1. სამსახური საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. მხარეს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ვიდეოკონფერენცია).
2. ზეპირი მოსმენის შესახებ მხარეებს ეცნობებათ ზეპირ მოსმენამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღით ადრე, კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.
3. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის ზეპირ მოსმენას.
4. საჩივრის ზეპირ მოსმენაზე მდივნის მოვალეობას ასრულებს სამსახურის თანამშრომელი.
5. საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომა შეიძლება წარიმართოს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება სხდომის მონაწილესთან აუდიო-ვიდეოკავშირი და დოკუმენტების პირდაპირ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობა.
6. სხდომაზე (მათ შორის, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით) დამსწრე პირთა ვინაობას ამოწმებს სხდომის მდივანი.
7. სამსახური საჩივარს განიხილავს დახურულ სხდომაზე. სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად მხარეთა წერილობითი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებს.
8. საჩივრის ზეპირ მოსმენას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ხსნის სხდომას და მოახსენებს განსახილველი საქმის შესახებ ასევე საქმის გარემოებებს. სხდომის მდივანი მოახსენებს გამოცხადებულ პირთა ვინაობას ან/და გამოუცხადებლობის მიზეზებს.
9. კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრები უფლებამოსილნი არიან საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადადონ სხდომის ზეპირი განხილვა თუ არსებობს გონივრული, დასაბუთებული და ობიექტური გარემოებები და თუ საჩივრის განხილვის ვადიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია.
10. საქმის მოხსენების შემდგომ მხარეებს ეძლევა დრო საკუთარი არგუმენტაციის წარსადგენად;
11. მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები.
12. სამსახური თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გამოიკვლევენ მტკიცებულებებს. კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს კითხვები.
13. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარეებს განუსაზღვროს გონივრული დრო ზეპირი არგუმენტაციის წარსადგენად.
14. ზეპირ მოსმენაზე მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ გააკეთონ რეპლიკები ან სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევ პირს და გააგრძელოს და დაასრულოს საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.
15. ზეპირი მოსმენით სხდომა იმართება საჩივრების შემოსვლის დროის, რაოდენობისა და მათი განხილვის ვადის გათვალისწინებით.
16. სხდომის მიმდინარეობა აისახება სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომის ჩაწერა მიმდინარეობს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.