1. სამსახურის უფროსმა, მოადგილემ ან/და კოლეგიის წევრმა არ შეიძლება განიხილოს საჩივარი/განცხადება/პრეტენზია ან მონაწილეობა მიიღოს მის განხილვაში, თუ ის:
ა) ამ საქმეში თვითონ წარმოადგენს მხარეს, ან მხარესთან საერთო უფლებები ან ვალდებულებები აკავშირებს;
ბ) ამ საქმის ადრინდელ განხილვაში მონაწილეობდა სპეციალისტად ან წარმომადგენლად;
გ) მხარის ან მისი წარმომადგენლის ნათესავია;
დ) პირადად, პირდაპირ ან არაპირდაპირ დაინტერესებულია საქმის შედეგით ან თუ არის სხვა ისეთი გარემოება, რომელიც ეჭვს იწვევს მის მიუკერძოებლობაში;
ე) მონაწილეობდა გასაჩივრებული გადაწყვეტილების მიღებაში.
2. ამ მუხლის პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის მიზნებისათვის, ნათესავებად ითვლებიან:
ა) პირდაპირი ხაზის ნათესავი;
ბ) მეუღლე, მეუღლის და-ძმა და პირდაპირი ხაზის ნათესავი;
გ) აღმავალი ხაზის პირდაპირი ნათესავის და-ძმა;
დ) და-ძმა, მათი მეუღლეები და შვილები.
3. აცილების საფუძვლების არსებობისას სამსახურის უფროსი/უფროსის მოადგილე/კოლეგიის წევრი ვალდებულია დაუყოვნებლივ განაცხადოს თვითაცილება, რის შესახებაც დაუყოვნებლივ ეცნობება მხარეებს (საჩივრის, განცხადების, პრეტენზიის წარმდგენსა და საპენსიო ფონდს).
4. საჩივრის, განცხადების ან პრეტენზიის წარმდგენი ან საპენსიო ფონდი უფლებამოსილია, საქმის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე წერილობით განაცხადოს სამსახურის უფროსის, მოადგილის, კოლეგიის წევრის, საქმის მწარმოებელი თანამშრომლის, სხდომის მდივნის აცილება. აცილების შესახებ მხარის განცხადება განხილული უნდა იქნეს დაუყოვნებლივ, რომლის შედეგიც ეცნობება მხარეებს. აცილების ან აცილებაზე უარის თქმის შესახებ ბრძანება ცალკე არ საჩივრდება.
5. სამსახურის უფროსის ან მოადგილის ან კოლეგიის წევრის აცილების საკითხს წყვეტენ სხვა წევრები ამ პირის მონაწილეობის გარეშე. 2 წევრის აცილების საკითხს წყვეტს დარჩენილი ერთი წევრი. კოლეგიურად საქმის განმხილველი ყველა წევრის (სამსახურის უფროსის, მოადგილისა და კოლეგიის წევრის) აცილების შემთხვევაში, საკითხს წყვეტს მმართველობითი საბჭო. აცილების საკითხის გადაწყვეტისას, მმართველობითი საბჭოს ორგანიზაციულ და იურიდიულ მხარდაჭერას ახორიციელებენ სამსახურის თანამშრომლები, რომლებიც ამზადებენ აცილების შესახებ ბრძანების პროექტს და ხელმოსაწერად გადასცემენ მმართველობით საბჭოს. პროექტთან მიმართებით განსხვავებული პოზიციის არსებობის შემთხვევაში, მმართველობითი საბჭო უფლებამოსილია დაავალოს სამსახურის თანამშრომელს პროექტში ცვლილებების შეტანა.
6. სამსახურის უფროსის ან მოადგილის ან კოლეგიის წევრის ან ყველა მათგანის აცილების ან თვითაცილების შემთხვევაში, რომელიც სამსახურს გადაწყვეტილების მისაღებად არაუფლებამოსილს ხდის, მმართველობითი საბჭო კონკრეტული საქმის განხილვისათვის ნიშნავს კოლეგიურად საქმის განმხილველი წევრების მოვალეობის შემსრულებელს. მოვალეობის შემსრულებელი უნდა აკმაყოფილებდეს ამ დებულების მე-8 მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებულ საკვალიფიკაციო მოთხოვნებს. მოვალეობის შემსრულებელი შესაძლოა იყოს საპენსიო ფონდის თანამშრომელი (გარდა მე-8 მუხლის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული პირებისა).
სამსახურის თანამშრომლები