1. მსჯავრდებულს, რომლის 3 წელს მიღწეულმა შვილმა დატოვა დაწესებულება, უფლება აქვს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შვილთან ურთიერთობის მიზნით, ბავშვის მიერ დაწესებულების დატოვებიდან 1 წლის განმავლობაში, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში დატოვოს დაწესებულება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული 1 დღის ათვლა იწყება დილის 10:00 საათიდან და მთავრდება მომდევნო დღის დილის 10:00 საათზე.

3. სამსახურის გენერალური დირექტორი ამ მუხლის პირველი პუნქტით განსაზღვრული საკითხის განხილვისას ითვალისწინებს მსჯავრდებულის პიროვნულ თვისებებს, მისგან მომდინარე საზოგადოებრივ საშიშროებას, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტს, დანაშაულის ხასიათს, მოტივს, მიზანს, დამდგარ შედეგს, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკს, სასჯელის მოხდისას გამოვლენილ ქცევასა და სხვა გარემოებებს, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

4. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლებს გარეთ ყოფნის დრო, მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების დასაწყისი და დასასრული, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

6. დაწესებულების შესაბამისი სტრუქტურული ერთეულის მოსამსახურე მსჯავრდებულს გააცნობს გადაწყვეტილების ასლს, რომელსაც მსჯავრდებული გადაწყვეტილების მეორე მხარეს დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ მიეცემა დაწესებულების დატოვების უფლება.

7. მსჯავრდებულის მოწმობას დაწესებულების დატოვების თაობაზე (დანართი №14) ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო დედანი მოთავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში. მსჯავრდებული ვალდებულია გაეცნოს მოწმობის უკანა მხარეს არსებულ გაფრთხილებას და ხელმოწერით დაადასტუროს შინაარსის გაცნობა.

8. დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

9. დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს დაწესებულებაში ამ მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

10. მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადების ან გამოუცხადებლობის მიზეზია ერთ-ერთი შემდეგი გარემოება:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობის დროს, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

11. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დატოვა დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

12. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი, მსჯავრდებულმა დაარღვია დაკისრებული მოვალეობები ან მისი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, აღნიშნული დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც უფლებამოსილია მსჯავრდებულს შეუჩეროს დაწესებულების დატოვების უფლება.

13. თუ სამსახურის გენერალური დირექტორი მიიღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების შეჩერების შესახებ, იმავე საკითხზე მსჯავრდებულის შუამდგომლობის ხელახლა განხილვა შეიძლება მხოლოდ 1 თვის შემდეგ.

14. ამ მუხლის მე-12 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლების ხელახლა მიღების საკითხი განიხილება ამ მუხლით დადგენილი წესი