ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT)
მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი
მუხლი 1. ზოგადი დებულებები
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი
სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი (შემდგომში – წესი) განსაზღვრავს
ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი
სანებართვო დოკუმენტის საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად
რეგისტრირებულ გადამზიდველზე გაცემის (მათ შორის – სარეზერვო სანებართვო
დოკუმენტის), გაცემაზე უარის თქმის ან ჩამორთმევის პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. წინამდებარე წესის მიზნებისთვის ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) გადამზიდველი – მეწარმე, რომელიც ფლობს
საქართველოში რეგისტრირებულ (გარდა დროებითი რეგისტრაციისა)
ავტოსატრანსპორტო საშუალებას და გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვის მოქმედი ნებართვა;
ბ) ECMT – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის კონფერენცია,
მთავრობათაშორისი ორგანიზაცია, დაფუძნებული 1953 წელს;
გ) წევრი ქვეყანა – ECMT-ის კვოტის სისტემის მონაწილე
ქვეყანა;
დ) ECMT მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტი (შემდგომში
– სანებართვო დოკუმენტი) – სათანადოდ შევსებული, ერთწლიანი ან მოკლევადიანი
სანებართვო დოკუმენტი (მოკლევადიანი სანებართვო დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ
30 დღის განმავლობაში), აღნიშნული ავტოსატრანსპორტო საშუალების
კატეგორიისთვის შესაბამის შტამპებთან ერთად („EURO IV უსაფრთხო“, „EURO V
უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“) და აუცილებლობის შემთხვევაში, კონკრეტულ
ტერიტორიებზე მისი შეზღუდვის მითითებით (A, GR, H, I, RUS). სანებართვო
დოკუმენტი უფლებას ანიჭებს გადამზიდველს განახორციელოს საერთაშორისო
საავტომობილო სატვირთო გადაზიდვა წევრ ქვეყნებს შორის;
ე) სააღრიცხვო წიგნი – დოკუმენტი, რომელიც წარმოადგენს
სანებართვო დოკუმენტის განუყოფელ ნაწილს და ქრონოლოგიური თანმიმდევრობით
შეიცავს ინფორმაციას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტით შესრულებული
სატრანსპორტო ოპერაციების შესახებ, დატვირთული და დაუტვირთავი გარბენების
ჩათვლით. ამ ინფორმაციის საფუძველზე დგინდება სანებართვო დოკუმენტის
გამოყენების სისწორე და ეფექტურობა;
ვ) კაბოტაჟი – ერთი ქვეყნის სახელმწიფო ტერიტორიაზე
განლაგებულ ორ პუნქტს შორის განხორციელებული გადაზიდვა (დატვირთვა და
გადმოტვირთვა) ავტოსატრანსპორტო საშუალებით რომელიც რეგისტრირებულია სხვა
ქვეყანაში;
ზ) კომისია – ტრანსპორტის მინისტრთა ევროპის
კონფერენციის (ECMT) მრავალმხრივი სანებართვო დოკუმენტის გაცემის საკითხთა
განმხილველი კომისია, რომლის შემადგენლობას და მუშაობის რეგლამენტს
ამტკიცებს სააგენტოს დირექტორი;
თ) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს სისტემაში შემავალი სსიპ – სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტო – კომპეტენტური ორგანო, რომელიც უფლებამოსილია განახორციელოს
სანებართვო დოკუმენტთან დაკავშირებული ადმინისტრაციული წარმოება;
ი) სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი – საქართველოში
გადამზიდველის მფლობელობაში არსებული უძრავი ქონება (შენობა-ნაგებობა),
რომლის გამოყენებითაც ეს პირი ნაწილობრივ ან მთლიანად ახორციელებს
საერთაშორისო საავტომობილო გადაზიდვასთან დაკავშირებით ეკონომიკურ
საქმიანობას, სადაც გადამზიდველი ახორციელებს ოფიციალური კორესპონდენციის
მიღებას და ამ საქმიანობის შესასრულებლად ვალდებულია ინახავდეს შესაბამის
დოკუმენტაციას;
კ) სერტიფიკატი – სატვირთო ავტომობილის და მისაბმელის
გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT-ს სერტიფიკატი ან სატვირთო ავტომობილის
ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან შესატყვისობის
სერტიფიკატი.
2. ამ წესში მოყვანილი სხვა ტერმინები განისაზღვრება საქართველოს
კანონმდებლობით.
მუხლი 3. სანებართვო დოკუმენტის მისაღებად საჭირო
დოკუმენტები
1. სანებართვო დოკუმენტის მისაღებად გადამზიდველი ან მისი
წარმომადგენელი სააგენტოს წარუდგენს წერილობით განცხადებას დანართი №1-ით
გათვალისწინებული ფორმით, რომელსაც თან უნდა ერთოდეს შემდეგი
დოკუმენტები:
ა) მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირთა
რეესტრიდან ამონაწერი – იურიდიული პირისა ან ინდივიდუალური
მეწარმისათვის;
ბ) წარმომადგენლის არსებობის შემთხვევაში ნოტარიულად დამოწმებული
წარმომადგენლობის დამადასტურებელი დოკუმენტი;
გ) სანებართვო დოკუმენტის მაძიებლის საქმიანობის სფეროში მოქმედი
ტექნიკური რეგლამენტების და ECMT მოთხოვნებთან მომსახურების შესაბამისობის
დეკლარაცია;
დ) სატვირთო ავტომობილის ECMT-ის ტექნიკურ და უსაფრთხოების მოთხოვნებთან
შესატყვისობის სერტიფიკატის (A და B) ასლი;
ე) გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის საავტომობილო
სატვირთო გადაზიდვების სფეროში პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი
CPC დიპლომის ასლი;
ვ) გადამზიდველთან დასაქმებული სატრანსპორტო მენეჯერის და მძღოლის
შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი წერილობითი დოკუმენტი დანართი №3-ით
გათვალისწინებული ფორმით (მოქმედი არანაკლებ მოთხოვნილი სანებართვო
დოკუმენტის ვადით);
ზ) გადამზიდველის საკუთრებაში არსებული, საქართველოში რეგისტრირებული
ავტოსატრანსპორტო საშუალების რეგისტრაციის მოწმობის ასლი. მისი იჯარის,
ქირავნობის ან ლიზინგის შემთხვევაში – შესაბამისი ხელშეკრულების ასლი;
თ) ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „დ“ და „ვ“ ქვეპუნქტებით
გათვალისწინებული პირობების დამადასტურებელი საბუთი.
2. გადამზიდველმა, დანართი №3-ით გათვალისწინებულ ფორმაში, სააგენტოს
უნდა მიაწოდოს დამატებით ინფორმაცია ამ წესის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტის „ე“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის მისამართის შესახებ იმ შემთხვევაში, თუ
ის არ არის წარმოდგენილი ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით
გათვალისწინებულ დოკუმენტში მითითებულ მისამართზე.
3. დანართი №3-ით გათვალისწინებული დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის
შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელ წერილობით დოკუმენტზე შესაბამისი
ხელმოწერა დადასტურებული უნდა იქნეს ნოტარიულად.
4. სანებართვო დოკუმენტის მისაღებად, ამ მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული
დოკუმენტები ან ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით
ინახება სააგენტოს ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის
აღნიშნული ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
5. სანებართვო დოკუმენტის მოქმედების პერიოდში გადამზიდველი ვალდებულია
მის მიერ წარმოდგენილ დოკუმენტებში არსებული ინფორმაციის ცვლილების
შემთხვევაში შესაბამისი ცვლილებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში აცნობოს
სააგენტოს აღნიშნულის თაობაზე და წარადგინოს ცვლილების დამადასტურებელი
დოკუმენტი.
მუხლი 4. სანებართვო დოკუმენტის გამოყენება
1. სანებართვო დოკუმენტი ერთი სრული რეისის შესრულებისას შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის. მისი
გადაცემა სხვა გადამზიდველისთვის ან მესამე მხარისათვის დაუშვებელია.
2. სანებართვო დოკუმენტი კაბოტაჟის უფლებას არ იძლევა.
3. სანებართვო დოკუმენტი ძალაშია მხოლოდ მაშინ, თუ თან ერთვის სათანადოდ
შევსებული სააღრიცხვო წიგნი და სანებართვო დოკუმენტის შესაბამისი ვადიანი
სერტიფიკატები.
4. დაუშვებელია ამ მუხლის მე-3 პუნქტში აღნიშნული დოკუმენტების
ლამინირება ან დამცავი ფირით დაფარვა.
5. სანებართვო დოკუმენტის მიმართ მოქმედებს ტერიტორიული და ტექნიკური
შეზღუდვები. ზოგიერთი სანებართვო დოკუმენტი არ გამოიყენება ცალკეული წევრი
ქვეყნის ტერიტორიაზე და ზოგიერთი სანებართვო დოკუმენტი შეიძლება
გამოყენებულ იქნეს მხოლოდ შესაბამისი კატეგორიის („EURO V უსაფრთხო“ ან
„EURO VI უსაფრთხო“) ავტოსატრანსპორტო საშუალებებისათვის.
6. ცალკეული წევრი ქვეყნის ტერიტორიაზე სანებართვო დოკუმენტის
გამოყენების შეზღუდვის ნიშნად სანებართვო დოკუმენტზე დაიტანება წითელი
ფერის შტამპი შესაბამისი ქვეყნის (ავსტრია, საბერძნეთი, უნგრეთი, იტალია
ან/და რუსეთი) კოდით.
7. მხოლოდ უფრო მაღალი კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო
საშუალებების („EURO VI უსაფრთხო“) მიმართ შესაძლოა გამოყენებულ იქნეს უფრო
დაბალი კატეგორიის სატვირთო ავტოსატრანსპორტო საშუალებების („EURO V
უსაფრთხო“) სანებართვო დოკუმენტები.
8. სანებართვო დოკუმენტის გამოყენებასთან დაკავშირებით დამატებითი
პირობები განისაზღვრება საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF)
სახელმძღვანელოს დებულებებით.
მუხლი 5. სანებართვო დოკუმენტის გაცემის წესი
1. გადამზიდველზე სანებართვო დოკუმენტს გასცემს მხოლოდ სააგენტო.
2. გადამზიდველზე სანებართვო დოკუმენტი გაიცემა სააგენტოს მიერ წინასწარ
დადგენილ ვადაში წარმოდგენილ შესაბამისი განცხადების საფუძველზე, რომელიც
უნდა შეესაბამებოდეს ამ წესის მოთხოვნებს.
3. სანებართვო დოკუმენტი შესაბამისი ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე
გაიცემა მხოლოდ არანაკლებ „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის ავტოსატრანსპორტო
საშუალებაზე.
4. სანებართვო დოკუმენტის გაცემასთან და სანებართვო დოკუმენტის
ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებას იღებს
კომისია. ამასთან, იმ შემთხვევაში, როდესაც ამ წესის შესაბამისად
შემოტანილი განცხადებით მოთხოვნილი სანებართვო დოკუმენტების რაოდენობა
აღემატება კვოტის ფარგლებში არსებულ სანებართვო დოკუმენტების (მათ შორის,
სანებართვო დოკუმენტის ტერიტორიული შეზღუდვის მოხსნასთან დაკავშირებით)
რაოდენობას, სანებართვო დოკუმენტის გაცემის შესახებ გადაწყვეტილებას
კომისია იღებს შესაბამისი ფორმულის (დანართი №2) საფუძველზე გაანგარიშებული
რეიტინგის გათვალისწინებით.
5. კომისიის გადაწყვეტილებით, სანებართვო დოკუმენტი გაიცემა
საქართველოში რეგისტრირებულ გადამზიდველზე, რომელიც აკმაყოფილებს შემდეგ
ძირითად პირობებს:
ა) სრულადაა წარმოდგენილი ამ წესის მე-3 მუხლის პირველი პუნქტით
გათვალისწინებული დოკუმენტაცია;
ბ) გადამზიდველს გააჩნია საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვის
ნებართვა;
გ) გადამზიდველის მფლობელობაში არსებული იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების
მიმართ, რომელზეც მოთხოვნილია სანებართვო დოკუმენტი, გაცემულია სატვირთო
ავტომობილისა და მისაბმელის გზისთვის ვარგისობის ტესტის ECMT ვადიანი
სერტიფიკატი;
დ) სანებართვო დოკუმენტის მიღებისას გააჩნია საკუთრებაში და/ან ლიზინგის
ვალდებულებითი სამართლებრივი ფორმით საქართველოში რეგისტრირებული „EURO IV
უსაფრთხო“, „EURO V უსაფრთხო“ ან „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის არანაკლებ
5 ავტოსატრანსპორტო საშუალება;
ე) გააჩნია სტაბილური და მუდმივმოქმედი ოფისი;
ვ) გააჩნია სათანადო ფინანსური რესურსი, რომლის მინიმალური თანხა
განისაზღვრება ერთი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის 9000 ევროს
ეკვივალენტი ლარში, ხოლო ყოველი შემდგომი ავტოსატრანსპორტო საშუალებისათვის
– 5000 ევროს ეკვივალენტი ლარში იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობის
გათვალისწინებით, რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი.
ამასთან, გადამზიდველის საკუთრებაში და/ან ლიზინგის ვალდებულებითი
სამართლებრივი ფორმით არსებული ავტოსატრანსპორტო საშუალებები ჩაითვლება
ფინანსურ რესურსად და ამ ავტოსატრანსპორტო საშუალებებთან დაკავშირებით არ
ვრცელდება დამატებითი რაიმე რესურსის არსებობის ვალდებულება. ამ ქვეპუნქტის
მიზნებისათვის ფინანსურ რესურსად შესაძლოა გათვალისწინებულ იქნეს ის უძრავი
ქონება, რომელიც გადამზიდველს გააჩნია საკუთრებაში;
ზ) აკმაყოფილებს პროფესიული კვალიფიკაციის მოთხოვნას, რაც დასტურდება
მასთან პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი დიპლომის (CPC) მქონე,
დასაქმებული მენეჯერით;
თ) დასაქმებული ჰყავს პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი
დოკუმენტის (CPC სერტიფიკატი ან/და კოდი 95) მქონე მძღოლი. მძღოლის
რაოდენობა უნდა შეესაბამებოდეს იმ ავტოსატრანსპორტო საშუალების რაოდენობას,
რომელზეც მოთხოვნილია შესაბამისი სანებართვო დოკუმენტი.
6. გადამზიდველმა 10 კალენდარულ დღეში უნდა აცნობოს სააგენტოს ამ მუხლის
მე-5 პუნქტის „ზ“ და „თ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული მენეჯერთან ან/და
მძღოლთან არსებული შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ან შეჩერების შესახებ.
აღნიშნული შეტყობინებით ასევე წარმოდგენილი უნდა იქნეს ახალ მენეჯერთან
ან/და მძღოლთან გაფორმებული შრომითი ურთიერთობის დამადასტურებელი დოკუმენტი
დანართ №3-ით გათვალისწინებული ფორმით.
7. გადამზიდველმა 10 კალენდარულ დღეში უნდა მიაწოდოს სააგენტოს
ინფორმაცია ამ მუხლის მე-5 პუნქტის „ე“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ოფისის
ცვლილების შესახებ.
8. ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღრული პირობების დამადასტურებელი
დოკუმენტების წარდგენა სავალდებულო არ არის, თუ აღნიშნული დოკუმენტები ან
ამ დოკუმენტებში ასახული ინფორმაცია ელექტრონული სახით ინახება სააგენტოს
ან სხვა პირების ელექტრონულ ბაზებში და სააგენტოსათვის აღნიშნული
ინფორმაცია ხელმისაწვდომია.
9. საავტომობილო ტრანსპორტის სფეროს განვითარების ხელშეწყობის ან სხვა
საჯარო ინტერესებიდან გამომდინარე, სააგენტოს დირექტორის წარდგინების
საფუძველზე, კომისია უფლებამოსილია სანებართვო დოკუმენტის გაცემის შესახებ
გადაწყვეტილება მიიღოს ამ წესისგან განსხვავებული პირობებით, გარდა იმ
პირობებისა, რომელიც განსაზღვრულია „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტის სისტემაში
საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ოპერაციების ხარისხის
ქარტიით“ ან/და „ECMT-ის მრავალმხრივი კვოტა, მომხმარებლის
სახელმძღვანელოთი.
მუხლი 6. სანებართვო დოკუმენტის შეცვლა და
ჩამორთმევა
1. სანებართვო დოკუმენტის დაკარგვის ან მოპარვის შემთხვევის შესახებ
დაუყოვნებლივ უნდა ეცნობოს სააგენტოს. იგი შეიძლება შეიცვალოს სხვა
სანებართვო დოკუმენტით (სააღრიცხვო წიგნთან ერთად), მოქმედების დარჩენილი
ვადით.
2. სანებართვო დოკუმენტი შეიძლება შეიცვალოს სარეზერვო სანებართვო
დოკუმენტით, თუ დაზიანების შემთხვევაში შეუძლებელია მისი გამოყენება.
3. დაკარგულად ცნობილი და გამოცვლილი, მაგრამ შემდგომში ნაპოვნი
სანებართვო დოკუმენტი ითვლება ძალადაკარგულად. ასეთი სანებართვო დოკუმენტის
გამოყენების შემთხვევაში კომისია იღებს გადაწყვეტილებას გადამზიდველის
მიმართ გაცემული ორივე სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევის შესახებ.
4. გადამზიდველი ვალდებულია ყოველი კალენდარული თვის დასრულებიდან 2
კვირის ვადაში წარმოადგინოს სააღრიცხვო წიგნიდან ფურცლები, სადაც
დაფიქსირებულია ჩანაწერები შესაბამისი წინა თვის (ან თვეების – იმ
შემთხვევაში, თუ ერთი სატრანსპორტო ოპერაცია სრულდება რამდენიმე უწყვეტ
კალენდარულ თვეში) განმავლობაში მის მიერ შესრულებული სატრანსპორტო
ოპერაციების შესახებ და დადასტურებულია შესაბამისი ქვეყნის შტამპით (ყველა
შესაძლო შემთხვევაში). აღნიშნული ინფორმაციის დროულად წარმოუდგენლობის
შემთხვევაში ჩაითვლება, რომ სანებართვო დოკუმენტი არ არის გამოყენებული
შესაბამის პერიოდში.
5. თუ ამ მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე დგინდება, რომ გადამზიდველი
შესაბამის თვეში არ იყენებს სანებართვო დოკუმენტს (ან რომელიმე შეზღუდული
ქვეყნის კვოტას), მას ეძლევა გაფრთხილება სანებართვო დოკუმენტის შესაძლო
ჩამორთმევის შესახებ. გაფრთხილების მიუხედავად, გადამზიდველის მხრიდან
მომდევნო თვეში სანებართვო დოკუმენტის (ან შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის
კვოტის) გამოუყენებლობის შემთხვევაში, გარდა ობიექტური მიზეზის არსებობისა
(მაგალითად: ავტოსატრანსპორტო საშუალებების მწყობრიდან გამოსვლა, ბუნებრივი
მოვლენების გამო სატრანსპორტო ოპერაციების გაჭიანურება, ბაზარზე
კვალიფიციური მძღოლების ნაკლებობის გამო არსებული სირთულეები და სხვა),
კომისია იღებს გადაწყვეტილებას შესაბამისი სანებართვო დოკუმენტის (ან
შესაბამისი შეზღუდული ქვეყნის კვოტის) ჩამორთმევის შესახებ.
6. თუ გადამზიდველი ორმხრივი ან მრავალმხრივი საერთაშორისო შეთანხმების
საფუძველზე გაცვლილ ნებისმიერი სახის საერთაშორისო საავტომობილო სატვირთო
გადაზიდვის სანებართვო დოკუმენტს თვითნებურად გადასცემს სხვა გადამზიდველს
ან/და გამოიყენებს სხვა გადამზიდველზე გაცემულ ნებისმიერი სახის სანებართვო
დოკუმენტს, რაც იწვევს საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსის 1392 მუხლით გათვალისწინებულ ადმინისტრაციულ
პასუხისმგებლობას, კომისია განიხილავს საკითხს გადამზიდველზე გაცემული
ყველა სანებართვო დოკუმენტის ჩამორთმევის შესახებ.
7. სანებართვო დოკუმენტების ჩამორთმევის ან დაბრუნების შემთხვევაში
შესაძლებელია გაიცეს სარეზერვო სანებართვო დოკუმენტი სხვა გადამზიდველზე
დარჩენილი მოქმედების ვადით.
8. თუ ამ წესით სხვა რამ არ არის დადგენილი, სანებართვო დოკუმენტთან
დაკავშირებულ ადმინისტრაციულ წარმოებაში (გაცემა, გაცემაზე უარის თქმა,
ჩამორთმევა, სარეზერვო სანებართვო დოკუმენტის გაცემა) გამოიყენება
საერთაშორისო სატრანსპორტო ფორუმის (ITF) სახელმძღვანელოს დებულებები.
მუხლი 7. გარდამავალი დებულება
2026 წლის სანებართვო დოკუმენტი უნგრეთის ტერიტორიული შეზღუდვის გარეშე
გაიცემა არანაკლებ „EURO V უსაფრთხო“ და „EURO VI უსაფრთხო“ კატეგორიის
ავტოსატრანსპორტო საშუალებაზე.