1. დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში შეიძლება მოთავსდეს დაბალი ან საშუალო რისკის მქონე სრულწლოვანი მსჯავრდებული, რომლის მიერ ფაქტობრივად მოსახდელი სასჯელის ვადა არ აღემატება 1 წელს.
2. დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მსჯავრდებული თავსდება სამსახურის გენერალური დირექტორის ბრძანებით და მსჯავრდებულის წერილობითი თანხმობის საფუძველზე.
3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული მსჯავრდებული, დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსებისთვის განცხადებით (დანართი №16) მიმართავს სამსახურის გენერალურ დირექტორს ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული ვადის დადგომამდე არანაკლებ 1 თვით ადრე. განცხადებაში მსჯავრდებულმა უნდა მიუთითოს, რომ თანახმაა, შეასრულოს დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილისთვის დადგენილი ვალდებულებები, აგრეთვე ისწავლოს ან/და იმუშაოს და მონაწილეობა მიიღოს დაწესებულების მიერ შეთავაზებულ სარეაბილიტაციო ღონისძიებებში.
4. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული განცხადების მიღების შემდეგ, სამსახურის გენერალური დირექტორი განცხადებას მსჯავრდებულის პიროვნების შესწავლის მიზნით უგზავნის სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს, რომელიც ვალდებულია მიღებული განცხადების საფუძველზე, 2 სამუშაო დღის ვადაში, დაწესებულებიდან გამოითხოვოს მსჯავრდებულის დახასიათება, ექიმის რეკომენდაცია მსჯავრდებულის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ, ოპერატიული ინფორმაცია (ასეთის არსებობის შემთხვევაში) და საკითხის გადასაწყვეტად საჭირო სხვა მასალები.
5. დაწესებულება ვალდებულია მოთხოვნის მიღებიდან 5 სამუშაო დღის ვადაში უზრუნველყოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოსთვის შესაბამისი მასალების მიწოდება. იმ შემთხვევაში, თუ მასალებს თან ერთვის ინფორმაცია, რომელიც მოპოვებულია „ოპერატიულ-სამძებრო საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით ან წარმოადგენს სახელმწიფო საიდუმლოებას, ეს ინფორმაცია სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარ სამმართველოს ეგზავნება საიდუმლოობის შესაბამისი გრიფის მინიჭების გზით.
6. სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველო, დაწესებულებიდან მიღებული ინფორმაციის საფუძველზე, 12 სამუშაო დღის ვადაში, შეიმუშავებს რეკომენდაციას და წარუდგენს სამსახურის გენერალურ დირექტორს შესაბამისი გადაწყვეტილების მისაღებად.
7. სამსახურის გენერალური დირექტორი გადაწყვეტილების მიღებისას მხედველობაში იღებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივს, დამდგარ მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დაწესებულებაში სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევას, დაწესებულებიდან გაქცევის რისკს, აგრეთვე იმ საფრთხეს, რომელიც მსჯავრდებულმა შეიძლება შეუქმნას დაწესებულებას.
8. დადებითი გადაწყვეტილების მიღების შემთხვევაში, სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის უსაფრთხოების მთავარი სამმართველოს რეკომენდაცია, შესაბამისი ბრძანების პროექტის მომზადების მიზნით ეგზავნება სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის სპეციალური აღრიცხვის სამმართველოს, ხოლო უარყოფითი გადაწყვეტილების მიღების შესახებ 5 დღის ვადაში ეცნობება მსჯავრდებულს.
9. სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მოთავსების შესახებ აღსასრულებლად ეგზავნება სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის ესკორტირებისა და სპეციალურ ღონისძიებათა მთავარ სამმართველოსა და დაწესებულება