1. საკრებულოს კომისია არის საკრებულოს მუდმივმოქმედი ორგანო, რომელიც იქმნება საკრებულოში საკითხების წინასწარი მომზადების, გადაწყვეტილებათა შესრულებისათვის ხელის შეწყობის, მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანოს მერიის სტრუქტურული ერთეულების, აგრეთვე მუნიციპალიტეტის მიერ დაფუძნებული იურიდიული პირების კონტროლის მიზნით.
2. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა, დასახელება და უფლებამოსილება განისაზღვრება ამ რეგლამენტის 24-ე მუხლით. საკრებულოს კომისიათა რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 5-ს.
3. მარნეულის მუნიციპალიტეტის საკრებულოს შემადგენლობა განისაზღვრება მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციათა წარმომადგენლობისა და მუნიციპალიტეტის საკრებულოს იმ წევრთა რაოდენობის პროპორციულად, რომლებიც გაერთიანებული არა არიან არცერთ ფრაქციაში.
4. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის წევრთა რაოდენობასა და პროპორციული წარმომადგენლობის კვოტებს განსაზღვრავს მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო-საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია საკრებულოს რეგლამენტით დადგენილი წესით და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიურო, ხოლო ახალარჩეული მუნიციპალიტეტის საკრებულოს პირველ სხდომაზე მათ განსაზღვრავს და ამტკიცებს მუნიციპალიტეტის საკრებულო.
5. მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში წევრის წარდგენის შესახებ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციის გადაწყვეტილება ეცნობება მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისიას ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისიას (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს. მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია (მუნიციპალიტეტის საკრებულო) ამოწმებს ფრაქციის მიერ კომისიაში წევრის წარდგენის სისწორეს და საჭიროების შემთხვევაში ახდენს სათანადო რეაგირებას. ფრაქციის მიერ კომისიაში წარდგენილი წევრი კომისიაში დანიშნულად მიიჩნევა აღნიშნული ფაქტის მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს (მუნიციპალიტეტის საკრებულოს) მიერ ცნობად მიღების მომენტიდან. საკრებულოს ის წევრი, რომელიც გაერთიანებული არ არის არცერთ ფრაქციაში, კომისიის წევრი ხდება ამ პუნქტით დადგენილი წესით, პირადი განცხადების საფუძველზე.
6. თუ მუნიციპალიტეტის საკრებულოს ფრაქციაში განხორციელებული ცვლილებები გავლენას ახდენს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიაში ფრაქციათა პროპორციულ წარმომადგენლობაზე, მუნიციპალიტეტის საკრებულოს სამანდატო - საპროცედურო საკითხთა და ეთიკის კომისია ან შესაბამისი კომპეტენციის მქონე კომისია ერთი კვირის ვადაში განსაზღვრავს და მუნიციპალიტეტის საკრებულოს ბიუროს უახლოეს სხდომაზე წარუდგენს პროპორციული წარმომადგენლობის ახალ კვოტებს.
7. საკრებულოს წევრი, გარდა საკრებულოს თავმჯდომარისა, ვალდებულია იყოს ერთი, მაგრამ არაუმეტეს ორი კომისიის წევრი. საკრებულოს თავმჯდომარე უფლებამოსილია იყოს მუნიციპალიტეტის საკრებულოს კომისიის შეადგენლობაში, მაგრამ ჯამში არაუმეტეს ორი კომისიისა.
8. საკრებულოს კომისიის თავმჯდომარე არ შეიძლება იმავდროულად იყოს საკრებულოს სხვა კომისიის თავმჯდომარე