1. საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო (შემდგომში – სამინისტრო) არის საქართველოს კონსტიტუციის 54-ე მუხლის მე-4 პუნქტისა და „საქართველოს მთავრობის სტრუქტურის, უფლებამოსილებისა და საქმიანობის წესის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად შექმნილი აღმასრულებელი ხელისუფლების დაწესებულება, რომელიც, მისთვის მინდობილ სფეროში სახელმწიფო მმართველობისა და სახელმწიფო პოლიტიკის განხორციელების უზრუნველსაყოფად, ახორციელებს საქართველოს კანონმდებლობით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებებს.
2. თავისი ამოცანების განხორციელებისას სამინისტრო წარმოადგენს სახელმწიფოს.
3. სამინისტრო თავის საქმიანობას წარმართავს საქართველოს კონსტიტუციის, საერთაშორისო ხელშეკრულებებისა და შეთანხმებების, საქართველოს საკანონმდებლო და კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებისა და ამ დებულების შესაბამისად.
4. სამინისტრო ეფუძნება ერთმმართველობის პრინციპს. სამინისტროს კომპეტენცია დგინდება კანონით და/ან კანონის საფუძველზე გამოცემული საქართველოს მთავრობის დადგენილებით. სამინისტროს უფლება არ აქვს, გადასცეს სხვა სახელმწიფო ან არასახელმწიფო დაწესებულებებს უფლებები და მოვალეობები, თუ საქართველოს კანონმდებლობით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული.
5. სამინისტრო ანგარიშვალდებულია საქართველოს მთავრობის წინაშე და ასრულებს კანონით გათვალისწინებულ ან საქართველოს მთავრობისა და საქართველოს პრემიერ-მინისტრის მიერ კანონის საფუძველზე დაკისრებულ ამოცანებს.
6. სამინისტროს აქვს დებულება, ბეჭედი, საქართველოს სახელმწიფო გერბის გამოსახულებითა და თავისი სახელწოდების აღნიშვნით, დასრულებული ბალანსი, საკუთარი ხარჯთა ნუსხა და სათანადო ანგარიში საქართველოს სახელმწიფო ხაზინაში.
7. სამინისტრო ფინანსდება სახელმწიფო ბიუჯეტიდან და, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, ანგარიშვალდებულია საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ გამოყენებაზე.
8. სამინისტროს შეიძლება, ჰქონდეს ემბლემა. სამინისტროს ემბლემა შეიძლება, გამოყენებულ იქნეს სამინისტროს თანამდებობის პირთა და მოხელეთა სავიზიტო ბარათებზე, სამინისტროს ბეჭდვით გამოცემებსა და სუვენირებზე.
9. სამინისტროს იურიდიული მისამართია: ქ. თბილისი, 0160, ალექსანდრე ყაზბეგის გამზირი №1