1. წესის მიზნებისთვის წესში გამოყენებულ ტერმინებს გააჩნიათ შემდეგი მნიშვნელობა:
ა) სარკინიგზო უსაფრთხოების წესი – „სარკინიგზო უსაფრთხოების წესის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2024 წლის 22 ნოემბრის №394 დადგენილებით დამტკიცებული სარკინიგზო უსაფრთხოების წესი;
ბ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი – იურიდიული პირი ან მისი ორგანიზაციული/სტრუქტურული ერთეული, რომელიც პასუხისმგებელია მოძრავი შემადგენლობის მოვლა-შენახვისთვის ან/და ტექნიკური მომსახურებისთვის;
გ) ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატი – სერტიფიკატი, რომელიც გაცემულია სააგენტოს მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების წესის შესაბამისად;
დ) ზედამხედველობა - სააგენტოს მიერ განხორციელებული თანმიმდევრული და უწყვეტი პროცესი – მოქმედებების ერთობლიობა, რომლის მიზანს წარმოადგენს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ვალდებულებების მუდმივი შესრულებისა და ტექნიკური მომსახურების სისტემის ეფექტიანობის შემოწმება, რომელიც ხორციელდება, მათ შორის გეგმური და არაგეგმური ინსპექტირების გზით;
ე) მონიტორინგი – ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის მიერ გატარებული ღონისძიებები, რომელთა მიზანს წარმოადგენს მის მიერ დანერგილი ტექნიკური მომსახურების სიტემის ყველა ელემენტის, მათ შორის, ტექნიკური, საექსპლუატაციო და ორგანიზაციული რისკების კონტროლის ზომების სწორად გამოყენებისა და ეფექტიანობის შემოწმება;

ვ) ინსპექტირება – ზედამხედველობის უზრუნველყოფის მიზნით, ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის საქმიანობის კონკრეტული სფეროს ან/და მათი ცალკეული ასპექტების შემოწმება;

ზ) ინსპექტირების განხორციელებაზე უფლებამოსილი პირი (შემდგომ – უფლებამოსილი პირი) – სააგენტოს დირექტორის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით – ბრძანებით განსაზღვრული პირი, რომელიც ახორციელებს ინსპექტირებას;

თ) ზედამხედველობის ობიექტი – ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირი, რომელიც ფლობს ტექნიკური მომსახურებისთვის პასუხისმგებელი პირის სერტიფიკატს და ექვემდებარება ზედამხედველობას ამ წესის შესაბამისად;

ი) მნიშვნელოვანი შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით განსაზღვრულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც მოითხოვს მაკორექტირებელი ღონისძიებების განხორციელებას ან/და პასუხისმგებლობის დაკისრებას;

კ) შეუსაბამობა – ზედამხედველობის დროს გამოვლენილი კანონმდებლობით გათვალისწინებულ მოთხოვნებთან არსებული მდგომარეობის შეუსაბამობა, რომელიც საჭიროებს სააგენტოს მიერ გამოვლენილი გარემოებების აღრიცხვას და მის აღმოსაფხვრელად ზედამხედველობის ობიექტისთვის შეტყობინებას;

ლ) მაკორექტირებელი ღონისძიება – ზედამხედველობის შედეგების შესაბამისად, სარკინიგზო უსაფრთხოების უზრუნველყოფის მიზნით, შეუსაბამობების აღმოსაფხვრელად განსახორციელებელი ღონისძიება;

მ) დაინტერესებული მხარე – ნებისმიერი პირი, მათ შორის, სახელმწიფო უწყება, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო და სხვა, რომელსაც აქვს განსაზღვრული როლი სარკინიგზო საქმიანობაში ან რომელსაც ეხება სარკინიგზო საქმიანობა და რომელიც დაინტერესებულია უსაფრთხოების უზრუნველყოფის შედეგებით;

ნ) უსაფრთხოების საერთო ინდიკატორები ((Common Safety Indicators) CSI) – სარკინიგზო უსაფრთხოების წესით დადგენილი ინდიკატორების ერთობლიობა, რომლებსაც აგროვებს სააგენტო, წლიური ანგარიშების მეშვეობით, რათა უზრუნველყოს უსაფრთხოების საერთო მიზნების მიღწევების შეფასება და სარკინიგზო უსაფრთხოების მონიტორინგის განხორციელება.

2. წესში გამოყენებულ სხვა ტერმინებს გააჩნიათ საქართველოს სარკინიგზო კოდექსითა და საქართველოს კანონმდებლობით განსაზღვრული მნიშვნელობა.

თავი II

ზედამხედველობის მიზნები, სახეები და ფარგლებ