1. ჰოსპიტალის მიზანია მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და სხვა ფიზიკური პირების სანდო და მაღალი ხარისხის მომსახურების უზრუნველყოფა, ინოვაციური სერვისების დანერგვა, სამედიცინო, საგანმანათლებლო და სამეცნიერო/კვლევითი მომსახურების გაწევა, ქვეყანაში სამხედრო სამედიცინო მომსახურების განვითარება და ხელშეწყობა, რესურსების ეფექტიანად, მიზნობრივად, პროდუქტიულად და ეკონომიურად განკარგვა.
2. ჰოსპიტალის ფუნქციებია:
ა) მოსამსახურეებისათვის, მათი ოჯახის წევრებისათვის და კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენა კანონმდებლობით დადგენილი წესით, მისთვის ლიცენზიით მინიჭებული უფლებების ფარგლებში;
ბ) პროფილაქტიკური ღონისძიებებით მოსამსახურეების ჯანმრთელობის მდგომარეობისა და ფიზიკური სტატუსის შენარჩუნება და განმტკიცება; ავადობის მაჩვენებლებისა და შრომისუუნარობის ხანგრძლივობის შემცირება;
გ) მოსამსახურეების ამბულატორული და სტაციონარული მკურნალობა;
დ) საბრძოლო მოქმედებების დროს, ჰოსპიტალში ევაკუირებულ დაჭრილთათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენის ორგანიზება და მკურნალობა, სათანადო ღონისძიებების გატარება სანიტარიული დანაკარგის მინიმუმამდე შესამცირებლად;
ე) სამხედრო-სამედიცინო კომისიისა და მუდმივმოქმედი სამედიცინო საექსპერტო კომისიის საქმიანობის ორგანიზება და ჩატარება;
ვ) სამედიცინო დახმარების ან ექსპერტიზის უზრუნველყოფა სხვა სამედიცინო დაწესებულებაში, როდესაც ამ ღონისძიებების განხორციელება ჰოსპიტალში შეუძლებელია;
ზ) მოსამსახურეების, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და საქართველოში 2008 წლის აგვისტოში რუსეთის ფედერაციის სამხედრო აგრესიის წინააღმდეგ ბრძოლაში, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრების (მეუღლე, შვილი, დედა, მამა) საბაზისო სამკურნალწამლო საშუალებებით უზრუნველყოფა, კანონმდებლობით დადგენილი წესით, წინასწარ დამტკიცებული სიით, ამ მიზნით ჰოსპიტალისათვის გამოყოფილი ასიგნებების ფარგლებში;
თ) ჰოსპიტალის სამედიცინო და სხვა დამხმარე საშუალებებით აღჭურვა, მატერიალურ-ტექნიკური ბაზის განმტკიცება, მისი განახლება-შევსება (საველე პირობების მოთხოვნათა გათვალისწინებით);
ი) სამედიცინო აღრიცხვისა და ანგარიშგების წარმოება, სამინისტროს სისტემაში ავადობისა და ტრავმატიზმის მიზეზების შესწავლა და ანალიზი;
კ) სამედიცინო კვალიფიციური კადრების შერჩევა და თანამშრომელთა შორის სანიტარიული და საგანმანათლებლო მუშაობის ჩატარება, საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის უწყვეტი პროფესიული განვითარება;
ლ) საჭიროების შემთხვევაში, სხვა რეგიონში პროფილაქტიკური სამკურნალო და საკონსულტაციო დახმარების აღმოჩენის მიზნით, ჰოსპიტალის სამედიცინო პერსონალიდან მობილური საექიმო ბრიგადების ფორმირება და მივლინება დანიშნულების ადგილზე;
მ) საერთაშორისო თანამშრომლობის ორგანიზება ჰოსპიტალის კომპეტენციის ფარგლებში;
ნ) პაციენტთა მკურნალობის შედეგების ანალიზი და მკურნალობის ხარისხისა და ეფექტიანობის ამაღლების ღონისძიებების შემუშავება და გატარება;
ო) სხვა უფლებამოსილებათა განხორციელება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
3. ჰოსპიტალში მოსამსახურეებისა და მათი ოჯახის წევრების მომსახურება პრიორიტეტულია, გარდა განსაკუთრებული შემთხვევებისა. ჰოსპიტალი სამედიცინო მომსახურებას, ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, საბიუჯეტო დაფინანსებით, ახორციელებს შემდეგ პირებზე:
ა) მოსამსახურეებზე – ანაზღაურების გარეშე;
ბ) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრული კატეგორიის პირებზე – ამავე აქტით დადგენილ შემთხვევებში ანაზღაურების გარეშე ან შეღავათიანი პირობებით, თუ ისინი წარმოადგენენ:
ბ.ა) კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.ბ) მარჩენალის გარდაცვალების გამო სახელმწიფო კომპენსაციის/პენსიის მიმღებ პირებს;
ბ.გ) მოსამსახურეების ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.დ) საბრძოლო მოქმედებების, საერთაშორისო მშვიდობისა და უსაფრთხოების შენარჩუნებისა და აღდგენის, ან სხვა სახის სამშვიდობო ოპერაციებში მონაწილეობის დროს დაღუპულის ოჯახის წევრებს (მეუღლე, შვილი, დედა, მამა);
ბ.ე) მინისტრის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით განსაზღვრულ სხვა კატეგორიის პირებს.
4. ჰოსპიტალი თავის საქმიანობას ახორციელებს საბიუჯეტო ასიგნებების და სახელშეკრულებო ურთიერთობების საფუძველზე. ხელშეკრულებები ფორმდება, როგორც იურიდიულ, ისე ფიზიკურ პირებთან.
5. ჰოსპიტალში მკურნალობის პროცესისა და სამეცნიერო-კვლევითი, მეთოდური და პედაგოგიური მუშაობის ორგანიზების ფორმები განისაზღვრება ჰოსპიტალის შინაგანაწესით. სამეცნიერო-კვლევითი მუშაობა წარიმართება მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად.
6. სამკურნალო, სამეცნიერო და პედაგოგიური მუშაობის ოპტიმიზების მიზნით, ჰოსპიტალს უფლება აქვს დროებით ან მუდმივი დახმარებისათვის ხელშეკრულებით მოიწვიოს ქვეყნის ან საზღვარგარეთის წამყვანი სპეციალისტები, რომელთა შრომითი ანაზღაურება განხორციელდება საკონტრაქტო პირობით, შესრულებულ სამუშაოთა მნიშვნელობისა და მოცულობის შესაბამისად.
7. ჰოსპიტალი, კანონმდებლობით დადგენილი წესით, შეიძლება იყოს დიპლომისშემდგომი საგანმანათლებლო პროგრამის განმახორციელებელი ან გამოყენებულ იქნეს დიპლომამდელი სწავლების, პოსტდიპლომური განათლებისა და უწყვეტი პროფესიული განვითარების პროგრამების განხორციელებისათვის კლინიკურ ბაზად სამხედრო მედიცინის ან მედიცინის სხვა დარგში. ამ ფუნქციის შესასრულებლად ჰოსპიტალი უფლებამოსილია გააფორმოს ხელშეკრულება შესაბამის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან.
8. ჰოსპიტალის რესურსის გათვალისწინებით, მისი უშუალო ფუნქციების გარდა, ჰოსპიტალს უფლება აქვს გაუწიოს სამედიცინო დახმარება საქართველოს ან უცხო ქვეყნის მოქალაქეებს მოქმედი კანონმდებლობით. ამ მიზნით უფლება აქვს:
ა) მონაწილეობა მიიღოს მოსახლეობისათვის სამედიცინო დახმარების პროგრამების შესრულებაში;
ბ) მიიღოს შეკვეთები სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო ორგანიზაციებიდან მოქალაქეთა გარკვეული კონტინგენტისათვის სამედიცინო დახმარების აღმოჩენაზე. შესრულებულ სამუშაოთა ღირებულება დამკვეთის მიერ ანაზღაურდება დადგენილი წესით.
9. აღჭურვისა და სერვისის მაღალი დონის გათვალისწინებით ჰოსპიტალს უფლება აქვს, გარდა მოსამსახურეებისა, კომპენსაციის/პენსიის მიმღები პირებისა და მათი ოჯახის წევრებისა, სხვა პირებისათვის, დადგენილი წესით დააწესოს მკურნალობის ღირებულების განსხვავებული საფასურები (სახელმწიფო შეკვეთების გარდა).
10. ჰოსპიტალს უფლება აქვს შესთავაზოს მოქალაქეებს სერვისის სხვადასხვა სახე სამედიცინო და არასამედიცინო სფეროში სათანადო კანონმდებლობის დაცვით.
11. ჰოსპიტალის ხელმძღვანელობა უზრუნველყოფს სამედიცინო დახმარების დონის ზრდას საექიმო და საშუალო სამედიცინო პერსონალის მუდმივი გადამზადებით, სამედიცინო ტექნოლოგიების მაქსიმალური მიახლოებით საერთაშორისო სტანდარტებსა და მედიცინის პრინციპებთან.
12. ჰოსპიტალი ახორციელებს ჰოსპიტალის საიდუმლო და არასაიდუმლო საქმისწარმოება