1. სამსახურის უფროსი, მოადგილე და კოლეგიის წევრი მმართველობითი საბჭოს მიერ შეირჩევა და ინიშნება კონკურსის საფუძველზე.

2. სამსახურის უფროსისა და მოადგილის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი იურიდიული განათლება, არანაკლებ 5 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება,  ასევე  ხელმძღვანელ თანამდებობაზე მუშაობის არანაკლებ 5 წლის გამოცდილება.

3. კოლეგიის წევრის (რომელიც არ არის სამსახურის უფროსი და მოადგილე) თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს საქართველოს მოქალაქე, რომელსაც აქვს უმაღლესი განათლება საფინანსო, ეკონომიკური ან/და იურიდიული მიმართულებით და არანაკლებ 3 წლის პროფესიული სამუშაო გამოცდილება.

4. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი არ შეიძლება იყოს  პირი, რომელიც ნასამართლევია მძიმე ან განსაკუთრებით მძიმე დანაშაულის ჩადენისთვის, ტერორიზმის დაფინანსებისთვის ან/და უკანონო შემოსავლის ლეგალიზაციისთვის, ნარკოტიკული ან სხვა ეკონომიკური დანაშაულის ჩადენისთვის, აგრეთვე პირი, რომლის ქმედებამ ფინანსური ინსტიტუტის გადახდისუუნარობა ან გაკოტრება გამოიწვია.

5. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს  მმართველობითი საბჭოს წევრი ან/და საპენსიო ფონდის აღმასრულებელი დირექტორი.

6. სამსახურის უფროსი, მოადგილე ან კოლეგიის წევრი იმავდროულად არ შეიძლება იყოს  საპენსიო ფონდის სხვა თანამშრომელი (გარდა ამ დებულების მე-9 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა).

7. მმართველობითი საბჭო სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის შესარჩევად კონკურსს აცხადებს ელექტრონულად, დასაქმების ვებგვერდ(ებ)ზე ინფორმაციის განთავსებით. კონკურსის გამოცხადებისას საპენსიო ფონდის მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია განსაზღვროს განცხადების გამოქვეყნების კონკრეტული პირობები და გამოქვეყნების წესი. კონკურსის ჩატარების პროცესში მმართველობითი საბჭოს ადმინისტრაციულ და პროცედურულ მხარდაჭერას ახორციელებს საპენსიო ფონდის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი.

8. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის კონკურსის გამოცხადებისას უნდა მიეთითოს „დაგროვებითი პენსიის შესახებ„ საქართველოს კანონითა და ამ დებულებით გათვალისწინებული საკვალიფიკაციო და ასევე სხვა მოთხოვნები, წინაპირობები და ვადები.

9.  განცხადებების მიღების შემდგომ, საპენსიო ფონდის ადამიანური რესურსების მართვის დეპარტამენტი ახორციელებს წარდგენილი განცხადებების გადარჩევას მოთხოვნებთან შესაბამისობის დადგენისათვის, რა დროსაც შესაძლებელია განმცხადებელს დაევალოს კონკრეტულ ვადაში ინფორმაციის/დოკუმენტაციის დაზუსტება ან/და დამატებითი ინფორმაციის/დოკუმენტაციის წარდგენა. განცხადებების გადარჩევის შემდგომ მმართველობითი საბჭო ახორციელებს კანდიდატებთან გასაუბრებას და იღებს შესაბამის გადაწყვეტილებას.

10. სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის თანამდებობიდან გათავისუფლების (უფლებამოსილების ვადამდე შეწყვეტის) საფუძვლებია:

ა) პირადი განცხადება;

ბ) კანონმდებლობის ან/და ამ დებულების უხეში ან/და სისტემატური დარღვევა;

გ) სასამართლოს მიერ შეზღუდულქმედუნარიანად აღიარება ან მხარდაჭერის მიმღებად ცნობა, თუ სასამართლოს გადაწყვეტილებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული;

დ) საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტა;

ე) მის მიმართ საბოლოოდ გამოტანილი გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლა;

ვ) გარდაცვალება;

ზ) ამავე ან სხვა დაწესებულებაში თანამდებობაზე არჩევა ან დანიშვნა (გარდა სამეცნიერო, პედაგოგიური ან/და შემოქმედებითი საქმიანობისა).