1. დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილში მყოფ მსჯავრდებულს, სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებით, შეიძლება მიეცეს უფლება, დატოვოს დაწესებულება ერთ-ერთი შემდეგი პირობითა და ვადით:

ა) დაწესებულების გარეთ სწავლის ან/და მუშაობის შემთხვევაში, სასწავლო ან/და სამუშაო გრაფიკის შესაბამისად;

ბ) საქართველოს კანონმდებლობით დადგენილ დასვენების და უქმე დღეებში;

გ) დასაბუთებული მოთხოვნის შემთხვევაში, 1 კვირის განმავლობაში არაუმეტეს 3 დღე-ღამისა.

2. მსჯავრდებული დაწესებულებაში მოთავსებიდან პირველი 14 დღის განმავლობაში არ სარგებლობს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით.

3. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის მიზნით, მსჯავრდებული ვალდებულია დაწესებულებაში მოთავსებისთანავე განცხადებით მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს. განცხადებაში მითითებული უნდა იყო დაწესებულების დატოვების საფუძველი და დრო. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულმა არ მიმართა სამსახურის გენერალურ დირექტორს ამ პუნქტით გათვალისწინებულ ვადაში, სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია მიიღოს შესაბამისი გადაწყვეტილება მსჯავრდებულის დაწესებულებაში სხვა ნაწილში გადაყვანის შესახებ.

4. ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობის მოთხოვნის შემთხვევაში, განცხადებას უნდა ერთოდეს შესაბამისი უფლებამოსილი ორგანოს მიერ გაცემული ოფიციალური ცნობა მსჯავრდებულის სწავლის ან/და მუშაობის შესახებ.

5. სამსახურის გენერალური დირექტორი განცხადებას იხილავს 2 კვირის ვადაში, რა დროსაც მხედველობაში მიიღება მსჯავრდებულისგან მომდინარე საზოგადოებრივი საშიშროება, მის მიერ წარსულში დანაშაულის ჩადენის ფაქტი, დანაშაულის ხასიათი, მოტივი, მიზანი, დამდგარი შედეგი, დანაშაულის განმეორებით ჩადენის რისკი, სასჯელის მოხდისას გამოვლენილი ქცევა, მსჯავრდებულის პიროვნული თვისებები და სხვა გარემოებები, რომლებმაც შეიძლება გავლენა მოახდინოს სამსახურის გენერალური დირექტორის გადაწყვეტილებაზე.

6. გადაწყვეტილების მიღების პროცესში, სამსახურის გენერალური დირექტორი უფლებამოსილია დაავალოს სამსახურის პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის მოსამსახურეს, გადაამოწმოს მსჯავრდებულის განცხადებაში მითითებული გარემოებები.

7. მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების შესახებ დადებით გადაწყვეტილებაში აღინიშნება მსჯავრდებულის ვინაობა, ადგილი, სადაც მსჯავრდებულმა უნდა გაატაროს დაწესებულების ფარგლების გარეთ ყოფნის დრო, მსჯავრდებულის მიერ დაწესებულების დატოვების დასაწყისი და დასასრული, აგრეთვე სხვა მნიშვნელოვანი გარემოებები.

8. ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული გადაწყვეტილების ასლი დაუყოვნებლივ იგზავნება დაწესებულებასა და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროში.

9. დაწესებულების შესაბამისი განყოფილების მოსამსახურე მსჯავრდებულს გააცნობს გადაწყვეტილების ასლს, რასაც მსჯავრდებული დაადასტურებს ხელმოწერით და დაერთვება მსჯავრდებულის პირად საქმეს. მსჯავრდებულის მიერ ხელმოწერაზე უარის შემთხვევაში მსჯავრდებულს არ მიეცემა დაწესებულების დატოვების უფლება.

10. მსჯავრდებულის მოწმობას დაწესებულების დატოვების თაობაზე (დანართი №14) ავსებს დაწესებულების სპეციალური აღრიცხვის განყოფილება, რომლის ასლი გადაეცემა მსჯავრდებულს, ხოლო დედანი მოთავსდება მსჯავრდებულის პირად საქმეში. მსჯავრდებული ვალდებულია გაეცნოს მოწმობის უკანა მხარეს არსებულ გაფრთხილებას და ხელმოწერით დაადასტუროს შინაარსის გაცნობა.

11. დაწესებულებიდან გასვლის წინ მსჯავრდებული უნდა გაფრთხილდეს მოსალოდნელი პასუხისმგებლობის შესახებ.

12. დაწესებულების დატოვების შემდეგ მსჯავრდებული ვალდებულია დაბრუნდეს დაწესებულებაში ამ მუხლის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული ვადის გასვლამდე.

13. მსჯავრდებულის დაწესებულებაში დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა იწვევს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით დადგენილ პასუხისმგებლობას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც დაგვიანებით გამოცხადება ან გამოუცხადებლობა გამოწვეული იყო ერთ-ერთი შემდეგი გარემოებით:

ა) მსჯავრდებულის ჯანმრთელობის ისეთი მდგომარეობა, რომელიც შეუძლებელს ხდის მისთვის დაკისრებული მოვალეობის შესრულებას, რასაც ადასტურებს ექიმის მიერ გაცემული შესაბამისი ცნობა;

ბ) მსჯავრდებულის მიერ დადგენილი რეჟიმის დარღვევა მისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო, დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) არსებობის დროს, კერძოდ, სტიქიური უბედურების, ავარიის, ხანძრის, მასობრივი არეულობის, სამხედრო მოქმედების, კარანტინის ან საგანგებო მდგომარეობის გამოცხადების შემთხვევაში ან/და სხვა ისეთი გარემოების არსებობისას, რომელიც ობიექტურად შეუძლებელს ხდის დაწესებულებაში გამოცხადებას, რასაც ადასტურებს შესაბამისი სახელმწიფო დაწესებულების მიერ გაცემული დოკუმენტი.

14. მსჯავრდებულს, რომელმაც ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დატოვა დაწესებულება, ეკრძალება საქართველოს სახელმწიფო საზღვრის გადაკვეთა.

15. იმ შემთხვევაში, თუ მსჯავრდებულს სურვილი აქვს ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთ-ერთი პირობა შეცვალოს სხვა პირობით, იგი ვალდებულია დასაბუთებული განცხადებით მიმართოს სამსახურის გენერალურ დირექტორს, რომელიც განცხადებას იხილავს 2 კვირის ვადაში, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით. ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული ერთი პირობის სხვა პირობით შეცვლისას, მასზე ვრცელდება ამ მუხლით გათვალისწინებული მოთხოვნები.

16. დაწესებულების დირექტორი უფლებამოსილია, დაავალოს დაწესებულების შესაბამის მოსამსახურეს, მსჯავრდებულის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, გაუფრთხილებელი ვიზიტით გააკონტროლოს მსჯავრდებულის სასწავლებელში/სამუშაო ადგილზე გამოცხადება, გამოითხოვოს სწავლის/მუშაობის გრაფიკი და მსჯავრდებულის სასწავლებელში/სამუშაო ადგილზე დასწრების აღრიცხვის დოკუმენტი.

17. იმ შემთხვევაში, თუ ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული უფლებით სარგებლობისას, მსჯავრდებულის მიმართ გამოყენებულ იქნა დისციპლინური სახდელი, მსჯავრდებულმა დაარღვია დაკისრებული მოვალეობები ან მისი ქცევა მკვეთრად უარყოფითად შეიცვალა, დაწესებულების დირექტორი ვალდებულია, აღნიშნული დაუყოვნებლივ შეატყობინოს სამსახურის გენერალურ დირექტორს.

18. ამ მუხლით გათვალისწინებული დაწესებულების გათავისუფლებისთვის მომზადების თავისუფლების აღკვეთის ნაწილის დატოვების ვადა შედის სასჯელის მოხდის საერთო ვადაშ