მუნიციპალიტეტის ქონების განკარგვისა და მართვის სფეროში საკრებულოს უფლებამოსილებას განეკუთვნება:
ა) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების მართვისა და განკარგვის წესების, ასევე 50%-ზე მეტი წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოს ქონების განკარგვის წესების დადგენა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“ საქართველოს ორგანული კანონით და საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული წესების შესაბამისად;
ბ) არაუგვიანეს 1 თებერვლისა, მუნიციპალიტეტის მერის მიერ შესყიდვების გეგმის შესაბამისად, წინა წელს განხორციელებული შესყიდვების შესახებ ანგარიშის მოსმენა და შეფასება;
გ) საქართველოს მთავრობის მიერ განსაზღვრული წესის შესაბამისად, მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული არასასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის ნორმატიული ფასის, მუნიციპალიტეტის ქონების საწყისი საპრივატიზაციო საფასურის და ქირის საწყისი საფასურის დადგენა; მუნიციპალიტეტის ქონების აუქციონით ფორმის პრივატიზებისას აუქციონში გამარჯვების დამადასტურებელი ოქმის ტიპური ფორმის დამტკიცება;
დ) მერის წარდგინებით მუნიციპალიტეტის ქონების საპრივატიზებო ობიექტების ნუსხის და პრივატიზაციის გეგმის დამტკიცება;
ე) მუნიციპალიტეტის ქონების სახელმწიფოსთვის/ავტონომიური რესპუბლიკისთვის საკუთრებაში უსასყიდლოდ გადაცემის შესახებ გადაწყვეტილების მიღება;
ვ) მერისათვის თანხმობის მიცემა კერძო სამართლის სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნების, რეორგანიზაციისა და ლიკვიდაციის შესახებ; სამეწარმეო და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების დაფუძნებაში მონაწილეობისა და მათში გაწევრების შესახებ; მუნიციპალიტეტის წილობრივი მონაწილეობით შექმნილი საწარმოების კაპიტალში ცვლილების შესახებ, სამეწარმეო იურიდიული პირის წილის/აქციების შეძენის შესახებ;
ზ) ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის 1561 მუხლის შესაბამისად მერის წარდგინებით გადაწყვეტილების მიღება მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში შემავალ დასახლებაში, დასახლების ნაწილში, ან დასახლებათა ერთობლიობაში საჯარო სამართლის იურიდიული პირის დაფუძნების, მისი დებულების დამტკიცების და საჯარო სამართლის იურიდიული პირის დებულებით განსაზღვრული საქმიანობის, მომსახურების ან/და დაჩქარებული მომსახურების საფასურის ოდენობის დადგენის შესახებ;
თ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის მოძრავი და უძრავი ქონების პირობით ან უპირობოდ, პირდაპირი განკარგვის წესით, სასყიდლით ან უსასყიდლოდ სარგებლობის უფლებით გაცემის შესახებ;
ი) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალური ქონების შემძენზე, სარგებლობის უფლების მიმღებზე, ან მართვის უფლებით მიმღებზე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის დაკისრებული/დასაკისრებელი პირგასამტეხლოსგან გათავისუფლების შესახებ;
კ) მერისათვის თანხმობის მიცემა პრივატიზებული ან/და სარგებლობის უფლებით გადაცემული ქონების მიმღები პირის ამ ქონებასთან დაკავშირებული პირობის შესრულების ვალდებულებისაგან გათავისუფლების შესახებ, გარდა ფინანსური და საინვესტიციო ვალდებულებების შესრულებასთან დაკავშირებული პირობებისა;
ლ) მერისათვის თანხმობის მიცემა მუნიციპალიტეტის ძირითადი (განუსხვისებელი) ქონების გასხვისების შესახებ;
მ) მუნიციპალიტეტის საკუთრებაში არსებული ტყისა და წყლის რესურსების მართვის წესის დადგენა;
ნ) მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ძირითადი საშუალებების გასხვისებისა და სარგებლობის უფლებით გადაცემის, ქონების საწყისი საფასურის, ქონების სარგებლობის უფლებით გადაცემისას ქირის საფასურის და ქირის საწყისი საფასურის განსაზღვრის და ანგარიშსწორების წესების დადგენა.
ო) მერის წარდგინებით საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად მუნიციპალიტეტის კერძო სამართლის იურიდიული პირის ქონების მართვასთან დაკავშირებული იმ საკითხების დარეგულირება, რომლებიც საჭიროებენ ნორმატიული აქტით მოწესრიგება