სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და
საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი
კვალიფიკაციის
მინიჭების წესი
მუხლი 1. რეგულირების სფერო
ეს წესი არეგულირებს სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის
გადაზიდვაში ან/და საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართული პირებისთვის
საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების წესს და პირობებს.
მუხლი 2. ტერმინთა განმარტება
1. ამ წესის მიზნებისთვის გამოყენებულ ტერმინებს აქვს შემდეგი
მნიშვნელობა:
ა) სააგენტო – საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი
განვითარების სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სახმელეთო
ტრანსპორტის სააგენტო (შემდგომ –სააგენტო);
ბ) საფასური – სააგენტოს მიერ მომსახურების
გაწევისათვის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – სახმელეთო ტრანსპორტის
სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურების სახეების, ვადების, საფასურის
განაკვეთების, ასევე საფასურის გადახდისა და გადახდილი საფასურის
დაბრუნების წესისა და პირობების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის 2011 წლის 15 აპრილის
N1-1/591 ბრძანებით განსაზღვრული სავალდებულო გადასახდელი;
გ) მომსახურება – დაინტერესებული პირის მოთხოვნის
საფუძველზე ამ წესით მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული
უფლებამოსილების განხორციელება;
დ) საკვალიფიკაციო ცენტრი – სააგენტოს სტრუქტურული
ქვედანაყოფი ან თანამშრომელთა ჯგუფი, რომელსაც სააგენტოს დირექტორის მიერ
გამოცემული ინდივიდუალური აქტის საფუძველზე უფლება აქვს განახორციელოს ამ
წესის მე-3 მუხლის მე-3 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილებანი;
ე) გამომცდელი – საკვალიფიკაციო ცენტრის უფლებამოსილი
თანამშრომელი, რომელიც იბარებს თეორიულ ან/და პრაქტიკულ ტესტირებას;
ვ) დაინტერესებული პირი – ფიზიკური პირი, რომელმაც
მომსახურების გაწევის მოთხოვნით მიმართა სასწავლო ცენტრს ან სააგენტოს;
ზ) პრაქტიკული ტესტირება – სატრანსპორტო საშუალების
მართვის პრაქტიკული ტესტირება, რომელიც ამ წესის შესაბამისად დახურულ
მოედანზე ან ავტოდრომზე ტარდება;
თ) ტაქოგრაფი – ავტოსატრანსპორტო საშუალებების
მოძრაობის პარამეტრების აღმრიცხველი საკონტროლო მოწყობილობა, რომელიც
შეესაბამება „საერთაშორისო საავტომობილო მიმოსვლის მწარმოებელი
საშუალებების ეკიპაჟების მუშაობის შესახებ“ ევროპული შეთანხმებით (AETR)
დადგენილ მოთხოვნებს;
ი) სასწავლო ცენტრი – „საავტომობილო
ტრანსპორტის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად განსაზღვრული
საწყისი კვალიფიკაციისა და პერიოდული გადამზადების სასწავლო ცენტრი
(შემდგომ − სასწავლო ცენტრი).
2. ამ წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ „საგზაო მოძრაობის
შესახებ“ საქართველოს კანონით, „საავტომობილო ტრანსპორტის შესახებ“
საქართველოს კანონით და სხვა ნორმატიული აქტებით განსაზღვრული
მნიშვნელობა.
მუხლი 3. კვალიფიკაციის მინიჭებასთან დაკავშირებული ზოგადი
დებულებები
1. დაინტერესებული პირისთვის საწყისი კვალიფიკაციის მინიჭება ხდება
სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში შესაბამისი თეორიული ან/და პრაქტიკული
სწავლების, სააგენტოში თეორიული ან/და პრაქტიკული ტესტირების წარმატებით
ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ პროფესიული კომპეტენციის დამადასტურებელი
სერტიფიკატის/ბარათის/მოწმობის გაცემის საფუძველზე.
2. სატრანსპორტო საშუალებით სახიფათო ტვირთის გადაზიდვაში ან/და
საერთაშორისო გადაყვანა-გადაზიდვაში ჩართულ პირთათვის საწყისი
კვალიფიკაციის მინიჭებისთვის საჭირო სწავლებასა და პერიოდულ გადამზადებას
ახორციელებს სასწავლო ცენტრი და სააგენტო, ხოლო საწყისი კვალიფიკაციის
მინიჭებას – სააგენტო.
3. სააგენტოში სწავლება, პერიოდული გადამზადება და ტესტირება ჩატარდება
მას შემდეგ, რაც დაინტერესებული პირი გაივლის რეგისტრაციას და გადაიხდის
შესაბამის საფასურს.
4. დაინტერესებული პირი მომსახურების მისაღებად განცხადებით მიმართავს
სასწავლო ცენტრს/სააგენტოს სწავლების, ხოლოს სააგენტოს – ტესტირების
შემთხვევაში.
5. სააგენტოს მიერ ტესტირების ჩატარება ხდება საკვალიფიკაციო
ცენტრში.
6. ტესტირება ტარდება ქართულ, რუსულ ან ინგლისურ ენაზე.
7. სააგენტოში და შესაბამის სასწავლო ცენტრში სწავლება ან/და ტესტირება
ტარდება მხოლოდ საქართველოს მოქალაქეობის მქონე პირებზე.
მუხლი 4. სატრანსპორტო მენეჯერის საწყისი
კვალიფიკაცია
1. დაინტერესებული პირი სატრანსპორტო მენეჯერის (შემდგომ – მენეჯერი)
საწყის კვალიფიკაციას მოიპოვებს, სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში სწავლების
დასრულების, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და
სააგენტოს მიერ მენეჯერის პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი
სერტიფიკატის (CPC მენეჯერი) გაცემის საფუძველზე.
2. სწავლების ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 აკადემიური საათით, რომელიც
განაწილებულია 5 მოდულად.
3. სწავლების ენა არის ქართული.
4. სატრანსპორტო მენეჯერის სავალდებულო წერითი ტესტირება განისაზღვრება
ორ ნაწილად:
ა) წერილობითი კითხვები:
ა.ა) რომელიც ითვალისწინებს პასუხებს რამდენიმე ვარიანტიდან;
ა.ბ) რომლებიც საჭიროებს პირდაპირ პასუხს;
ა.გ) ორივე ვარიანტის (ამავე პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები)
კომბინაციით.
ბ) წერილობითი სავარჯიშოები ან პრაქტიკული დავალებები.
5. ამ მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების
მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75 %, ხოლო ამავე პუნქტის „ბ“
ქვეპუნქტით გათვალისწინებული ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ –
50%.
6. ტესტირების დრო თითოეული ნაწილისთვის განისაზღვრება 2 საათით.
7. დაინტერესებულ პირზე სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ
სასწავლო ცენტრის მიერ გაიცემა სწავლების გავლის დამადასტურებელი
დოკუმენტი.
მუხლი 5. მძღოლების საწყისი კვალიფიკაცია
1. დაინტერესებული პირი მძღოლის საწყის კვალიფიკაციას მოიპოვებს
სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში თეორიული და პრაქტიკული სწავლების,
სააგენტოში თეორიული და პრაქტიკული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა და
სააგენტოს მიერ მძღოლის პროფესიული კომპეტენტურობის დამადასტურებელი
სერტიფიკატის (CPC მძღოლი) და ბარათის გაცემის საფუძველზე.
2. სწავლების საერთო ხანგრძლივობად საწყისი
კვალიფიკაციის მისანიჭებლად განისაზღვრება 70 აკადემიური საათი, რომელიც
გადანაწილებულია 5 მოდულად.
3. სწავლების ხანგრძლივობა პერიოდული გადამზადებისათვის განისაზღვრება
35 აკადემიური საათით შესაბამისი მოდულების გათვალისწინებით.
4. სწავლების ხანგრძლივობა შემოკლებული სწავლების (მძღოლებისთვის,
რომელთაც მართვის მოწმობა მიღებული აქვთ 2015 წლამდე) შემთხვევაში
განისაზღვრება 12 აკადემიური საათით შესაბამისი მოდულების
გათვალისწინებით.
5. პერიოდული გადამზადება ხდება ყოველ 5 წელიწადში ერთხელ.
6. სწავლების ენა არის ქართული.
7. სწავლება ტარება მძღოლებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ C ან/და D ან/და
E კატეგორიის მართვის უფლებები; ამასთან, სწავლების ერთი კურსი ჯგუფდება C
ან C+E კატეგორიის მართვის უფლებების მქონე მძღოლებისათვის, ხოლო მეორე
კურსი – D ან D+E კატეგორიის მართვის უფლებების მქონე მძღოლებისათვის.
8. კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტესტირება ტარდება ორ ნაწილად: თეორიული
და პრაქტიკული, ხოლო პერიოდული გადამზადებისათვის და შემოკლებული სწავლების
შემთხვევაში ტარდება მხოლოდ თეორიული ტესტირება.
9. სავალდებულო თეორიული წერითი ტესტირება განისაზღვრება ორ
ნაწილად:
ა) წერილობითი კითხვები:
ა.ა) რომელიც ითვალისწინებს პასუხებს რამდენიმე ვარიანტიდან;
ა.ბ) რომლებიც საჭიროებს პირდაპირ პასუხს;
ა.გ) ორივე ვარიანტის (ამავე პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები)
კომბინაციით.
ბ) წერილობითი სავარჯიშოები ან პრაქტიკული დავალებები.
10. პრაქტიკული ტესტი ტარდება ორ ნაწილად:
ა) ტესტირება მართვაში, რომელიც მიზნად ისახავს უსაფრთხოების წესების
დაცვით რაციონალურ მართვაში მომზადების შეფასებას.
ბ) პრაქტიკული ტესტი, რომელიც მიზნად ისახავს:
ბ.ა) პრაქტიკული მეცადინეობას მართვის უნარ-ჩვევების დაუფლებას,
მეცადინეობა ტარდება სპეციალურ მოედანზე, დაინტერესებული პირის მიერ
მითითებული განცხადების შესაბამისად განსაზღვრული სატრანსპორტო
საშუალებით;
ბ.ბ) უსაფრთხოების წესების დაცვით სატრანსპორტო საშუალების და
მისაბმელის ერთობლივ ექსპლუატაციას (შესაბამისი მანევრირება) დადგენილი
წესების შესაბამისად;
ბ.გ) პრაქტიკული ყოველდღიური საქმიანობის მიმდევრობის და სპეციფიკური
საკითხების შესწავლას, რაციონალურ მართვაში მომზადებას,
დატვირთვა-გადმოტვირთვის სამუშაოების და ტვირთის უსაფრთხო დამაგრების
ზოგადი პრინციპების გაცნობას და მის რეალურ განხორციელებას;
ბ.დ) მგზავრთა გადაყვანის შემთხვევაში, ჩასხდომა-გადმოსხდომის პროცესში
რაციონალური და უსაფრთხო წესების სწავლებას, ფორსმაჟორული შემთხვევებისას
განსახორციელებელი შესაბამისი ღონისძიებების და შშმ პირების ხელშეწყობის
აპრობირებული ტექნოლოგიების გაცნობას.
11. თეორიული ტესტირების მინიმალურ ხანგრძლივობა განისაზღვრება 4
საათით.
12. პრაქტიკული ტესტირების მინიმალური ხანგრძლივობა თითოეული
მაძიებლისათვის განისაზღვრება 0,5 საათით.
13. თეორიული ტესტირების მინიმალური გამსვლელი დონე, ამ მუხლის მე-9
პუნქტის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებისთვის განისაზღვრება 60 %-ით, ხოლო საერთო
დონე განისაზღვრება 75%-ით.
14. შემოკლებული სწავლების (მძღოლებისთვის, რომელთაც მართვის მოწმობა
მიღებული აქვთ 2015 წლამდე) შემთხვევაში:
ა) წერილობითი ტესტირების სახით ყოველ კანდიდატს ეძლევა არანაკლებ 30
წერილობითი საკითხი მომზადების კურსის მიხედვით;
ბ) თეორიული ტესტირების მინიმალური გამსვლელი დონე განისაზღვრება
75%-ით;
გ) ტესტირების მინიმალურ ხანგრძლივობა განისაზღვრება 60 წუთით.
15. დაინტერესებულ პირზე, სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ
შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაიცემა სწავლების გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 6. სახიფათო ტვირთების
გადამზიდავი მძღოლის
კვალიფიკაცია
1. დაინტერესებული პირი სახიფათო ტვირთების გადამზიდავი მძღოლის
კვალიფიკაციას მოიპოვებს სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში თეორიული
სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით ჩაბარებისა
და სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთების გადასაზიდი სატრანსპორტო საშუალების
მძღოლის მომზადების მოწმობის გაცემის საფუძველზე.
2. სწავლების ხანგრძლივობა კვალიფიკაციის მისანიჭებლად განისაზღვრება
შემდეგი სახით:
ა) მომზადების საბაზო კურსი – 18 მეცადინეობა;
ბ) ცისტერნებით გადაზიდვის მომზადების სპეციალიზირებული კურსი – 12
მეცადინეობა;
გ) პირველი კლასის ნივთიერებათა და ნაკეთობათა გადაზიდვის
სპეციალიზებული კურსი – 8 მეცადინეობა.
დ) მე-7 კლასის რადიოაქტიური მასალის გადაზიდვის სპეციალიზებული კურსი –
8 მეცადინეობა;
3. ერთი მეცადინეობის ხანგრძლივობა შეადგენს 45 წუთს.
4. სწავლება უნდა განხორციელდეს მძღოლებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ B
ან/და C ან/და D ან/და E კატეგორიის მართვის უფლებები.
5. ტესტირება საწყისი კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება წერილობითი
ტესტირების სახით და ყოველ კანდიდატს ეძლევა არანაკლებ 25 წერილობითი
საკითხი მომზადების საბაზო კურსის მიხედვით.
6. წერილობითი კითხვები განისაზღვრება სამი სავარაუდო პასუხით.
7. საწყისი კვალიფიკაციის მინიჭების მიზნით ტესტირების მინიმალური
ხანგრძლივობა განისაზღვრება – 45 წუთით.
8. წერილობითი ტესტირების მინიმალურ გამსვლელ დონედ განისაზღვრება 75
%.
9. სწავლების ენა არის ქართული.
10. დაინტერესებულ პირზე სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ
შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაიცემა სწავლების გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 7. სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების
საკითხებში კონსულტანტის კვალიფიკაცია
1. დაინტერესებული პირი სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის
უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის კვალიფიკაციას მოიპოვებს სასწავლო
ცენტრში თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში ტესტირების წარმატებით
ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის
უსაფრთხოების საკითხებში კონსულტანტის პროფესიული მომზადების მოწმობის
გაცემის საფუძველზე.
2. სწავლების ხანგრძლივობა კვალიფიკაციის მისანიჭებლად განისაზღვრება 30
აკადემიური საათით.
3. სწავლება ტარდება პირთათვის, რომელიც ახორციელებს ან აპირებს
განახორციელოს სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვის უსაფრთხოების
საკითხებში კონსულტანტის საქმიანობა გადამზიდველ კომპანიაში, რომელიც ეწევა
სახიფათო ტვირთების საგზაო გადაზიდვას.
4. ტესტირება კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიულ და პრაქტიკულ
საკითხებში.
5. სავალდებულო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ტესტების რაოდენობა
განისაზღვრება არანაკლებ 20 ტესტით და
ა) წერილობითი კითხვებით:
ა.ა) რომლებიც ითვალისწინებს პასუხებს რამდენიმე ვარიანტიდან;
ა.ბ) რომლებიც საჭიროებს პირდაპირ პასუხს;
ა.გ) ორივე ვარიანტის (ამავე პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები)
კომბინაციით.
6. ტესტირების მინიმალური გამსვლელი დონე განისაზღვრება 75%-ით.
7. სწავლების ენა არის ქართული.
8. დაინტერესებულ პირზე სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ
შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაიცემა სწავლების გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 8. ციფრული ტაქოგრაფის ექსპლუატაციასთან დაკავშირებული
კვალიფიკაცია
1. დაინტერესებული პირი ციფრული ტაქოგრაფის ექსპლუატაციასთან
დაკავშირებულ კვალიფიკაციას მოიპოვებს სააგენტოში ან სასწავლო ცენტრში
თეორიული სწავლების გავლის, სააგენტოში თეორიული ტესტირების წარმატებით
ჩაბარებისა და სააგენტოს მიერ ციფრული ტაქოგრაფის ბარათის გაცემის
საფუძველზე.
2. სწავლების ხანგრძლივობა კვალიფიკაციის მისანიჭებლად განისაზღვრება 6
აკადემიური საათით.
3. სწავლება ტარდება მძღოლებისათვის, რომლებსაც გააჩნიათ C ან/და D
ან/და E კატეგორიის მართვის უფლებები.
4. ტესტირება კვალიფიკაციის მისანიჭებლად ტარდება თეორიულ და პრაქტიკულ
საკითხებში.
5. სავალდებულო თეორიულ და პრაქტიკულ საკითხებში ტესტების რაოდენობა
განისაზღვრება არანაკლებ 30 ტესტით და
ა) წერილობითი კითხვებით:
ა.ა) რომლებიც ითვალისწინებს პასუხებს რამდენიმე ვარიანტიდან;
ა.ბ) რომლებიც საჭიროებს პირდაპირ პასუხს;
ა.გ) ორივე ვარიანტის (ამავე პუნქტის „ა.ა“ და „ა.ბ“ ქვეპუნქტები)
კომბინაციით.
6. ტესტირების მინიმალური გამსვლელი დონე განისაზღვრება 75%-ით.
7. სწავლების ენა არის ქართული.
8. დაინტერესებულ პირზე სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ
შესაბამისი სასწავლო ცენტრის მიერ გაიცემა სწავლების გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტი.
მუხლი 9. თეორიული ტესტირება
1. სააგენტო თავის უფლებამოსილებას, ტესტირების ორგანიზება/ჩატარების
მიმართულებით, უზრუნველყოფს საკვალიფიკაციო ცენტრის და სხვა (სააგენტოს
დირექტორის მიერ გამოცემული ინდივიდუალური აქტის საფუძველზე განსაზღვრული)
უფლებამოსილი პირების მეშვეობით.
2. თეორიული ტესტირება ტარდება ელექტრონული სახით.
3. ტესტირება ტარდება დაინტერესებული პირის მიერ სწავლების გავლის
დამადასტურებელი დოკუმენტის წარმოდგენის შემთხვევაში, სწავლების გავლიდან
არაუგვიანეს 10 დღისა.
4. ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებულ პირს შეუძლია
გაიაროს უფასო განმეორებითი ტესტირება სხვა ჯგუფთან ერთად.
5. უფასო განმეორებითი ტესტირების ჩაუბარებლობის შემთხვევაში
დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას.
6. მძღოლის ციფრული ტრაქოგრაფის ბარათის მფლობელ პირს, ბარათის
მოქმედების ვადის ამოწურვის შემდეგ, ახალი ვადით ბარათის მისაღებად უფლება
აქვს სწავლების/ტრენინგის გარეშე გაიაროს მხოლოდ ერთჯრადი ტესტირება,
რომლის ჩაბარების შემთხვევაში გაიცემა მძღოლის ბარათი. ტესტირების
ჩაუბარებლობის შემთხვევაში დაინტერესებული პირი თავიდან გაივლის სწავლებას
და შესაბამის ტესტირებას.
მუხლი 10. პრაქტიკული ტესტირება
1. სატრანსპორტო საშუალების მართვაში პრაქტიკული ტესტირება ტარდება
სპეციალურ მოედანზე.
2. სატრანსპორტო საშუალების მართვის პრაქტიკული ტესტირების
ჩაუბარებლობის შემთხვევაში, განმეორებითი უფასო ტესტირების შემდეგ,
დაინტერესებულ პირს ისევ ეძლევა უფლება გაიაროს დამატებით ორი განმეორებითი
ფასიანი ტესტირება.