1. საოჯახო პაემანი არის მსჯავრდებულის ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ პირთან შეხვედრა თავისუფლების აღკვეთის დაწესებულების ტერიტორიაზე, ამისთვის სპეციალურად გამოყოფილ ოთახში.

2. მსჯავრდებულს მისი წერილობითი თხოვნის საფუძველზე შეიძლება მიეცეს შვილთან, ნაშვილებთან, გერთან, შვილიშვილთან, მეუღლესთან, პირთან, რომელთანაც საერთო შვილი ჰყავს, მშობელთან (მშვილებელთან), ბებიასთან, პაპასთან, დასთან, ძმასთან საოჯახო პაემნის უფლება.

3. მსჯავრდებულს წახალისების ფორმით შეიძლება მიეცეს იმ პირთან საოჯახო პაემნის უფლება, რომელიც ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული არ არის.

4. მსჯავრდებულს უფლება აქვს, 1 თვის განმავლობაში ჰქონდეს 1 საოჯახო პაემანი, ხოლო წახალისების ფორმით − თვეში 1 დამატებითი საოჯახო პაემანი.

5. საოჯახო პაემნის მოთხოვნით მსჯავრდებული წერილობით მიმართავს დაწესებულების დირექტორს პაემნის განხორციელებამდე 10 დღით ადრე. ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულმა პირმა დაწესებულების დირექტორს უნდა წარუდგინოს მსჯავრდებულთან ნათესაობის დამადასტურებელი დოკუმენტი.

6. ამ მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული მიმართვიდან 5 დღის ვადაში დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობის შესახებ ან მასზე მოტივირებული უარის თქმის თაობაზე. მსჯავრდებულს ეს გადაწყვეტილება წერილობით ეცნობება.

7. ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი სამსახურის გენერალურ დირექტორს მიმართავს შუამდგომლობით წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელების თაობაზე. ამ შუამდგომლობის მიღებიდან 3 დღის ვადაში სამსახურის გენერალური დირექტორი დაწესებულების დირექტორს წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის განხორციელებაზე თანხმობას აძლევს ან მოტივირებულ უარს ეუბნება. სამსახურის გენერალური დირექტორის თანხმობის შემთხვევაში დაწესებულების დირექტორი იღებს გადაწყვეტილებას მსჯავრდებულისთვის წახალისების ფორმით საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ.

8. დაწესებულება საოჯახო პაემნის უფლების მიცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღებიდან არაუგვიანეს 2 დღისა ორგანიზებას უწევს საოჯახო პაემანს და ამის თაობაზე განმცხადებელს აცნობებს.

9. საოჯახო პაემნის ხანგრძლივობაა 3 საათი.

10. საოჯახო პაემნისთვის სპეციალურად გამოყოფილი ოთახის პირობები უნდა შეესაბამებოდეს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ სანიტარიულ-ჰიგიენურ ნორმებს და არ უნდა ლახავდეს ადამიანის ღირსებას.

11. საოჯახო პაემნის ორგანიზებას, აგრეთვე მის ინფრასტრუქტურულ და მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს სამსახური.

12. თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში საოჯახო პაემნის უფლების განხორციელების წესი განისაზღვრება მინისტრის ბრძანები