1. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე აღნიშვნის მიზნით ქალაქები, დასახლებები და სოფლები შეირჩევა ვიზუალური აერნაოსნობისთვის მათი შედარებითი მნიშვნელოვნებიდან გამომდინარე.

2. დიდი ზომის ქალაქები და დასახლებები უნდა აღინიშნოს მათი განაშენიანების რაიონული საზღვრების მიხედვით და არა დადგენილი საქალაქო საზღვრების მიხედვით.

3. რუკაზე აღინიშნება ყველა სარკინიგზო ხაზი, რომლებიც წარმოადგენენ სახასიათო სახმელეთო ორიენტირებს.

შენიშვნა: რაიონებში, სადაც მჭიდრო სარკინიგზო ქსელია,  ზოგიერთი მათგანი, რუკის წაკითხვის გაიოლების მიზნით, შეიძლება არ აღინიშნოს.

4.  რუკაზე უნდა აღინიშნოს მნიშვნელოვანი გვირაბები.

შენიშვნა: აუცილებლობისას, შეიძლება დაემატოს განმარტებითი წარწერა.

5. საგზაო ქსელი რუკაზე აღინიშნება საკმაოდ დაწვრილებით, რათა ჰაერიდან ჩანდეს მისი განლაგების არსებითი თავისებურებები.

6. განაშენიანების რაიონში არ უნდა აღინიშნოს გზები, გარდა იმ შემთხვევებისა, როდესაც შეიძლება მათი გარჩევა ჰაერიდან, როგორც სახასიათო ორიენტირები.

7. რუკაზე უნდა აღინიშნოს ბუნებრივი და ხელოვნური სახმელეთო ორიენტირები, მაგალითად, ხიდები, მსხვილი ელექტროგადამცემი ხაზები, სტაციონალური ფუნიკულიორები, სამთამადნო ნაგებობები, ფორტები, ნანგრევები, ჯებირები, მილსადენები, კლდეები, ციცაბო ნაპირები, ხეობები, ფრიალო კლდეები, ცალკეული შუქურები და მცურავი შუქურები, როდესაც ისინი წარმოადგენენ მნიშვნელოვან ორიენტირებს ვიზუალური აერნაოსნობისთვის.

შენიშვნა: სახმელეთო ორიენტირებს შეიძლება თან ახლდეს განმარტებითი წარწერა.

8. რუკაზე აღინიშნება სახელმწიფო საზღვრები. გაუმიჯნავ ან დაუდგენელ საზღვრებს თან უნდა ახლდეს განმარტებითი წარწერა.

9. რუკაზე, მისი მასშტაბის შესაბამისად, დაიტანება ყველა ჰიდროგრაფიული ელემენტი, მათ შორის სანაპირო ხაზები, ტბები, მდინარეები და ნაკადულები (მათ შორის დამშრალი), მარილიანი ტბები, მყინვარები და ყინულოვანი საფარი.

10. წყლის დიდი სივრცეები უნდა გაფერადდეს ძალიან ნათელ ტონში.

შენიშვნა: სანაპირო ხაზები უნდა გამოიყოს შედარებით მუქი ტონის წვრილი ზოლით.

11. რიფები და მეჩეჩები, მათ შორის, წყალქვეშა კლდოვანი სანაპირო ფერდობები, ცალკეული კლდეები, ქვიშიანი, კენჭიანი, ქვიანი და სხვა მსგავსი უბნები უნდა აღინიშნოს პირობითი ნიშნებით, თუ მათ გააჩნიათ არსებითი მნიშვნელობა აღნიშნული არეს დასახასიათებლად.

12. რუკაზე დაიტანება ჰორიზონტალები. იზოხაზების ინტერვალების შერჩევა უნდა მოხდეს ისე, რომ უზრუნველყოფილი იყოს რელიეფის ზედაპირის გარკვევით გამოსახვა სააერნაოსნო მოთხოვნების გათვალისწინებით.

13.  წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე მიეთითება იზოხაზების სიდიდეები.

14. ტონალური ჰიფსომეტრიული შეფერადების გამოყენებისას, რუკაზე მოიცემა სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული სკალა.

15. ჩარჩოში მიეთითება რუკაზე გამოყენებული სიმაღლეების ტონალური ჰიფსომეტრიული შეფერადების სკალა.

16. ცალკეული კრიტიკული წერტილები აღინიშნება მაღლივი ნიშნულებით. შერჩეული შემაღლებები ყოველთვის წარმოადგენენ უდიდესს გარემომცველ ტერიტორიაზე და, როგორც წესი, მიეკუთვნება პიკის, ქედის და ა.შ. მწვერვალს. რუკაზე ასევე აღინიშნება შემაღლებები ხეობებში და ტბების ზედაპირების დონეები, რომლებსაც გააჩნიათ განსაკუთრებული მნიშვნელობა ვიზუალური აერნაოსნობისთვის. ყოველი ცალკეული შემაღლების ადგილმდებარეობა აღინიშნება წერტილით.

17. ჩარჩოში მიეთითება რუკის უმაღლესი წერტილის შემაღლება (მეტრებში ან ფუტებში) და მისი გეოგრაფიული კოორდინატები, 5′-მდე სიზუსტით.

18. წვრილმასშტაბიანი საავიაციო რუკის ნებისმიერი ფურცლის უმაღლესი წერტილის მაღლივი ნიშნული თავისუფალი უნდა იყოს ჰიფსომეტრიული შეფერილობისგან.

19. რაიონები, სადაც არ განხორციელებულა რელიეფის ზედაპირის გადაღება, უნდა აღინიშნოს წარწერით „მონაცემები რელიეფის შესახებ არასრულია“.

20. რუკებს, რომელზეც მაღლივი ნიშნულები დაუზუსტებელია, თან ახლავს გამაფრთხილებელი წარწერა, რომელიც გარკვევით მიეთითება რუკის ველზე და იბეჭდება იმავე ფერით, რომელიც გამოიყენება სააერნაოსნო ინფორმაციის დატანისას, მაგ., „ყურადღება. ამ რუკაზე ინფორმაცია რელიეფის ზედაპირის შესახებ არასაკმარისად ზუსტია, სიფრთხილით ისარგებლეთ მონაცემებით შემაღლებების შესახებ“.

21. ხრამები უნდა აღინიშნოს იმ შემთხვევაში, თუ ისინი წარმოადგენს შესამჩნევ ორიენტირს ტერიტორიაზე ან როდესაც ცნობები ხელოვნური ნაგებობების შესახებ საკმაოდ მწირია.

22. წვრილმასშტაბიან საავიაციო რუკაზე უნდა აღინიშნოს დიდი განფენილობის ტყის მასივები.

23.  ჩარჩოში მიეთითება ტოპოგრაფიულ საფუძველზე დატანილი ბოლო ინფორმაციის თარიღი.

24. კურსის გაყვანის გამარტივების მიზნით, რუკის ფონი უნდა იყოს ნახევარტონში.

25. ვიზუალური აერნაოსნობისთვის მნიშვნელოვანი ელემენტების გამოყოფის მიზნით, უზრუნველყოფილი უნდა იყოს ფერთა მკვეთრი კონტრასტ