1. საკრებულომ სამართლებრივი აქტის (საკრებულოს დადგენილება, საკრებულოს განკარგულება) პროექტის განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ ამ რეგლამენტის 88-ე მუხლით დადგენილი პროცედურების გავლის შემდეგ. საკრებულოს შესაბამისი კომისიისა და მერიის შესაბამისი სამსახურის დასკვნის მომზადებისა და საკრებულოში წარდგენის ვადას შესაბამის კომისიასთან, მერიასთან და პროექტის ავტორთან შეთანხმებით განსაზღვრავს საკრებულოს ბიურო. სამართლებრივ აქტის პროექტზე უარყოფითი დასკვნა ან დადგენილი ვადის გასვლის შემდეგ დასკვნის არარსებობა არ შეიძლება იყოს დაბრკოლება საკრებულოს სხდომაზე პროექტის განხილვის დაწყებისათვის.

2. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვა ხდება რეგლამენტის 66-ე და ამ მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.

3. დებატების დამთავრების შემდეგ, კენჭისყრამდე, საკრებულოს წევრს, საკრებულოს კომისიას ან საკრებულოს ფრაქციას შეუძლია დააყენოს საკითხი სამართლებრივი აქტის პროექტის კომისიაში ხელახალი დაბრუნების ან სხვა კომისიაში გადაცემის შესახებ, შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ ან საკონსულტაციო შეხვედრის გამართვის შესახებ.

4. შემთანხმებელი ჯგუფი შეიძლება შეიქმნას კენჭისყრის დაწყებამდე ან პროექტზე მუხლობრივი კენჭისყრის დამთავრების შემდეგ საბოლოო კენჭისყრამდე. გადაწყვეტილება შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შესახებ მიიღება საკრებულოს მიერ ღია კენჭისყრით ან საკრებულოს თავმჯდომარის წინადადებით, თუ საკრებულოს არცერთი წევრი არ არის ამის წინააღმდეგი. შემთანხმებელი ჯგუფის შექმნის შემთხვევაში წარმოდგენილ პროექტზე კენჭისყრა გადაიდება საკრებულოს მიერ დადგენილი ვადით. შემთანხმებელ ჯგუფს, როგორც წესი, ხელმძღვანელობს საკრებულოს თავმჯდომარე ან საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე.

5. შემთანხმებელი ჯგუფი საკრებულოს მიერ განსაზღვრულ ვადაში ამზადებს კომპრომისულ წინადადებებს, რომელსაც საკრებულო იხილავს შეზღუდული დებატების წესით. შეთანხმების მიუღწევლობის შემთხვევაში პროექტს კენჭი ეყრება იმ სახით, როგორც იყო ინიციირებული, ხელახალი დებატების გამართვის გარეშე.

6. საკრებულოს მიერ პროექტის უარყოფის შემთხვევაში, მისი შემდგომი განხილვა შეიძლება დაიწყოს მხოლოდ სამი თვის ვადის გასვლის შემდეგ.

7. უარყოფილი პროექტი სამ თვეზე ადრე შეიძლება განმეორებით იქნეს გატანილი ამ რეგლამენტის 108-ე მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში ან, თუ იგი არსებითად გადამუშავდა, რაზედაც გადაწყვეტილებას იღებს საკრებულოს ბიურო.

8. სამართლებრივი აქტის პროექტის განხილვის შემდეგ, თუ მასში ცვლილებები არ იქნა შეტანილი, დაუყოვნებლივ ეწყობა კენჭისყრა. თუ სამართლებრივი აქტის პროექტში მოთხოვნილ იქნა ცვლილების შეტანა, ჯერ კენჭი ეყრება ცვლილების წინადადებას, შემდეგ კი, თუ ეს წინადადება არ იქნა მიღებული – თავდაპირველად წარდგენილ პროექტს. თუ არც ცვლილება იქნა მიღებული და არც თავდაპირველად წარდგენილი ტექსტი, პროექტი უარყოფილად ითვლება.

9. კენჭისყრა ტარდება ამ რეგლამენტის 75-ე და 77-ე მუხლებით დადგენილი წესით.

10. გადაწყვეტილება სამართლებრივი აქტის პროექტის მიღების შესახებ მიიღება, თუ სხდომას ესწრება საკრებულოს წევრთა სრული შემადგენლობის უმრავლესობა. გადაწყვეტილება მიიღება სხდომაზე დამსწრე საკრებულოს წევრთა ნახევარზე მეტით, მაგრამ არანაკლებ საკრებულოს წევრთა სიითი შემადგენლობის ერთი მესამედისა, თუ კანონით სხვა წესი არ არის დადგენილი.
თავი XIII
საკრებულოს სამართლებრივი აქტების გაფორმების წე