1. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესის მარეგულირებელი წესები განისაზღვრება საქართველოს ორგანული კანონით „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“, საქართველოს კანონით ,,საქართველოს საბიუჯეტო კოდექსი“, სხვა ნორმატიული აქტებითა და ამ რეგლამენტით.
2. მუნიციპალიტეტის საბიუჯეტო პროცესი მოიცავს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის პროექტისა და პრიორიტეტების დოკუმენტის მომზადებას, წარდგენას, განხილვას, დამტკიცებას, დაზუსტებას (კორექტირებას) დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანას, ბიუჯეტის შესრულებას, ანგარიშგებასა და კონტროლს.
3. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტი დამოუკიდებელია როგორც სხვა მუნიციპალიტეტის, ისე ავტონომიური რესპუბლიკის რესპუბლიკური და საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტებისგან.
4. მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დამოუკიდებლობას განაპირობებს საკუთარი შემოსულობები და საკუთარ უფლებამოსილებათა განხორციელებისთვის გადასახდელების დამოუკიდებლად განსაზღვრის უფლებამოსილება.
5. მუნიციპალიტეტის აღმასრულებელი ორგანო – მერია პასუხისმგებელია ბიუჯეტის პროექტის მომზადებაზე, წარდგენაზე, დაზუსტებაზე (კორექტირებაზე), ბიუჯეტის შესრულებასა და ანგარიშგებაზე.
6. მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანო – საკრებულო უფლებამოსილია ბიუჯეტის პროექტის განხილვაზე, დამტკიცებაზე, დამტკიცებულ ბიუჯეტში ცვლილებების შეტანაზე, ბიუჯეტის შესრულების კონტროლზე (მონიტორინგზე) და ბიუჯეტის შესრულების პერიოდული ანგარიშების შეფასებაზე