოები (მუნიციპალურ დონეზე) უზრუნველყოფილია სადეზინფექციო შესასხურებელი აპარატურით.

8. სააგენტო უზრუნველყოფილია სპეციალური სადეზინფექციო დანადგარებით, რომელიც დამონტაჟებულია მაღალი გამავლობის ავტოტრანსპორტზე.