საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ

✨ ჰკითხე AI-ს ამ კანონის შესახებ
მიღების თარიღი
ნომერი
№13
სარეგისტრაციო კოდი
280030000.85.099.016013
გამოქვეყნების წყარო
matsne.gov.ge , 16/10/2026

დოკუმენტის ტექსტი

📑 სარჩევი (38 მუხლი)
 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის

დადგენილება №13

2026 წლის 15 ოქტომბერი

ქ. თბილისი

 

საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ
„დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-11 პუნქტის, 378 მუხლის მე-6 პუნქტის, „ნორმატიული აქტების შესახებ“ საქართველოს ორგანული კანონის მე-15 მუხლის პირველი პუნქტის, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს 2026 წლის 15 ოქტომბრის №43 სხდომის ოქმის საფუძველზე, მმართველობითი საბჭო ადგენს:

მუხლი 1
დამტკიცდეს „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულება“ თანდართული სახით.
მუხლი 2
დადგენილება ამოქმედდეს გამოქვეყნებისთანავე.

სსიპ საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარეგრიგორი მორჩილაძე



საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულება

 

 

თავი I

ზოგადი დებულებები

მუხლი 1. დებულების რეგულირების სფერო

1.  ეს დებულება განსაზღვრავს საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის (შემდგომში – ფონდი) დავების განხილვის სამსახურის (შემდგომში – სამსახური) სამართლებრივ სტატუსს, სტრუქტურას, საქმიანობის მიზანსა და პრინციპებს, უფლებამოსილებებს, საჩივრის, განცხადებისა და პრეტენზიის განხილვის, ასევე გადაწყვეტილებისა და შეთანხმების აღსასრულებლად გადაცემის წესს.

2. სამსახური საქმიანობას ახორციელებს საქართველოს კონსტიტუციის, „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონის (შემდგომში – კანონი), ამ დებულებისა და საქართველოს მოქმედი კანონმდებლობის საფუძველზე.

მუხლი 2. სამსახურის სამართლებრივი სტატუსი

1. სამსახური წარმოადგენს საპენსიო ფონდის დამოუკიდებელ ერთეულს, რომელიც ანგარიშვალდებულია მმართველობითი საბჭოს წინაშე.

2. დაუშვებელია სამსახურის საქმიანობაში ჩარევა, მათ შორის, მმართველობითი საბჭოს, აღმასრულებელი დირექტორებისა და საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომლების თუ სტრუქტურული ერთეულების მხრიდან.

მუხლი 3. სამსახურის საქმიანობის პრინციპები

სამსახურის საქმიანობა ეფუძნება სამართლიანობის, გამჭვირვალობის, ობიექტურობის, მხარეთა თანასწორობის, კანონიერების, მიუკერძოებლობის, პროფესიონალიზმის, კონფიდენციალურობის და პერსონალურ მონაცემთა დაცვის პრინციპებს.

მუხლი 4. სამსახურის მიზანი

სამსახურის მიზანია „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 378 და 379 მუხლებით გათვალისწინებული საკითხების კანონიერად და ეფექტურად გადაწყვეტა.

თავი II

სამსახურის მოწყობა და უფლებამოსილებები

მუხლი 5. სამსახურის სტრუქტურა და უფლებამოსილება

1. სამსახურს ხელმძღვანელობს სამსახურის უფროსი. სამსახურის უფროსი არის სამსახურის წარმომადგენელი მესამე პირებთან ურთიერთობაში, ის მონაწილეობს საქმის კოლეგიურად განხილვაში და თავმჯდომარეობს განხილვას.

2. სამსახური „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონის 378 მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საკითხებს განიხილავს კოლეგიურად 3 წევრის შემადგენლობით. კოლეგიურად საკითხს განხილვაში მონაწილეობს სამსახურის უფროსი, უფროსის მოადგილე და კოლეგიის დამატებით ერთი წევრი, რომლებიც საკითხის განხილვისას სარგებლობენ თანაბარი ხმის უფლებით (შემდგომში – ერთობლივად „კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრები„).

3. სამსახურის უფროსს, მოადგილეს და კოლეგიის წევრს ნიშნავს მმართველობითი საბჭო ამ დებულებით დადგენილი წესით. სამსახურის თანამშრომლებს შეარჩევს სამსახურის უფროსი, საპენსიო ფონდის შესაბამისი აქტებით დადგენილი წესით და დასანიშნად წარუდგენს ფონდის გენერალურ დირექტორს. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის ანაზღაურებას განსაზღვრავს მმართველობითი საბჭო. სამსახურის თანამშრომელთა საშტატო ერთეულების რაოდენობა და ანაზღაურება განისაზღვრება მმართველობითი საბჭოს მიერ დამტკიცებული საშტატო ნუსხით.

4. სამსახური უფლებამოსილია განიხილოს მხოლოდ  ის დავები, რომლებიც გამომდინარეობს:

ა) კანონის 22-ე მუხლით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან.

ბ) კანონის 32-ე−341 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან, რომლითაც არ დაკმაყოფილდა ან ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მონაწილის/გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მოთხოვნა პენსიისა და საპენსიო აქტივების დანიშვნისა და გაცემის თაობაზე;

გ) კანონის 37​3 და 37​4 მუხლებით გათვალისწინებული საპენსიო ფონდის გადაწყვეტილებიდან;

დ) შეტყობინებებისა და ინფორმირების სისტემასთან დაკავშირებული მონაწილის პრეტენზიებიდან.

5. ამ მუხლის მე-4 პუნქტით განსაზღვრული უფლებამოსილების განხორციელების მიზნით სამსახური:

ა) იღებს საჩივრებს, განცხადებებს, პრეტენზიებს;

ბ) ამოწმებს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის ფორმალურ და სამართლებრივ  დასაშვებობას კანონითა და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებთან;

გ) უფლებამოსილების ფარგლებში გამოითხოვს და შეისწავლის ინფორმაციას, დოკუმენტებსა და სხვა მასალებს;

დ) საჭიროების შემთხვევაში უზრუნველყოფს დაინტერესებული პირების ან სხვა შესაბამისი პირების მოწვევას ან/და მონაწილეობას განხილვაში;

ე) ახორციელებს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვისათვის საჭირო კანონმდებლობით დადგენილ ქმედებებს;

ვ) ატარებს საჩივარზე, საჭიროების შემთხვევაში განცხადებაზე, პრეტენზიაზე ზეპირ მოსმენას;

ზ) საჩივართან ან პრეტენზიასთან დაკავშირებით იღებს გადაწყვეტილებებს, ბრძანების ფორმით;

თ) დებს შეთანხმებას განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ ან ბრძანებით უარს ეუბნება განმცხადებელს მის დაკმაყოფილებაზე;

ი) ახორციელებს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა უფლებამოსილებებს.

6. სამსახურის მატერიალურ-ტექნიკურ უზრუნველყოფას ახორციელებს საპენსიო ფონდი.

7. სამსახურის უფროსზე, მოადგილეზე, კოლეგიის წევრზე და სამსახურის თანამშრომლებზე ვრცელდება საპენსიო ფონდის შინაგანაწესი და სხვა შიდასამართლებრივი აქტები, თუ ისინი არ ეწინააღმდეგება კანონის VI² თავსა და ამ დებულებას. საპენსიო ფონდის დებულების მე-11 მუხლის მე-6 და მე-7 პუნქტები სამსახურზე არ ვრცელდება.

8. სამსახურის უფროსი, მოადგილე და კოლეგიის წევრი თავის საქმიანობას ახორციელებენ კვალიფიციურად, კანონიერების, დამოუკიდებლობის, მიუკერძოებლობისა და კეთილსინდისიერების პრინციპების დაცვით და ემორჩილებიან მხოლოდ კანონს.

9. სამსახურის უფროსი, მოადგილე, კოლეგიის წევრი და სამსახურის თანამშრომლები ვალდებულნი არიან დაიცვან კონფიდენციალურობისა და პერსონალური მონაცემების დაცვის მოთხოვნები. დაუშვებელია საქმის განხილვის პროცესში მიღებული ინფორმაციის პირადი მიზნებისთვის გამოყენება.

თავი III

სამსახურის ხელმძღვანელობა

მუხლი 6. სამსახურის ხელმძღვანელი

1.  სამსახურის უფროსი:

ა) ხელმძღვანელობს და წარმართავს სამსახურის საქმიანობას, წარმოადგენს სამსახურს მესამე პირებთან ურთიერთობაში ამ დებულებით განსაზღვრული უფლებამოსილების ფარგლებში;

ბ) მონაწილეობს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების კოლეგიურად განხილვაში და წარმართავს/თავმჯდომარეობს საქმის ზეპირი მოსმენის სხდომებს (გარდა ამ დებულებით დადგენილი შემთხვევებისა);

გ) გადაწყვეტილებას (ბრძანებას), შეთანხმებას აღსასრულებლად გადასცემს საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს;

დ) უზრუნველყოფს შემოსულ საქმეთა განაწილებას სამსახურის თანამშრომლებზე მათი კომპეტენციის, კვალიფიკაციისა და სამუშაო დატვირთვის გათვალისწინებით;

ე) უზრუნველყოფს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვის პროცესის სათანადოდ ორგანიზებას;

ვ) საპენსიო ფონდის შიდა აქტებით დადგენილი წესით წარადგენს სამსახურის თანამშრომელთა წახალისებისა და მათთვის დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომების შეფარდების შესახებ რეკომენდაციას;  

ზ) ანაზღაურებისა და ნომინირების კომიტეტს წარუდგენს თანამშრომელთა შეფასების პროცესისათვის საჭირო ინფორმაციას;

თ) მმართველობით საბჭოს წარუდგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის თაობაზე;

ი) საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს გასაცნობად წარუდგენს სამსახურის საქმიანობის თაობაზე ანგარიშს;

კ) საქმიანობაში გამოვლენილი ხარვეზების აღმოფხვრის მიზნით შეიმუშავებს რეკომენდაციებს და წარუდგენს მმართველობით საბჭოს;

ლ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონიდან, ამ დებულებიდან და ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებიდან.

მუხლი 7. სამსახურის უფროსის მოადგილე

1.  სამსახურის უფროსის მოადგილე:

ა) მონაწილეობს ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული საკითხების კოლეგიურად განხილვაში;

ბ) ახორციელებს სამსახურის უფროსის მოვალეობას უფროსის არყოფნისას ან/და სხვა მიზეზით მოვალეობის შესრულების შეუძლებლობის (მათ შორის აცილების) შემთხვევაში, რა დროსაც ასევე თავმჯდომარეობს საქმის განხილვას/ზეპირი მოსმენის სხდომას;

გ) ზედამხედველობას უწევს სამსახურის თანამშრომლების მიერ სამსახურებრივი მოვალეობების შესრულებას, აძლევს მათ შესაბამის მითითებებსა და დავალებებს;

დ) ახორციელებს სხვა უფლებამოსილებებს, რომლებიც გამომდინარეობს „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონიდან, ამ დებულებიდან და ფონდის საქმიანობის მარეგულირებელი აქტებიდან.

მუხლი 8. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის დანიშვნისა და გათავისუფლების  წესი

1. სამსახურის უფროსი, მოადგილე და კოლეგიის წევრი მმართველობითი საბჭოს მიერ შეირჩევა და ინიშნება კონკურსის საფუძველზე.

2. სამსახურის უფროსისა და მოადგილის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ 5 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება,  ასევე  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. კოლეგიის წევრის (რომელიც არ არის სამსახურის უფროსი და მოადგილე) თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება საფინანსო, ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით და არანაკლებ 3 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

4. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს  პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ნარკოტიკული ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

5. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს  მმართველობითი საბჭოს წევრი ან/და საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

6. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს  საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი (გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

7. მმართველობითი საბჭო სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის შესარჩევად კონკურსს აცხადებს ელექტრონულად, დასაქმების ვებგვერდ(ებ)ზე ინფორმაციის განთავსებით. კონკურსის გამოცხადებისას საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს განცხადების გამოქვეყნების კონკრეტული პირობები და გამოქვეყნების წესი. კონკურსის ჩატარების პროცესში მმართველობითი საბჭოს ადმინისტრაციულ და პროცედურულ მხარდაჭერას ახორციელებს საპენსიო ფონდის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

8. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის კონკურსის გამოცხადებისას უნდა მიეთითოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო და ასევე სხვა მოთხოვნები, წინაპირობები და ვადები.

9.  განცხადებების მიღების შემდგომ, საპენსიო ფონდის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს წარდგენილი განცხადებების გადარჩევას მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის, რა დროსაც შესაძლებელია განმცხადებელს დაევალოს კონკრეტულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. განცხადებების გადარჩევის შემდგომ მმართველობითი საბჭო ახორციელებს კანდიდატებთან გასაუბრებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

10. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის) საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) კანონმდებლობის ან/და ამ დებულების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ამავე ან სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა).

მუხლი 9. სამსახურის მიერ საჩივრის, განცხადებისა და პრეტენზიის განხილვისა და გადაწყვეტილების მიღების წესი და ფორმა

1. სამსახური ამ დებულების მე-5 მუხლის მე-4 პუნქტით გათვალისწინებულ საჩივარს, განცხადებასა და პრეტენზიას განიხილავს კოლეგიურად. საქმის განხილვასთან დაკავშირებით წამოჭრილი ყველა საკითხის ასევე საბოლოო გადაწყვეტილების მიღება (მათ შორის, შეთანხმების დადება/დადებაზე უარი) ხდება ერთხმად ან არანაკლებ წევრთა სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობით. კოლეგიურად საქმის განმხილველ არცერთ  წევრს უფლება არა აქვს თავი შეიკავოს რომელიმე საკითხის გადაწყვეტისაგან. თუ წევრთა სრული შემადგენლობის უბრალო უმრავლესობითაც ვერ მოხდა გადაწყვეტილების მიღება, მაშინ გადამწყვეტია იმ პირის ხმა, რომელიც თავმჯდომარეობს საქმის კოლეგიურ განხილვას.

2. სამსახური „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონის 3714 მუხლის მე-2 პუნქტის საფუძველზე მის უფლებამოსილებას მიკუთვნებულ საკითხებზე გადაწყვეტილებას იღებს ბრძანების ფორმით.

მუხლი 10. აცილება/თვითაცილება

1. სამსახურის უფროსმა, მოადგილემ ან/და კოლეგიის წევრმა არ შეიძლება განიხილოს საჩივარი/განცხადება/პრეტენზია ან მონაწილეობა მიიღოს მის  განხილვაში, თუ ის:

ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;

ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა სპეციალისტად ან წარმომადგენლად;

გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;

დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;

ე) მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.

2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ნათესავებად ითვლებიან:

ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;

ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;

გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;

დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.

3. აცილების საფუძვლების არსებობისას სამსახურის უფროსი/უფროსის მოადგილე/კოლეგიის წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს (საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენსა და საპენსიო ფონდს).

4. საჩივრის, განცხადების ან პრეტენზიის წარმდგენი ან საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წერილობით განაცხადოს სამსახურის უფროსის, მოადგილის, კოლეგიის წევრის, საქმის მწარმოებელი თანამშრომლის, სხდომის მდივნის აცილება. აცილების შესახებ მხარის განცხადება განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რომლის შედეგიც ეცნობება მხარეებს. აცილების ან აცილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება ცალკე არ საჩივრდება.

5. სამსახურის უფროსის ან მოადგილის ან კოლეგიის წევრის აცილების საკითხს წყვეტენ სხვა წევრები ამ პირის მონაწილეობის გარეშე. 2 წევრის აცილების საკითხს წყვეტს დარჩენილი ერთი წევრი. კოლეგიურად საქმის განმხილველი ყველა წევრის (სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის) აცილების შემთხვევაში, საკითხს წყვეტს მმართველობითი საბჭო. აცილების საკითხის გადაწყვეტისას, მმართველობითი საბჭოს ორგანიზაციულ და იურიდიულ მხარდაჭერას ახორიციელებენ სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ამზადებენ აცილების შესახებ ბრძანების პროექტს და ხელმოსაწერად გადასცემენ მმართველობით საბჭოს. პროექტთან მიმართებით განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია დაავალოს სამსახურის თანამშრომელს პროექტში ცვლილებების შეტანა.

6. სამსახურის უფროსის ან მოადგილის ან კოლეგიის წევრის ან ყველა მათგანის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც სამსახურს გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის, მმართველობითი საბჭო კონკრეტული საქმის განხილვისათვის ნიშნავს კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების მოვალეობის შემსრულებელს. მოვალეობის შემსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა იყოს საპენსიო ფონდის თანამშრომელი (გარდა მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).

თავი IV

სამსახურის თანამშრომლები

მუხლი 11. სამსახურის თანამშრომლების უფლებამოსილება

1. სამსახურის თანამშრომლები თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ კანონისა და ამ დებულების შესაბამისად.

2. სამსახურის თანამშრომელი:

ა) კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების მითითებით წარმართავს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვის შიდა პროცედურებს, მათ შორის შეისწავლის და ამზადებს საქმეს არსებითად განსახილველად, გამოითხოვს და შეისწავლის საქმისთვის მნიშვნელოვან ინფორმაციას და დოკუმენტაციას;

ბ) ორგანიზებას უწევს ან/და სხდომის მდივნის სტატუსით მონაწილეობს ზეპირი მოსმენის სხდომებში, მათ შორის ამოწმებს გამოცხადებულ პირთა ვინაობას;

გ) ადგენს ზეპირი მოსმენის სხდომის ოქმებს;

დ) ამზადებს გადაწყვეტილებების/ბრძანების, განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შეთანხმების პროექტებს;

ე) უზრუნველყოფს სამსახურის გადაწყვეტილებების/ბრძანების, შეტყობინებების და სხვა დოკუმენტების მხარეთათვის გაგზავნას/ჩაბარებას;

ვ) აწარმოებს საქმის მასალებს, კორესპონდენციასა და შინა დოკუმენტაციას;

ზ) ახორციელებს მმართველობითი საბჭოს მხარდაჭერას ამ დებულების მე-10 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში;

თ) ახორციელებს გადაწყვეტილებების/ბრძანების, განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შეთანხების საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის მონიტორინგის ან აღსრულების მიზნებისთვის გადაცემის ორგანიზაციულ ფუნქციებს;

ი) ახორციელებს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს.

3. სამსახურის თანამშრომელს არ აქვს უფლება მონაწილეობა მიიღოს საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვისათვის მომზადების პროცედურებში, თუ მის მიმართ არსებობს ამ დებულების მე-10 მუხლის პირველი პუნქტით  გათვალისწინებული აცილების საფუძველი, რის შესახებაც იგი ვალდებულია დაუყოვნებლივ წერილობით აცნობოს სამსახურის უფროსს (მმართველობით საბჭოს მე-10 მუხლის მე-5 პუნქტითა და მე-12 მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში). თანამშრომლის აცილების საფუძვლის არსებობისას, სამსახურის უფროსი საქმეს დაუყოვნებლივ გადასცემს სხვა თანამშრომელს.

თავი V

განაწილვადება

მუხლი 12. განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადება (ეტაპობრივი გადახდა)

1. დამსაქმებლის განცხადების საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია განიხილოს დამსაქმებლის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხი და დადოს მასთან შეთანხმება, თუ შეთანხმების დადების დღისთვის დამსაქმებლის მიერ გადასახდელი საპენსიო შენატანისა და მიუღებელი სარგებლის ჯამური თანხა აღემატება 10 000 ლარს, თუმცა არ აღემატება 50 000 ლარს.

2. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება ერთსა და იმავე შენატანისა და სარგებლის ოდენობაზე შესაძლებელია დაიდოს მხოლოდ ერთხელ, არაუმეტეს 18 თვეზე გადანაწილებით. აქტის, რომლითაც განცხადების ავტორს დაკისრებული აქვს განწილვადებული თანხები, აღსრულება შეჩერებულია იმ პერიოდის მანძილზე, როდესაც დამსაქმებელი ასრულებს განაწილვადების შეთანხმების პირობებს და მისი მიხედვით იხდის თანხებს.

3. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ დამსაქმებლის განცხადების მიღების შემდგომ, თუ განმცხადებლის მიმართ არ არსებობს საპენსიო ფონდის გადაწყვეტილება საპენსიო შენატანის განხორციელების ვალდებულების შესრულების მოთხოვნის და მიუღებელი სარგებლის დაკისრების შესახებ, განცხადება დაუყოვნებლივ გადაეცემა საპენსიო ფონდის საქმეთა მონიტორინგზე პასუხისმგებელ სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც კანონით დადგენილი წესით იწყებს დამსაქმებლის მონიტორინგს ხოლო განაწილვადების საკითხი განიხილება მონიტორინგის შედეგად გადაწყვეტილების გამოცემის შემდეგ.

4. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ დამსაქმებლის განცხადება განიხილება, მისი მიღებიდან ან ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, მონიტორინგის დასრულების შესახებ პასუხის მიღებიდან 1 თვის ვადაში.

5. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) განცხადების განსახილველად შესაძლებელია გამოყენებულ იქნეს ამ დებულებით საჩივრის განხილვისათვის დადგენილი პროცედურა ამ დებულების მე-14 მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად.

6. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმება შესაძლებელია დაიდოს, თუ განმცხადებელი წარადგენს მძიმე ქონებრივი მდგომარეობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს.

7. დამსაქმებლის მძიმე ქონებრივი მდგომარეობა შესაძლოა დადასტურდეს საშემოსავლო დეკლარაციის, განმცხადებლის ქონების შესახებ საჯარო რეესტრის ამონაწერის, საბანკო ანგარიშების ამონაწერისა და სხვა მტკიცებულებების საფუძველზე. განმცხადებელს შესაძლოა დაევალოს დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულებების წარდგენა.

8. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ დამსაქმებლის განცხადება არ დაიშვება, თუ საქმეს განიხილავს სასამართლო ან დაწყებულია იძულებითი აღსრულების ღონისძიებები „სააღსრულებო წარმოებათა შესახებ„ საქართველოს კანონის საფუძველზე.

9. დამსაქმებელთან განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმების დადებას  სამსახური ახორციელებს კოლეგიურად ამ დებულების მე-9 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი წესით.

10. თუ გადასახდელი თანხა აღემატება 50 000 ლარს, მაშინ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) საკითხს იხილავს და შეთანხმებას დებს მმართველობით საბჭო. შეთანხმებას ხელს აწერს მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე.

11. ამ მუხლის მე-10 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, განცხადების განხილვისათვის საჭირო პროცედურებს (მათ შორის, დასაშვებობის შემოწმებასთან ან/და ინფორმაციის გამოთხოვასთან ან/და შეთანხების გაფორმებასთან ან/და აღსრულებასთან დაკავშირებულ პროცედურებს) ახორციელებენ სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ამზადებენ  შეთანხმების პროექტს და ხელმოსაწერად წარუდგენენ მმართველობით საბჭოს. პროექტთან მიმართებით განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია დაავალოს სამსახურის თანამშრომელს შეთანხმების პროექტში ცვლილებების შეტანა ან/და დააბრუნოს ის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ პროექტის მოსამზადებლად.

თავი VI

აღსრულება

მუხლი 13. გადაწყვეტილებისა (ბრძანების) და შეთანხების  აღსრულების წესი

1. სამსახურის მიერ მიღებული კანონიერ შესული გადაწყვეტილება/ბრძანება (რომელიც საჭიროებს აღსრულებას) აღსასრულებლად გადაეცემა საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, რომელიც პასუხისმგებელია ფონდის გადაწყვეტილებების აღსრულებაზე. გადაწყვეტილება (ბრძანება) შეთანხმება აღსრულდება კანონისა და საპენსიო ფონდის დებულების შესაბამისად.

2. განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) თაობაზე შეთანხმების შესრულების მონიტორინგს ახორციელებს საქმეთა მონიტორინგზე პასუხისმგებელი საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეული. დამსაქმებლის მიერ განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) თაობაზე შეთანხმების პირობების დარღვევის შემთხვევაში, საპენსიო ფონდის შესაბამისი გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ მიექცევა აღსასრულებლად, კანონისა და ფონდის დებულების შესაბამისად.

3.  საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურული ერთეული, სამსახურის მიერ მიღებული კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (ბრძანების) საფუძველზე, ასევე ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ შემთხვევაში, კანონის თანახმად გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე ახორციელებს მისი აღსრულებისათვის კანონმდებლობითა და ფონდის შიდა აქტებით დადგენილ ღონისძიებებს.

თავი VII

საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის განხილვა

მუხლი 14. საჩივრის განხილვის წესი და გასაჩივრება

1. საჩივრის მიღების, დასაშვებობის, განხილვის, გადაწყვეტილების/ბრძანების მიღებისა და მხარეთა ინფორმირების წესი განისაზღვრება კანონითა და ამ დებულებით.

2. განცხადებისა და პრეტენზიის განხილვისათვის გამოიყენება ამ თავით დადგენილი წესები სრულად ან ნაწილობრივ, განცხადების ან პრეტენზიის განხილვის თავისებურების გათვალიწინებით. განცხადების ან პრეტენზიის განხილვისათვის არ არის სავალდებულო ზეპირი მოსმენის გამართვა, თუ საქმის ობიექტურად და სრულყოფილად განხილვის ინტერესი ამას არ მოითხოვს.  

3. სამსახურში საჩივრის/განცხადების წარდგენა აჩერებს გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (გადაწყვეტილების) აღსრულებას საჩივრის/განცხადების რეგისტრაციის მომენტიდან.

4. საპენსიო ფონდის გადაწყვეტილების გასაჩივრება არ აჩერებს მონაწილის მიუღებელი სარგებლის დარიცხვას.

5. „დაგროვებითი პენსიის შესახებ“ საქართველოს კანონის 3711 მუხლის მე-4 პუნქტის საფუძველზე, სამსახური უფლებამოსილია გააგრძელოს საჩივრის განხილვა მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ საჩივარს არ ერთვის საპენსიო ფონდის გასაჩივრებული ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტი ან საჩივარში მითითებული არ არის საჩივრის წარმდგენის ელექტრონული ფოსტის მისამართი ან ტელეფონის ნომერი. ამ შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულიდან თავად გამოითხოვოს გასაჩივრებული აქტი და გააგრძელოს საჩივრის განხილვა.

6. საჩივრის წარმდგენს კანონის შესაბამისად უფლება აქვს დავის წარმოების ნებისმიერ ეტაპზე, აგრეთვე სამსახურისთვის მიმართვამდე, პირდაპირ მიმართოს სასამართლოს.

7. სამსახურის გადაწყვეტილება (ბრძანება) საჩივრდება საჩივრის წარმდგენისათვის მისი ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში, საერთო სასამართლოებში.

მუხლი 15. საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის ფორმა, შინაარსი და წარდგენის საშუალება

1. სამსახურში საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა ხდება წერილობით (მატერიალური ან ელექტრონული ფორმით). საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის ელექტრონული ფორმით წარდგენა არ გამორიცხავს სამსახურის უფლებამოსილებას, საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენს მოსთხოვოს მატერიალური დოკუმენტაციის წარდგენა.

2. სამსახურში საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა შესაძლებელია განხორციელდეს სამსახურის მიერ შემუშავებული ფორმით. ფორმის დაუცველად საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარდგენა არ შეიძლება გახდეს მისი მიღებაზე უარის თქმის საფუძველი.

3. ელექტრონულად წარდგენილ საჩივარზე, განცხადებაზე, პრეტენზიაზე ხელმოწერა უნდა იყოს განხორციელებული უფლებამოსილი პირის კვალიფიციური ელექტრონული ხელმოწერით, „ელექტრონული დოკუმენტისა და ელექტრონული სანდო მომსახურების შესახებ„ საქართველოს კანონით დადგენილი წესით.

4. საჩივარი, განცხადება, პრეტენზია უნდა შეიცავდეს შემდეგ მონაცემებს:

ა)  სამსახურის დასახელებას;

ბ) საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენის ვინაობას/დასახელებას, პირად ნომერს/საიდენტიფიკაციო მონაცემებს, მისამართს და საკონტაქტო ინფორმაციას (ელექტრონული ფოსტის მისამართი, ტელეფონის ნომერი, ფაქტობრივი მისამართი);

გ)  საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენის მოთხოვნას;

დ) საჩივრის შემთხვევაში, იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) რეკვიზიტებს (გამოცემის თარიღი, აქტის/ოქმის ნომერი, გამომცემი თანამდებობის პირი), რომლის გაუქმებას/ბათილად ცნობასაც მოითხოვს საჩივრის წარმდგენი. განცხადების შემთხვევაში იმ ინდივიდუალური ადმინისტრაციული აქტის რეკვიზიტებს (გამოცემის თარიღი, აქტის/ოქმის ნომერი, გამომცემი თანამდებობის პირი), რომლის საფუძველზეც პირს დაეკისრა საპენსიო შენატანი და მიუღებელი სარგებელი;

ე) მითითებას იმ ფაქტობრივ  გარემოებებზე, რასაც ემყარება საჩივარი, განცხადება თუ პრეტენზია;

5. საჩივარში შესაძლოა მითითებული იქნეს ის სამართლებრივი წინაპირობები, რომლის საფუძველზეც საჩივრის წარმდგენი ითხოვს აქტის გაუქმებას.

6. საჩივარს, განცხადებას, პრეტენზიას უნდა დაერთოს უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტი (პირადობის მოწმობა, ამონაწერი რეესტრიდან და ა.შ.), ასევე კანონმდებლობით დადგენილი წესით გაცემული მინდობილობა, თუ საჩივრის წარდგენა განახორციელა წარმომადგენელმა.

7. დამსაქმებლის მიერ განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ განცხადებას უნდა დაერთოს ამ დებულების მე-12 მუხლის მე-7 პუნქტში მითითებული მტკიცებულებები.

მუხლი 16. საჩივრის წარდგენის ვადა

1. სამსახური წარმოებაში იღებს დამსაქმებლის, დასაქმებულის, მონაწილის, პენსიის მიმღების, გარდაცვლილი მონაწილის მემკვიდრის მიერ წარდგენილ, მხოლოდ დაგროვებითი პენსიის შესახებ საქართველოს კანონის 378 მუხლით გათვალისწინებულ საჩივარს/პრეტენზიას. საჩივრის წარდგენის ვადაა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის (მათ შორის, ელექტრონული საჯარიმო ქვითრის) ჩაბარებიდან 30 კალენდარული დღე.

2. ვადის გასვლის შემდეგ საჩივრის წარდგენა დასაშვებია, თუ:

ა) ვადის გაშვება მოხდა დაუძლეველი ძალის (ფორსმაჟორის) გამო ან საჩივრის წარმდგენისგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზით (რაც უნდა დასტურდებოდეს შესაბამისი მტკიცებულებით);

ბ) არსებობს ახლად აღმოჩენილი ან ახლად გამოვლენილი გარემოებები, რომლებიც საჩივრის წარმდგენმა საპენსიო ფონდის მიერ შესაბამისი გადაწყვეტილების მიღებამდე არ იცოდა და არც შეიძლებოდა სცოდნოდა და რომელთა შესახებ ინფორმაციის დროულად წარდგენა მისთვის ხელსაყრელი გადაწყვეტილების მიღებას გამოიწვევდა.

3. გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ წერილობითი განცხადების წარდგენა შესაძლებელია ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ა„ ქვეპუნქტში მითითებულ გარემოებათა აღმოფხვრიდან ან ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში გარემოებების გამოვლენიდან არაუგვიანეს 15 დღისა. განცხადებას უნდა დაერთოს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც ადასტურებენ ვადის გაშვების შესაბამისი საფუძვლის არსებობას.

4. სამსახური განცხადებას გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ განიხილავს 5 სამუშაო დღის ვადაში. სამსახური უფლებამოსილია ამ თავით დადგენილი წესით განცხადებაზე დაადგინოს ხარვეზი.

5. განცხადების განხილვის შემდგომ სამსახური იღებს ერთ-ერთ  შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) განცხადების დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

ბ) განცხადების დაკმაყოფილებისა და გაშვებული ვადის აღდგენის შესახებ, რა დროსაც სამსახური განმცხადებელს აღუდგენს ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ გასაჩივრების ვადას.

6. სამსახური ვადის აღდგენის შესახებ განცხადებას განიხილავს მხარეთათვის შეუტყობინებლად.

7. ამ მუხლის მე-2 პუნქტის „ბ„ ქვეპუნქტში მითითებულ შემთხვევაში, ვადის აღდგენის შესახებ განცხადების შეტანა დაუშვებელია, თუ აქტის კანონიერ ძალაში შესვლიდან გასულია 1 წელზე მეტი.

8 ვადის აღდგენაზე უარის თქმის შესახებ სამსახურის ბრძანება შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში კანონმდებლობით დადგენილი წესით.

9. ვადის აღდგენის შემთხვევაში, აქტის მოქმედება შეჩერდება ვადის აღდგენის შესახებ სამსახურის ბრძანების კანონიერ ძალაში შესვლიდან, რაც წარმოადგენს დაწყებული აღსრულების შეჩერების საფუძველს. თუ ვადის აღდგენის შესახებ ბრძანების მიღების მომენტისათვის აქტი აღსრულებულია, ეს არ გამოიწვევს აქტის აღსრულების შებრუნებას.

მუხლი 17. საჩივრის მიღება, განაწილება და დასაშვებობის შემოწმება

1. სამსახურის უფროსი დასაშვებობის შემოწმების მიზნით საჩივარს, მისი რეგისტრაციიდან არა უგვიანეს 2 სამუშაო დღისა, ანაწილებს სამსახურის თანამშრომელზე, რომელიც კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების ზედამხედველობით ამოწმებს საჩივრის დასაშვებობას.

2. საჩივრის დასაშვებობა მოწმდება საჩივრის რეგისტრაციიდან 5 სამუშაო დღის ვადაში.

3. თუ საჩივარი არ აკმაყოფილებს დასაშვებობის პირობებს, მაშინ სამსახურის თანამშრომელი ამზადებს ხარვეზის შესახებ ბრძანების პროექტს, რომელიც ხელმოწერის შემდგომ ეგზავნება საჩივრის ავტორს კანონის 37​15 მუხლით გათვალისწინებული წესით. ხარვეზის შესახებ ბრძანების საფუძველზე საჩივრის წარმდგენს განესაზღვრება არანაკლებ 5 სამუშაო დღის ვადა ხარვეზის შესავსებად. ხარვეზის შესახებ ბრძანებაში უნდა იყოს მითითებული, კონკრეტულად რა ხარვეზი დაუდგინდა საჩივრის წარმდგენს. ხარვეზის შესახებ ბრძანებაში განმარტებული უნდა იქნეს ხარვეზის დადგენილ ვადაში და წესით შეუვსებლობის სამართლებრივი შედეგი.

4. დასაშვებობის შემოწმებისას სამსახური ამოწმებს საჩივრის ავტორის მიერ საჩივრის წარდგენის უფლებამოსილებას და ამ დებულების მე-15 მუხლში მითითებულ ინფორმაციას ასევე იმ მტკიცებულებების არსებობას, რომელიც საჩივარში არის აღნიშნული/მითითებული.

5. თუ დადგენილ ვადაში საჩივრის წარმდგენი არ შეავსებს ხარვეზს, საჩივარი აღარ განიხილება, რის თაობაზეც ეცნობება მხარეებს კანონის“ 37​15 მუხლით დადგენილი წესით.

6. ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის გაგრძელება დასაშვებია საჩივრის წარმდგენის მოტივირებული შუამდგომლობით ერთჯერადად, არაუმეტეს 10 სამუშაო დღით. შუამდგომლობა წარდგენილი უნდა იქნეს ხარვეზის შესავსებად განსაზღვრული ვადის ამოწურვამდე. შუამდგომლობა უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს ხარვეზის შევსების შეუძლებლობის ობიექტურ გარემოებებზე მითითებას შესაბამისი მტკიცებულებების წარდგენით.

7. დასაშვებობის შემოწმება არ გულისხმობს საჩივრის წარმდგენის მოთხოვნის არსებით შეფასებას ან/და განხილვას.

მუხლი 18. საჩივრის განხილვაზე უარის თქმა ან  წარმოების შეწყვეტა

1. სამსახური საჩივარს არ განიხილავს:

ა) თუ საჩივარში დასმული საკითხი სცილდება სამსახურის კომპეტენციას;

ბ) თუ საჩივარი  თავდაპირველად ან განმეორებით წარადგინა არაუფლებამოსილმა პირმა;

გ) თუ გავიდა საჩივრის წარდგენისთვის კანონით დადგენილი ვადა და არ არსებობს მისი აღდგენის საფუძვლები;

დ) თუ საჩივრის წარმდგენმა სამსახურის მიერ განსაზღვრულ ვადაში არ გამოასწორა შესაბამისი ხარვეზი;

ე) თუ არსებობს იმავე დავის საგანზე სამსახურის ან სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილება;

ვ) თუ სამსახურის ან სასამართლოს წარმოებაშია საქმე იმავე საგანზე და იმავე საფუძვლით;

ზ) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

2. სამსახური საჩივარზე შეწყვეტს წარმოებას:

ა) თუ საჩივრის წარმდგენმა წერილობით განაცხადა უარი საჩივარზე (საკითხის განხილვაზე) ან/და საჩივრის წარმდგენს არ აქვს საჩივრის განხილვის იურიდიული ინტერესი;

ბ) თუ დავის საგანი არ არსებობს, მათ შორის ადმინისტრაციული სახდელისგან გათავისუფლების შესახებ საქართველოს კანონის მიღების შემთხვევაში და ამ კანონის შესაბამისად;

გ) თუ საჩივრის წარმდგენი ფიზიკური პირი გარდაიცვალა ან საჩივრის წარმდგენი იურიდიული პირი ლიკვიდირებულ იქნა და სადავო სამართლებრივი ურთიერთობა უფლებამონაცვლეობას არ უშვებს;

დ) თუ არსებობს შეთანხმება განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ;

ე) საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა შემთხვევაში.

3. სამსახური საჩივრის განსახილველად მიღების შემდგომ ან/და საჩივრის მიღებისათვის დადგენილი ვადის გაშვების შემთხვევაში, საჩივრის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე შეწყვეტს წარმოებას, თუ გამოვლინდება ამ მუხლის პირველი ან მე-2 პუნქტებით გათვალისწინებული საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის ან შეწყვეტის საფუძვლები.

4. სამსახურის ბრძანება საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის თაობაზე უნდა იყოს დასაბუთებული და უნდა შეიცავდეს საჩივრის მიღებაზე უარის თქმის ან წარმოების შეწყვეტის კონკრეტულ საფუძვლებს.

5. საჩივრის მიღებაზე უარის თქმის შესახებ ან წარმოების შეწყვეტის შესახებ ბრძანება მხარეებს ჩაბარდება  კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.

6. საჩივრის წარმდგენს უფლება აქვს, სამსახურის მიერ გადაწყვეტილების მიღებამდე ნებისმიერ დროს წერილობით გამოიხმოს საჩივარი, რა დროსაც საჩივარი დარჩება განუხილველი.

მუხლი 19. საჩივრის მიღება და საქმის განსახილველად მომზადება

1. თუ საჩივარი აკმაყოფილებს კანონითა და ამ დებულებით დადგენილ მოთხოვნებს ან საჩივრის წარმდგენმა დადგენილ ვადაში შეავსო ხარვეზი, საჩივარი მიჩნეულ იქნება დასაშვებად და გაგრძელდება მისი განხილვის პროცედურები, რის თაობაზეც ეცნობება საჩივრის ავტორს  კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.

2. სამსახური საქმის სრულყოფილად და ობიექტურად გამოკვლევის მიზნით ყველა/შესაბამისი ორგანოდან, სტრუქტურული ერთეულიდან, პირიდან გამოითხოვს საქმესთან დაკავშირებულ ინფორმაციასა და დოკუმენტაციას. შესაბამისი პირი ვალდებულია შეასრულოს დავების განხილვის სამსახურის მოთხოვნა ინფორმაციის მიწოდების თაობაზე.

3. ინფორმაციის მიწოდებაზე უარის თქმის ან მოთხოვნის შეუსრულებლობის შემთხვევაში სამსახური უფლებამოსილია იმოქმედოს კანონის 37⁸-ე მუხლის მე-5 პუნქტისა და საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის შესაბამისად.

მუხლი  20. საქმეთა გაერთიანება

1. სამსახური უფლებამოსილია თავისი ინიციატივით ან საჩივრის წარმდგენის მოთხოვნით გააერთიანოს საჩივრები, თუ გასაჩივრებული აქტები ეხება ერთი და იგივე პირს.

2. საქმეთა გაერთიანების შემთხვევაში საქმის განხილვის ვადები განისაზღვრება უფრო ადრე მიღებული საჩივრის მიხედვით. თუ საქმეთა გაერთიანების შემთხვევაში რომელიმე საჩივარზე განხილვის ვადის დაცვა შეუძლებელია, მაშინ საჩივრების განხილვა უნდა მოხდეს დამოუკიდებლად.

მუხლი 21. საჩივრის განხილვის ვადა

1. სამსახური საჩივარს განიხილავს და გადაწყვეტილებას (ბრძანებას) იღებს საჩივრის წარმოებაში მიღებიდან 30 დღის ვადაში, მხოლოდ საჩივრით გათვალისწინებული მოთხოვნის ფარგლებში. სამსახური უფლებამოსილია საჩივრის შინაარსისა და სპეციფიკის, აგრეთვე დავის მსვლელობისა და მოსაკვლევი საკითხის გათვალისწინებით, მიიღოს შუალედური გადაწყვეტილება და ეს ვადა დამატებით არაუმეტეს 3 თვით გააგრძელოს. სამსახური აღნიშნული ვადის გაგრძელების შესახებ ატყობინებს მხარეებს.

2. სამსახურის მიერ ამ მუხლის პირველი პუნქტით დადგენილი ვადის დარღვევა ნიშნავს საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმას. ეს უარი  კანონით დადგენილი წესით შეიძლება გასაჩივრდეს სასამართლოში. ვადის დარღვევით მიღებული გადაწყვეტილების გასაჩივრების ვადა აითვლება მისი საჩივრის წარმდგენისთვის ჩაბარებიდან.

მუხლი 22. მხარეთა უფლებები

1. საქმის განხილვის ეტაპზე მხარე უფლებამოსილია გაეცნოს ადმინისტრაციული წარმოების მასალებს, გარდა იმ მასალებისა, რომლებიც წარმოადგენს უშუალოდ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადებასთან დაკავშირებულ, შიდაუწყებრივი ხასიათის დოკუმენტაციას, მიიღოს ასლები, მიიღოს სხდომის ოქმის ასლი, მონაწილეობა მიიღოს საჩივრის ზეპირ მოსმენაში ან/და წარადგინოს საკუთარი პოზიცია და მტკიცებულებები, გაასაჩივროს აქტები დადგენილი წესით, დააყენოს ამ დებულებით გათვალისწინებული შუამდგომლობები, მიიღოს გადაწყვეტილებები (ბრძანებები), დაუსვას შეკითხვები მოწმეებს, სპეციალისტებს.

2. საჩივრის წარმდგენი საქმის განხილვისას, მათ შორის, ზეპირი მოსმენისას უფლებამოსილია წარმოდგენილი იყოს როგორც პირადად, ისე კანონმდებლობის შესაბამისად დანიშნული უფლებამოსილი წარმომადგენლის საშუალებით.

მუხლი 23. საჩივრის ზეპირი მოსმენა

1. სამსახური საჩივარს განიხილავს ზეპირი მოსმენით. მხარეს უფლება აქვს, სხდომას დაესწროს დისტანციურად, ტექნიკური საშუალების გამოყენებით (ვიდეოკონფერენცია).

2. ზეპირი მოსმენის შესახებ მხარეებს ეცნობებათ ზეპირ მოსმენამდე არაუგვიანეს 7 სამუშაო დღით ადრე, კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.

3. მხარეთა გამოუცხადებლობა არ აბრკოლებს საქმის ზეპირ მოსმენას.

4. საჩივრის ზეპირ მოსმენაზე მდივნის მოვალეობას ასრულებს სამსახურის თანამშრომელი.

5. საჩივრის ზეპირი მოსმენის სხდომა შეიძლება წარიმართოს ვიდეოკონფერენციის მეშვეობით, თუ უზრუნველყოფილი იქნება სხდომის მონაწილესთან აუდიო-ვიდეოკავშირი და დოკუმენტების პირდაპირ რეჟიმში გაცვლის შესაძლებლობა.

6. სხდომაზე (მათ შორის, ვიდეოკონფერენციის მეშვეობით) დამსწრე პირთა ვინაობას ამოწმებს სხდომის მდივანი.

7. სამსახური საჩივარს განიხილავს დახურულ სხდომაზე. სხდომა შეიძლება გამოცხადდეს ღიად მხარეთა წერილობითი თანხმობით, თუ ეს არ ეწინააღმდეგება პერსონალურ მონაცემთა დაცვისა და კონფიდენციალურობის მოთხოვნებს.

8.  საჩივრის ზეპირ მოსმენას წარმართავს სხდომის თავმჯდომარე, რომელიც ხსნის სხდომას და მოახსენებს განსახილველი საქმის შესახებ ასევე საქმის გარემოებებს. სხდომის მდივანი მოახსენებს გამოცხადებულ პირთა ვინაობას ან/და გამოუცხადებლობის მიზეზებს. 

9. კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრები უფლებამოსილნი არიან საკუთარი ინიციატივით ან მხარეთა შუამდგომლობით გადადონ სხდომის ზეპირი განხილვა თუ არსებობს გონივრული, დასაბუთებული და ობიექტური გარემოებები და თუ საჩივრის განხილვის ვადიდან გამომდინარე ეს შესაძლებელია.

10. საქმის მოხსენების შემდგომ მხარეებს ეძლევა დრო საკუთარი არგუმენტაციის წარსადგენად;

11. მხარეებს უფლება აქვთ დაუსვან ერთმანეთს შეკითხვები.

12. სამსახური თავისი ინიციატივით ან შესაბამისი მოთხოვნის საფუძველზე გამოიკვლევენ მტკიცებულებებს. კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრები უფლებამოსილნი არიან ნებისმიერ დროს დაუსვას მხარეებს კითხვები.

13. სხდომის თავმჯდომარე უფლებამოსილია მხარეებს  განუსაზღვროს გონივრული დრო ზეპირი არგუმენტაციის წარსადგენად.

14. ზეპირ მოსმენაზე მყოფი პირები ვალდებულნი არიან, დაემორჩილონ სხდომის თავმჯდომარის მითითებებს, დაიცვან წესრიგი, არ გააკეთონ რეპლიკები ან სხვაგვარად არ შეუშალონ ხელი სხდომის ნორმალურ მიმდინარეობას. სხდომის თავმჯდომარეს უფლება აქვს, დაატოვებინოს სხდომა წესრიგის დამრღვევ პირს და გააგრძელოს და დაასრულოს საქმის განხილვა მისი მონაწილეობის გარეშე.

15. ზეპირი მოსმენით სხდომა იმართება საჩივრების შემოსვლის დროის, რაოდენობისა და მათი განხილვის ვადის გათვალისწინებით.

16. სხდომის მიმდინარეობა აისახება  სხდომის ოქმში, რომელსაც ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და სხდომის მდივანი, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც სხდომის ჩაწერა მიმდინარეობს ტექნიკური საშუალების გამოყენებით.

მუხლი 24. სპეციალისტის, თარჯიმნის მოწვევა

1. საქმის გარემოებებიდან გამომდინარე, სხდომაზე შეიძლება მიწვეულ იქნეს სპეციალისტი ან/და თარჯიმანი.

2. პირი, რომელიც არ ფლობს სახელმწიფო ენას, ვალდებულია, ზეპირი მოსმენის სხდომაზე უზრუნველყოს შესაბამისი ენის მცოდნე კვალიფიციური თარჯიმნის მონაწილეობა საკუთარი ხარჯითა და პასუხიმგებლობით.

მუხლი 25. ზეპირი მოსმენისას სხდომის ოქმის წარმოება

1. საჩივრის ზეპირი მოსმენისას სხდომის ოქმს ადგენს მდივანი.

2. სხდომის წერილობით ოქმში უნდა აისახოს შემდეგი მონაცემები:

ა) სამსახურის უფროსი და მდივანი, სხდომის ჩატარების ადგილი, თარიღი და საქმის ნომერი;

ბ) სხდომაზე დამსწრე პირთა ვინაობა;

გ) განსახილველი საკითხი;

დ) სხდომის მიმდინარეობა, მათ შორის, მხარეთა განმარტებები, კითხვები, მტკიცებულებათა გამოკვლევა და ა.შ.

ე) სხდომის დასრულების დრო;

ვ) კენჭისყრის შედეგები.

3. სხდომის წერილობით ოქმს ხელს აწერენ სხდომის თავმჯდომარე და მდივანი, რომლიც მონაწილეობს ზეპირ მოსმენაში.

4. ტექნიკური საშუალებით შედგენილი სხდომის ოქმის ელექტრონული ვერსია დაერთვება საქმის მასალებს. ამ შემთხვევაში სხდომის ოქმის წერილობითი ფორმით ჩამოყალიბება არ ხდება.

მუხლი 26. საქმის სრულყოფილად გამოკვლევა, მტკიცებულებები

1. სამსახური ვალდებულია მტკიცებულებები შეაფასოს და გადაწყვეტილება მიიღოს წარმოდგენილი ინფორმაციისა და დოკუმენტების ასევე მხარეთა მოსაზრებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე.

2. არცერთ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი სავალდებულო ძალა და იგი შეფასებულ უნდა იქნეს საქმის არსებითი განხილვის დროს ერთობლიობაში.

მუხლი 27. გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერებისა და დასაბუთებულობის შემოწმება

1.  გასაჩივრებული ადმინისტრაციული აქტის კანონიერების და დასაბუთების შემოწმების მიზნით, სამსახური ამოწმებს/აფასებს:

ა) აქტის გამოცემის სამართლებრივ საფუძველს;

ბ) საქმის ფაქტობრივ გარემოებებს;

გ) ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის დადგენილი პროცედურის დაცვას;

დ) ჩადენილი სამართალდარღვევისა და გამოყენებულ ადმინისტრაციული სახდელის – ჯარიმის პროპორციულობას სამართალდარღვევასთან მიმართებით;

ე) სხვა არსებით საკითხებს.

მუხლი 28. სამსახურის გადაწყვეტილება

1.  საჩივრის განხილვის შედეგად სამსახური იღებს ერთ-ერთ შემდეგ გადაწყვეტილებას:

ა) საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ;

ბ) საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ;

გ) საჩივრის წარმოებაში მიღებაზე უარის თქმის, მისი განუხილველად დატოვების ან საჩივრის განხილვის შეწყვეტის შესახებ.

2. სამსახურის შუალედური გადაწყვეტილება ცალკე არ საჩივრდება. იგი შეიძლება გასაჩივრდეს სამსახურის საბოლოო გადაწყვეტილებასთან ერთად.

მუხლი 29. განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების  (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ შეთანხმება

განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ განცხადების განხილვის შედეგად, სამსახური ან ამ დებულების მე-12 მუხლით გათვალისწინებულ შემთხვევაში მმართველობითი საბჭო განმცხადებელთან დებს განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) შესახებ შეთანხმებას ან იღებს გადაწყვეტილებას განაწილვადების შესახებ შეთანხმების დადებაზე დასაბუთებული უარის თქმის შესახებ.

მუხლი 30. გადაწყვეტილების (ბრძანების) შინაარსი

1. სამსახურის გადაწყვეტილებაში (ბრძანებაში) უნდა მიეთითოს:

ა) განმხილველი და გადაწყვეტილების მიმღები პირების ვინაობა;

ბ) საქმის ნომერი;

გ) ბრძანების მიღების თარიღი;

დ) საჩივრის წარმდგენის შესახებ ინფორმაცია, საიდენტიფიკაციო მონაცემები;

ე) საჩივრის წარმდგენის მოთხოვნა;

ვ) საქმის გამოკვლევის შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებები;

ზ) გამოკვლეული მტკიცებულებები;

თ) სამართლებრივი შეფასება და დასაბუთება;

ი) მიღებული გადაწყვეტილება;

კ) ბრძანების გასაჩივრების ვადა, წესი და სასამართლო, სადაც შესაძლებელია გასაჩივრება.

2. ბრძანების სარეზოლუციო ნაწილი უნდა შეიცავდეს გადაწყვეტილების შემაჯამებელ დასკვნას საჩივრის სრულად ან ნაწილობრივ დაკმაყოფილების ან დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ აგრეთვე ბრძანების გასაჩივრების ვადასა და წესს.

მუხლი 31. გადაწყვეტილების, ბრძანების  ჩაბარება

სამსახურის გადაწყვეტილება (ბრძანება), მათ შორის, საჩივრის განხილვაზე უარის თქმის, განუხილველად დატოვების, წარმოების შეწყვეტისა და ხარვეზის შესახებ ბრძანება, აგრეთვე ამ დებულებით გათვალისწინებული შეტყობინება, საჩივრის წარმდგენს ჩაბარდება კანონის 3715 მუხლით დადგენილი წესით.

მუხლი 32. ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის ხარჯები

1. საჩივრის განხილვისათვის სახელმწიფო ბაჟი ან სხვა გადასახადის გადახდა არ ხდება.

2. ადმინისტრაციულ წარმოებასთან დაკავშირებული ხარჯები ანაზღაურდება საპენსიო ფონდის მიერ, გარდა ამ დებულების 24-ე მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

თავი VIII

საქმის წარმოება

მუხლი 33. საქმის დასრულება/დაარქივება

1. საქმის განხილვის დასრულებისას სამსახურის შესაბამისი თანამშრომელი უზრუნველყოფს:

ა) საქმის მასალების სისრულის შემოწმებას;

ბ) საჩივრის ავტორისა და საპენსიო ფონდისათვის გადაწყვეტილების (ბრძანების) ასევე განცხადების, პრეტენზიის ავტორისათვის შესაბამისად შეთანხმების, გადაწყვეტილების ჩაბარებას;

გ) კანონმდებლობით დადგენილი გასაჩივრების ვადის კონტროლს;

დ) საქმის საპენსიო ფონდის შესაბამისი სტრუქტურული ერთეულისათვის აღსასრულებლად გადაცემის პროცედურებს.

2. დასრულებული საქმის შენახვის ვადა, ფორმა და არქივში გადაცემის წესი განისაზღვრება საქართველოს კანონმდებლობით და საპენსიო ფონდის მიერ დადგენილი წესით.

3. სამსახურის გადაწყვეტილების (ბრძანების), შეთანხმების გასაჩივრების შემთხვევაში, სამსახური ვალდებულია საქმის მასალები სრულად გადასცეს საპენსიო ფონდის შესაბამის სტრუქტურულ ერთეულს, საქმის სასამართლოში წარმოების მიზნებისათვის.

თავი IX

ანგარიშგება

მუხლი 34. სამსახურის ანგარიშგება

1. სამსახურის უფროსი კვარტალში ერთხელ ადგენს ანგარიშს სამსახურის საქმიანობის შესახებ და წარუდგენს მმართველობით საბჭოს. ანგარიში გასაცნობად ეგზავნება ასევე საპენსიო ფონდის გენერალურ დირექტორს.

2. სამსახური აღრიცხავს წარდგენილ საჩივრებს, განცხადებებსა და პრეტენზიებს და უზრუნველყოფს გენერალური დირექტორისათვის იმ მონაცემების მიწოდებას, რომლებიც საჭიროა საქართველოს ეროვნულ ბანკთან მარეგულირებელი წესით დადგენილი ანგარიშგებისათვის.

თავი X

დასკვნითი დებულებები

მუხლი 35. ცვლილებებისა და დამატებების შეტანა

ამ დებულებაში ცვლილებებისა და დამატებების შეტანა ხორციელდება მმართველობითი საბჭოს მიერ ამ დებულების დამტკიცებისათვის საქართველოს კანონმდებლობითა და ფონდის შესაბამისი სამართლებრივი აქტებით დადგენილი წესით.

მუხლი 36. დებულების ძალაში შესვლა

1. წინამდებარე დებულება ძალაში შედის მმართველობითი საბჭოს მიერ მისი გამოქვეყნებისთანავე, გარდა ამ მუხლის მე-2 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

2. განუხორციელებელი საპენსიო შენატანების და მასზე დარიცხული მონაწილის მიუღებელი სარგებლის განაწილვადების (ეტაპობრივი გადახდის) დებულებები ძალაში შედის კანონით დადგენილი წესით 2027 წლის 1 ივნისიდან.

მუხლი 37. პრეტენზიების განხილვის სამსახურიდან მიღებული საჩივრებისა და განცხადებების განხილვა

1. 2026 წლის 24 ივნისიდან 2026 წლის 15 ოქტომბრამდე საჯარო სამართლის იურიდიულ პირში − საქართველოს საპენსიო ფონდში წარდგენილი საჩივრებსა ან/და განცხადებებს სამსახური განიხილავს ამ დებულებით დადგენილი წესითა და ამ დებულების მე-21 მუხლის პირველი პუნქტით დადგენილ ვადაში.

2. სამსახურისათვის გადაცემამდე საჩივრებთან ან/და განცხადებებთან მიმართებით განხორციელებული მოქმედებები ინარჩუნებს იურიდიულ ძალას, თუმცა სამსახურს უფლება აქვს საჩივრის განხილვა გააგრძელოს იმ სტადიიდან, რომელსაც მიზანშეწონილად მიიჩნევს.

თავი XI

გარდამავალი დებულებები

მუხლი 38. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებლის დანიშვნა გარდამავალ პერიოდში

1. სამსახურის საქმიანობის შეუფერხებლად წარმართვის, საჩივრების, განცხადებისა და პრეტენზიების ავტორთა უფლებებისა და განხილვის ვადების დაცვის მიზნით, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია, ამ დებულებით გათვალისწინებული წესითა და პროცედურებით სამსახურის დაკომპლექტებმადე, ამ დებულების დამტკიცებისთანავე ან დამტკიცებიდან გონივრულ ვადაში დანიშნოს/განსაზღვროს სამსახურის უფროსის, მოადგილის და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი და განსაზღვროს მათი შრომის ანაზღაურების ოდენობა. სამსახურის უფროსის, მოადგილის და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებლად შესაძლებელია დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება საფინანსო, ეკონომიური ან/და იურიდიული მიმართულებით და არანაკლებ 3 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

2. ამ მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად დანიშნული სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი უფლებამოსილია განახორციელოს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული ყველა უფლებამოსილება.

3. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის მოვალეობის შემსრულებელი თავიანთ უფლებამოსილებებს ახორციელებენ, ამ დებულების მე-8 მუხლით დადგენილი პროცედურების შესაბამისად სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის დანიშვნამდე.

4. 2027 წლის 1 ივნისამდე სამსახურმა შეიმუშაოს და მმართველობით საბჭოს დასამტკიცებლად წარუდგინოს განუხორციელებელი საპენსიო შენატანის და მიუღებელი სარგებლის განაწილვადების  (ეტაპობრივი გადახდა) შესახებ მეთოდოლოგია.

 


ხშირად დასმული კითხვები

მოქმედებს თუ არა „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
დიახ, სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ ამჟამად ძალაშია. ბოლო კონსოლიდირებული რედაქცია — 15.10.2026.
როდის იქნა მიღებული „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“?
„საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“ მიღებულია 15.10.2026. მიმღები ორგანო — სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარე. დოკუმენტის ნომერი — №13. სარეგისტრაციო კოდი — 280030000.85.099.016013.
სად არის „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“-ის ოფიციალური ტექსტი?
ოფიციალური წყაროა საქართველოს საკანონმდებლო მაცნე (matsne.gov.ge). legali.ge-ზე ტექსტი მოცემულია 15.10.2026 მდგომარეობით.

როგორ დავიმოწმოთ

სსიპ – საქართველოს საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭოს თავმჯდომარის დადგენილება „საჯარო სამართლის იურიდიული პირის – საქართველოს საპენსიო ფონდის დავების განხილვის სამსახურის დებულების დამტკიცების შესახებ“, №13, 15.10.2026, სარეგისტრაციო კოდი 280030000.85.099.016013 (კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026). ხელმისაწვდომია: https://legali.ge/law/7023799/

ოფიციალური ტექსტი — matsne.gov.ge , კონსოლიდირებული რედაქცია 15.10.2026. პრაქტიკა, ისტორია და სხვა ბლოკები შედგენილია ავტომატურად ღია წყაროებიდან და არ წარმოადგენს იურიდიულ კონსულტაციას. როგორ ვადგენთ · შეცდომის შეტყობინება