1. გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი (შემდგომ – ჰოსპიტალი) წარმოადგენს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის შესახებ” საქართველოს კანონის შესაბამისად, საქართველოს მთავრობის დადგენილებით შექმნილ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს, რომელიც ახორციელებს საქართველოს თავდაცვის სამინისტროს (შემდგომ – სამინისტრო) და სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირების სამხედრო მოსამსახურეთა, სახელმწიფო სპეციალური წოდების მქონე და სამოქალაქო პირთა, სამხედრო განათლებისა და მომზადების განმახორციელებელი ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულების მოსწავლეების (კადეტების) (შემდგომ – მოსამსახურეები), მათი ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა), სამინისტროდან დათხოვნილი კომპენსაციის/პენსიის მიმღები სამხედრო ან სპეციალური წოდების მქონე მოსამსახურეების (შემდგომ – კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირები), იურიდიული და ფიზიკური პირების სამედიცინო მომსახურებას.
2. საჯარო სამართლის იურიდიული პირის სრული სახელწოდებაა: „საჯარო სამართლის იურიდიული პირი – გიორგი აბრამიშვილის სახელობის საქართველოს თავდაცვის სამინისტროს სამხედრო ჰოსპიტალი”. ჰოსპიტალის ინგლისურენოვანი სახელწოდებაა – LEPL „MINISTRY OF DEFENCE OF GEORGIA GIORGI ABRAMISHVILI MILITARY HOSPITAL“.
3. ჰოსპიტალის საქმიანობის სამართლებრივი საფუძვლებია საქართველოს კანონმდებლობა, საქართველოს მთავრობისა და საქართველოს თავდაცვის მინისტრის (შემდგომ-მინისტრი) სამართლებრივი აქტები და ეს დებულება.
4. ჰოსპიტალი, როგორც საჯარო სამართლის იურიდიული პირი, ამ დებულებით განსაზღვრული მიზნებისა და ფუნქციების განსახორციელებლად, საკუთარი სახელით იძენს უფლებებსა და მოვალეობებს, დებს გარიგებებს და უფლებამოსილია სასამართლოში გამოვიდეს მოსარჩელედ ან/და მოპასუხედ.
5. ჰოსპიტალს აქვს დამოუკიდებელი ბალანსი, საბანკო ანგარიშები (მათ შორის სავალუტო), ბეჭედი საქართველოს სახელმწიფო გერბისა და თავისი სახელწოდების გამოსახულებით, ბლანკები და შტამპები.
6. ჰოსპიტალის იურიდიული მისამართია: საქართველო, ქ. გორი, ჭავჭავაძის ქ. №5