1. კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემა აერთიანებს:
ა) ცენტრს;
ბ) საქართველოს პროკურატურას;
გ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ გამოძიების ორგანოებს;
დ) საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სისტემაში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირს − სახელმწიფო ზრუნვისა და ტრეფიკინგის მსხვერპლთა, დაზარალებულთა დახმარების სააგენტოს (შემდგომ − სააგენტო);
ე) საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტროს, მისი მმართველობის სფეროში მოქმედ საჯარო სამართლის იურიდიულ პირებს და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებულ ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებს/სკოლებს.
2. ცენტრი:
ა) წარმართავს და კოორდინაციას უწევს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესს;
ბ) ამუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებით მიღებულ ინფორმაციას, მათ შორის, განსაკუთრებული კატეგორიის მონაცემებს, აფასებს კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანთან დაკავშირებულ ინდივიდუალურ გარემოებებსა და საჭიროებებს;
გ) ახდენს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ჩართვას შესაბამის სერვისში/პროგრამაში;
დ) შეიმუშავებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის სისტემის ეფექტიანობისთვის საჭირო სერვისების/პროგრამების კონცეფციებს;
ე) უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კანონიერი წარმომადგენლისთვის შესაბამისი მხარდამჭერი კონსულტაციის გაწევას;
ვ) ხელს უწყობს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ოჯახის ჩართვას არსებულ სოციალური ფუნქციონირების მხარდამჭერ სერვისებში;
ზ) ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესის მონიტორინგს, რომლის ფარგლებშიც ახორციელებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ შესაბამისი სერვისის/პროგრამის შესრულების ზედამხედველობასა და მის მიერ მიღწეული შედეგების შეფასებას, აგრეთვე კანონთან კონფლიქტში მყოფ არასრულწლოვანზე დაკვირვებას შესაბამისი სერვისის/პროგრამის დასრულების შემდგომ;
თ) აანალიზებს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცესში მიღებულ მონაცემებს, ამზადებს შესაბამის ყოველწლიურ ანგარიშებს და აქვეყნებს პერსონალური მონაცემების შესახებ საქართველოს კანონმდებლობის დაცვით;
ი) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
3. პროკურორი უზრუნველყოფს:
ა) კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის ცენტრში გადამისამართებას;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
4. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 34-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრული გამოძიების ორგანოები უზრუნველყოფენ ამ კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებების განხორციელებას.
5. სააგენტო:
ა) ცენტრის მიმართვის საფუძველზე უზრუნველყოფს კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანისთვის წარმომადგენლის დანიშვნას;
ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით უზრუნველყოფს ალტერნატიული ზრუნვის მიზნით კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის სახელმწიფო ზრუნვაში განთავსებას;
გ) უზრუნველყოფს ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
6. საქართველოს განათლების, მეცნიერებისა და ახალგაზრდობის სამინისტრო, მისი მმართველობის სფეროში მოქმედი საჯარო სამართლის იურიდიული პირები და „ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის „ჟ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებები/სკოლები უზრუნველყოფენ:
ა) არასრულწლოვანებზე ზრუნვისა და მხარდაჭერის სახლში განთავსებული კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის მიერ ზოგადი განათლების მიღების შესაძლებლობას;
ბ) ამ კანონით განსაზღვრული სხვა უფლებამოსილებების განხორციელებას.
კანონთან კონფლიქტში მყოფი არასრულწლოვანის კეთილდღეობის უზრუნველყოფის, რეაბილიტაციისა და მხარდაჭერის პროცე